როგორ ხდება დღეს საქართველოში ძიძის შერჩევა და რა უნდა იცოდეს დედამ? დღეს ბევრი დედა იძულებულია, დეკრეტული შვებულების გასვლის შემდეგ მალევე გავიდეს სამსახურში და თვეები პატარა სხვასთან დატოვოს. ზოგიერთებს ამ პრობლემის მოგვარებაში ბებიები ეხმარებიან, თუმცა ყველას არ აქვს ამის ფუფუნება და ამ დროს დგება მწვავედ ძიძის შერჩევის საკითხი.
როგორ ხდება დღეს საქართველოში ძიძის შერჩევა? რამდენიმე ვარიანტს ჩამოგითვლით, მათი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით, მერე სპეციალისტთა რეკომენდაციებსაც მოვუსმინოთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ძიძის შერჩევის დროს.
მაშ ასე:
1. ნაცნობობით - „ჩემს მეგობრის მეგობარს ჰყავდა ეს ძიძა და კმაყოფილი იყო“, ან „კარგი ქალია, ბავშვები უყვარს, უმუშევარია და უძიძებს ბავშვს“. შეიძლება, უბრალოდ შორეული ან ახლო ნათესავი იყოს და ა.შ. უპირატესობა ამ ვარიანტს ის აქვს, რომ ნაცნობ-მეგობრების რეკომენდაციით აყვანილი ძიძა შედარებით სანდოა, თუმცა ბევრი შემთხვევაა, მხოლოდ რეკომენდაცია რომ არ ამართლებს, ან კომპეტენცია აკლია ბავშვის მომვლელს, ან სხვა რაიმე ნაკლი აქვს, რის გამოც მას მალე ემშვიდობებიან.
2. სპეციალური სააგენტოები - არსებობს სააგენტოები, რომლებსაც ჰყავთ კადრები და სთავაზობენ მას კლიენტებს. უპირატესობა ამ ვარიანტს ის აქვს, რომ სააგენტო პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და მშობელი მეტად დაცულია. თუმცა ხშირად სააგენტო თავის პროცენტს იღებს, რითაც ძიძის ფასი იზრდება, და გარდა ამისა, ასეთ დროსაც ბევრი ფაქტი ყოფილა, როცა სააგენტოთი მოძებნილ ძიძას იმედები გაუცრუებია. რასაკვირველია, ყოველთვის ძიძები არ ტყუიან, ხშირად მშობლებსაც ზედმეტი მოთხოვნები ან პრეტენზიები აქვთ.
3. მედიასაშუალებები - არსებობს განცხადებების საიტები და გაზეთები. მათ სპეციალური რუბრიკები აქვთ, სადაც ძიძის პოვნა შეიძლება განცხადების საფუძველზე. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, პირდაპირ ძიძაზე გადიხართ და არა შუამავლებზე. თუ არ მოგეწონათ, უარის თქმა მარტივია. ნაკლოვანება ისევ და ისევ სანდოობაა.
რომელი საშუალებაც არ უნდა აირჩიოთ, ძიძის აყვანამდე მაინც უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე აუცილებელი კრიტერიუმი:
ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, რომ სანამ ძიძას სამუშაოზე აიყვანენ, მას აუცილებლად მოსთხოვონ ცნობები ნარკოლოგიურიდან, ფსიქიატრიულიდან და ვენდისპანსერიდან.
პირველი რამდენიმე დღე შინ უნდა გაატარონ ძიძასთან ერთად და დააკვირდნენ, როგორ მუშაობს, როგორ ეპყრობა ბავშვს, მოსწონს თუ არა ის პატარას.
ასევე ურჩევენ, ხანდახან მოულოდნელად დაბრუნდნენ სახლში და "დაადგნენ თავზე" ძიძას, რომ შეამოწმონ, როგორ არის ის მარტო ბავშვთან, დააკვირდეთ ბავშვს ძიძის წასვლის შემდეგ, ასევე მაშინ, როცა ძიძა მოდის სახლში – როგორი რეაქცია აქვს პატარას.
თუ ლაპარაკი შეუძლია, გამოჰკითხეთ ამბები.
სანამ ძიძა თქვენს ნდობას მოიპოვებს, მაქსიმალურად რთული გამოცდა უნდა გაიაროს და ამის არც უნდა შეგრცხვეთ და არც უნდა მოგერიდოთ – თქვენ ხომ მას ყველაზე სანუკვარს ანდობთ - თქვენს შვილს.