რაც არ უნდა კარგი უთო შეიძინოთ, დროთა განმავლობაში მის ლაპლაპა ფსკერზე ნადები ან ნამწვი ჩნდება რაც არ უნდა კარგი უთო შეიძინოთ, დროთა განმავლობაში მის ლაპლაპა ფსკერზე ნადები ან ნამწვი ჩნდება. არ ღირს ამ ზედაპირით თეთრეულისა და სამოსის გაფუჭება. გთავაზობთ უთოს გაწმენდის 6 მარტივ ხერხს.
1. წმენდა მარილით
მოამზადეთ სწორი ზედაპირი, დააფინეთ ქაღალდის სქელი ხელსახოცი. დაყარეთ მასზე ერთი სუფრის კოვზი მარილი, რაც უფრო მსხვილი იქნება მარილი, მით უკეთესი. ჩართეთ უთო და ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე დააყენეთ. ორთქლსაც ბოლომდე აუწიეთ.
დაიწყეთ მარილზე მისი გასმა. ნადები მარილს მიეკრობა, უთოს ზედაპირი კი გასუფთავდება. უთო მანამ უსვით მარილზე, სანამ ნამწვი მთლიანად არ გასცილდება.
2. წმენდა ძმრითა და მარილით
ქვაბში თანაბარი რაოდენობის ძმარი და მარილი მოათავსეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. მიიღებთ საწმენდ სითხეს, როიმელსაც უსიამოვნო სუნი აქვს, თუმცა უთოს ეფექტურად გაწმენდს.
გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ სითხე. გამოიყენეთ თბილი, თითებზე არ უნდა "გკბენდეთ". წმენდისას ხელთათმანები გამოიყენეთ, რომ ხელებზე სუნი არ აგივიდეთ.
დაასველეთ ჩვარი ამ ხსნარში და შეუდექით ზედაპირის წმენდას. შეგიძლიათ ჯაგრისიც გამოიყენოთ, რომელსაც მეტალის ბოლოები არ ექნება. როცა დაასრულებთ, უთო ჩართეთ და რამდენჯერმე გაუსვით რაიმე ძველ ზედაპირზე.
3. წმენდა ქიმიური საშუალებით
სანამ წმენდას შეუდგებით, ორთქლის რეზერვუარიდან წყალი ბოლომდე გადმოღვარეთ. ჩართეთ და გააცხელეთ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე.
ბრტყელ ზედაპირზე ბამბის ქსოვილის სქელი ფენა დააფინეთ. მოათავსეთ მასზე რომელიმე საწმენდი ნივთიერება. უსვით მასზე ცხელი უთო წრიული მოძრაობებით.
ეცადეთ საწმენდი ნივთიერება თანაბრად მოედოს უთოს მთელ ზედაპირს. როცა წმენდას დაასრულებთ, ზედაპირზე შერჩენილი საწმენდი ნივთიერების ნარჩენები აუცილებლად მოაცილეთ.
4. ფაქიზი წმენდა
თბილ წყალში ჩააწვეთეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ააქაფეთ. ამ სითხეში დაასველეთ ჩვარი და ზედაპირის წმენდას შეუდექით.
ეს ხერხი გასაკუთრებით ტეფლონის ზედაპირიან უთოებს უხდებათ. თუმცა ტეფლონი მალე იკაწრება, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.
5. ორთქლის გამოსასვლელი ხვრელების წმენდა
ხვრელებში დალექილი ნადები ორთქლის თანაბრად გამოსვლას უშლის ხელს. ამიტომ მათი გაწმენდა აუცილებელია. აიღეთ ე.წ. ყურის ჩხირი, დაალბეთ ძმარში ან #1 მეთოდში გამოყენებულ ხსნარში.
დაიწყეთ ხვრელების გასუფთავება. შემდეგ სუფთა ჩხირი აიღეთ და კიდევ ერთხელ გაწმინდეთ.
6. სხვა საშუალებები
სოდა. აურიეთ თანაბარი რაოდენობის სოდა და წყალი, სანამ პასტის კონსისტენციას არ მიიღებს. დაიტანეთ ეს მასა ტილოზე და დაიწყეთ გაწმენდა.
ძმარი. ორთქლის რეზერვუარი თანაბარი რაოდენობის გამოხდილი წყლით შეავსეთ. ჩართეთ უთო და როცა გაცხელდება, ჩართეთ ორთქლი. შემდეგ აიღეთ ბამბის ქსოვილი და ორთქლით აუთოვეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოღვარეთ ეს ხსნარი და ზედაპირი სუფთა პირსახოცით გაასუფთავეთ.
გასაწმენდად შეგიძლიათ, კბილის პასტაც გამოიყენოთ. კარგად გაპასტეთ ზედაპირზე პრობლემური ადგილები და ტილოს დახმარებით გაწმინდეთ.