და რა უნდა ვიცოდეთ ცხოველის ბეწვის მიმართ ალერგიაზე ხშირად არის შემთხვევა, როცა ოჯახის ერთ წევრს ძალიან უნდა სახლში ჰყავდეს შინაური ცხოველი, ძაღლი ან კატა, მაგრამ თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავთ. ერთი მხირვ, დასაფიქრებელია ის საკითხი, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ერთ სახლში ძაღლმა და ბავშვმა, ისე, რომ ამით ზიანი არავის მიადგეს. სწორედ ამის გასარკვევად ვეტერინარს, ზოოპარკის კონსულტანტ აკაკი რუაძეს ვესაუბრეთ. რასაკვირველია, ცხოველის მიმართ ალერგიითაც დავინტერესდით.
- ცხოველის მიმართ ალერგიას არ იწვევს ბეწვი, ალერგიის მიზეზი შეიძლება იყოს ცხოველის მიერ გამოყოფილი ცხიმი, ქერტლი და ეს აღიქმება, როგორც ბეწვის ალერგია, თორემ რეალურად ასე არ არის. თუ ადამიანი ოჯახში ცხოველის მიყვანას აპირებს, ჯერ უნდა გაარკვიოს, თავად და მისი ოჯახის პატარა წევრი, ანუ ბავშვი, არის თუ არა ალერგიული მის მიმართ. ამის დასადგენად არსებობს სპეციალური სინჯები, თუმცა სინჯის გარეშეც შეიძლება გამოიკვეთოს ადამიანის ალერგიულობა. ამისათვის საჭიროა, ბავშვი მიიყვანოთ ისეთ ოჯახში, სადაც ძაღლი ან კატა ჰყავთ, პატარას ჰქონდეს კონტაქტი ცხოველთან, ერთი-ორი საათი გაჩერდით იქ და სახლში დაბრუნების შემდეგ თუ ბავშვს დაეწყო ცემინება, რეფლექტორული ხველება, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ალერგიულია და ჯობია, ცხოველი არ მიიყვანოთ სახლში.
- მაგრამ თუ ბავშვი იბადება ისეთ ოჯახში, სადაც უკვე არსებობს ცხოველი, მაშინ?
- როდესაც ბავშვი იბადება ისეთ ოჯახში, სადაც ჰყავთ ცხოველი, არ შეიძლება, მას ალერგია ჰქონდეს. მეტიც, უფროსებში დაფიქსირებულა ფაქტი, ადამიანს ჰქონია ალერგია, ოჯახის ერთი წევრის დაჟინებული თხოვნით მიუყვანიათ ცხოველი, მასთან შეჩვევის შემდეგ კი მას ალერგია გაქრობია.
- როგორ უნდა შევაჩვიოთ ბავშვი ცხოველთან კონტაქტს, როგორ გადავალახინოთ შიში?
- ზოგადად, ბავშვებს ცხოველების არ ეშინიათ, ამიტომ უშიშრად მიდიან მათთან. და რაც უფრო უშიშრად მიდიხარ ცხოველთან, უფრო ნაკლებად საშიშია შენთვის, ამიტომ მთავარია, ბავშვს შიში არ ჩავუნერგოთ.
- როდესაც ცხოველს ბეწვი სცვივა, ეს რამდენად საშიშია მისი პატრონისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის?
- თუ ძაღლი აცრილია დაავადებებზე, დამუშავებულია პარაზიტებზე და ჯანმრთელია, თუ არ აქვს კანის დაავადებები, მაშინ არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ბავშვისთვის.
ციცი ომანიძე