ამ ნივთმა მის ჯანმრთელ ხერხემალს უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი შვილები კომპიუტერთან უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ. ძალიან მნიშვნელოვანის ამ დროს სწორად ჯდომა და ზურგის გამართულად ჭერა. ამას ვერ გააკონტროლებთ, თუ შესაფერის სავარძელზე არ იჯდება.
როგორ უნდა შევურჩიოთ ბავშვს კომპიუტერთან ჯდომისას მოხერხებული სავარძელი
1. ამ ნივთმა მის ჯანმრთელ ხერხემალს უნდა შეუწყოს ხელი. ამიტომ ის ბავშვის ზურგის ანატომიურ აგებულებაზე უნდა იყოს მორგებული. საზურგე საკმარისად მყარი უნდა იყოს და საიმედოდ იჭერდეს ხერხემალს. დასაჯდომი მომრგვალებული უნდა იყოს, რათა ბავშვს მუხლსუკან ძარღვები არ დაეჭიმოს.
2. ბავშვი სწრაფად იზრდება, ამიტომ სკამს აუცილებლად სიმაღლის სარეგულირებელი მექანიზმი უნდა ჰქონდეს. უკეთესია, თუ საზურგის დახრილობა და დასაჯდომის სიღრმის რეგულირებაც შეიძლება.
3. აუცილებელი პირობა - სავარძელზე ნატურალური ქსოვილი უნდა იყოს შემოკრული, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. ამასთან, ფეხებიც არ ჩაუხურდება. უკეთესი იქნება, თუ მოსახსნელი შალითა იქნება, რომელსაც სურვილისამებრ გარეცხავთ.
4. დღეს საბავშვო ავეჯის ფერების დიდი არჩევანია. ბავშვებს ნათელი, მკვეთრი ფერები მოსწონთ, მით უმეტეს, თუ მათზე ცნობილი მულტპერსონაჟია გამოსახული.
როგორ უნდა მოთავსდეს მოსწავლე სამეცადინო მაგიდასთან
5. სკამის კონსტრუქცია მტკიცე და საიმედო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი სწრაფად გატეხავს და შეიძლება დაშაავდეს კიდეც. ამიტომ კარგად შეამოწმეთ, რომ საყრდენი დეტალები პლასტმასის კი არა, მეტალის იყოს.
6. როგორ წესი, ბავშვის სკამებს სახელურები არ აქვს. ეს იმიტომ, რომ ბავშვის ზურგის კუნთები უკეთ გამაგრდება, თუ ხელებს არ დაეყდნობა. თუმცა სახელურიანი მოდელებიც არსებობს, რომლებიც ასევე ხელს უწყობს გამართულ ხერხემალს.
7. თუ ბავშვი ხანგრძლივი დროით მაგიდასთან ჯდომას მიჩვეული არ არის, მშობლებმა ჯობია გორგოლაჭებიანი სავარძლის ყიდვისგან თავი შეიკავონ. წინააღმეგ შემთხვევაში ბავშვი მას არა მარტო დანიშნულებისამებრ, არამედ გასართობ ტრანსპორტადაც გამოიყენებს. პატარებისთვის უბორბლო სკამის ყიდვა ჯობია, მოსწავლეებისთვის კი - გორგოლაჭებიანის.
თუმცა რასაკვირველია, მთავარი რეკომენდაციაა, როგორი სავარძელიც არ უნდა ჰქონდეს, მაქსიამლურად მცირე დრო გაატაროს კომპიუტერთან.