საბოლოოდ ეს ჩვევა ძალიან დამღლელი ხდება დედისთვის... სანამ პატარაა, ხელში აყვანილს ვაძინებთ. მერე "მიწოლის" პერიოდი დგება. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ბავშვებს ისე გაუტკბებათ ხოლმე, 6-7 წლის ასაკშიც კი მოითხოვენ, რომ დედამ დააძინოს და ბოლომდე მასთან დარჩეს. არადა, ხშირად დედები ბავშვების დაძინების შემდეგ უამრავ საქმეს აკეთებენ, ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის იცლიან და ცოტა ხნით განტვირთვას იწყობენ - წიგნი, კომპიუტერი, ტელევიზორი, ყავა და ა.შ. არადა, ბავშვი ისე ეჩვევა დედასთან ერთად დაძინებას, დასასრული არ უჩანს. ამიტომ ჯობია, თავიდანვე მიაჩვიოთ მარტო დაძინებას. წარმოგიდგენთ 7 რეკომენდაციას, რომ ბავშვმა "თავისით" დაიძინოს.
1. შექმენით კომფორტულობისა და უსაფრთხოების განცდა
ბავშვი შეიძლება თვალს ვერ ხუჭავდეს იმის შიშით, რომ რაღაც საშინელება წარმოიდგინა. კარგი იქნება, თუ მის გარშემო მშვიდი და ლამაზი გარემო იქნება. იმ ოთახში დღისთაც უნდა უყვარდეს შესვლა, რომ უფრო ნაცნობი და ახლობელი გახდეს. ასე მარტო დაძინებაზეც დაიყოლიებთ.
2. დააწესეთ ძილისწინა რიტუალი
მიიღოს თბილი აბაზანა, გამოიხეხოს კბილები. შემდეგ წაუკითხეთ - როცა ეს ყველაფერი ჩვევაში გადაუვა, დაძინებისას უფრო უშიშრად იქნება. ამით ბავშვი ფსიქოლოგიურად ემზადება დასაძინებლად და შფოთვის დონეც კლებულობს. დაბლა იწევს სტრესის დონე, ბავშვი შეგუებული იქნება იმ აზრს, რომ ამის შემდეგ უნდა დაიძინოს. თანდათან აღარ გექნებათ მისი მარტო დაძინების პრობლემა, ბავშვიც თანდათან ინტერესით გადის ძილისწინა რიტუალს და თუ რაიმეს გამოტოვებთ, თავად შეგახსენებთ ამის შესახებ.
3. ყურადღების მიმპყრობი საგნები საძინებლიდან გაიტანეთ
მშობლები, რომლებიც ბავშვის დაძინებაზე წუწუნებენ, ხშირად თავად უყურებენ ტელევიზორს და კომპიუტერზე მუშაობენ ბავშვის საძინებელში. არადა, მონიტორის გამოსხივება ბავშვს უფრო აღაგზნებს და ძილიანობას უშლის ხელს. არავითარი ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა საძინებელში არ შეიძლება. ნუ მიაჩვევთ ბავშვს ტელევიზორის ყურებით დაძინებას.
4. თქვენი დასწრება დაძინების პროცესში მინიმუმამდე დაიყვანეთ
გინდათ მარტო დაძინებას მიეჩვიოს? მაშ ნუ მიუწვებით დიდხანს გვერდით და ლაპარაკს ნუ გაუბამთ. გამოდით საძინებლიდან. თუ მაინც ოთახში ყოფნას გთხოვთ, დარჩით, მაგრამ ნუ მიუწვებით. ეცადეთ არც ელაპარაკოთ. აკოცეთ ძილის წინ, მოეფერეთ და შემდეგ ძილი ნებისა უსურვეთ. ეცადეთ თანდათან შეამციროთ ძილის საკითხში ბავშვის თქვენზე დამოკიდებულება.
5. დააწვინეთ ბავშვი საწოლში და უთხარით, რომ ცოტა ხანში დაბრუნდებით
მართლაც მალევე შეაკითხეთ. ეს ინტერვალები 5 წუთიდან თანდათან გაზარდეთ და ერთ-ერთი ინტერვალის დროს მართლაც დაძინებული დაგხვდებათ. თავიდანვე დიდი ხნით ნუ დატოვებთ, თორემ ბავშვი შეშინდება და შეიძლება სულ გამოფხიზლდეს.
6. იყავით თანმიმდევრულნი
თუ ბავშვი შუაღამისას თქვენს ლოგინში მოცოცავს, კვლავ თავის საწოლში დააბრუნეთ. არასოდეს დაუშვათ გამონაკლისი. მხოლოდ ასე მიაჩვევთ თავის საწოლში მარტო წოლას. რაც მეტად დაჰყვებით მის ნებას, მით უფრო შორს გადაიწევს თქვენი მიზანი.
7. კარგი ქმედება წაახალისეთ
ძილისთვის მზადებისას ბავშვს ნება მიეცით აირჩიოს, რას ჩაიცვამს მეორე დღეს ან რას შეჭამს. ამით მიხვდება, რომ თუ დედას დაუჯერებს, ჯილდო ელის. ეს დაძინებასაც ეხება - ანუ თუ უპრობლემოდ დაიძინებს, ეცოდინება, რომ მეორე დღეს რაიმე გასახარელს მიიღებს.