ამბობენ, რომ პიტნამ ენერგიის და ფულის მოტანა იცისო როდესაც აგარაკზე ვსაუბრობთ, რატომღაც თვალწინ ინგლისური გაზონი ან ვარდებით და სხვა ეგზოტიკური მცენარეებით მორთული ეზო წარმოგვიდგება. ეს ლამაზია, ვერ შეგედავებით, მაგრამ აბა, ერთი წუთით ეგზოტიკური მცენარეების მაგივრად სამკურნალო ბალახები წარმოიდგინეთ. ვერ წარმოგიდგენიათ? გვინდა დაგარწმუნოთ, რომ აგარაკის მორთვა სამკურნალო ბალახებით და მცენარეებითაც შეიძლება და ეს არა მარტო სასარგებლო იქნება თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის, არამედ ძალიან ლამაზი სანახაობაც.
ყველა ადამიანს ძალიან უყვარს უქმეების აგარაკზე გატარება, ბუნებაში გასვლა. სასიამოვნო სურნელი კი ჩვენი კარგი განწყობის გარანტიაა, თუმცა, დაგვერწმუნეთ, კარგ განწყობას ჯანსაღ ენერგიას თუ დავუმატებთ, თავს კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ. ამაში კი სწორედ ჩვენს მიერ ნახსენები სამკურნალო მცენარეები დაგეხმარებათ. საამოსოდ თქვენს ბაღში ამ ლამაზმა მცენარეებმა უნდა გაიხარონ, რაც, სხვათა შორის, ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ეგზოტიკური ყვავილების გახარება.
გვირილა
დავიწყოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი გვირილით. ეს დეკორატიულო მცენარეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავის ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე. მას ძალიან უყვარს სინათლე და მორწყვა, თუმცა, ზომაზე მეტ ტენიანობას ვერ იტანს. ასე რომ, ის გაშლილ და მზიან ადგილას უნდა განვათავსოთ.
რაც შეეხება გვირილას სამკურნალო თვისებებს, ის ოდითგანვე ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო უებარი საშუალება. იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს, ძალიან კარგად შველის კბილის ტკივილს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
ექინაცეა
ამ მცენარის ერთი შეხედვით უბრალო ყვავილს ადამიანის მონუსხვა შეუძლია.Eეს მცენარე ყვავილობს ივლისის შუაგულიდან სექტემბრამდე. თუ ბაღში ეს მცენარე გაქვთ, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტსაც, რომ ფუტკრებიც ხშირად გესტუმრებიან, რადგან ექინაცეა თაფლის მცენარეა. ეს მცენარე მეორე წლიდან ყვავილობს, ძალიან უყვარს სინათლე და ვერ ეგუება ოდნავ ჩრდილსაც კი.
ექინაცეა კარგად შველის ჭრილობებს, ანთებით პროცესებს, დამწვრობას. ფართოდ გამოიყენებენ გველისა და მწერების ნაკბენების წინააღმდეგ.
პიტნა
სურნელი, ხასხასა მწვანე ფერი, სისადავე და სილამაზე ამ მცენარის დამახასიათებელი ნიშნებია. პიტნა უძველესი დროიდან ითვლება ერთ-ერთ სამკურნალო მცენარედ მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ეს უებარი სამკურნალო ბალახია, მდიდარია A და C ვიტამინებით, ასევე მარგანეცით. ხშირად მიირთვით პიტნის ჩაი და ნახავთ, როგორ კარგად იგრძნობთ, თავს.
პიტნა საკმაოდ სწრაფად იზრდება და იმდენად სწრაფად ვრცელდება ახლომახლო ტერიტორიაზე, რომ თავისუფლად შეუძლია მეზობელი მცენარის გაძვება. მისი დათესვის დროს ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინეთ და ცალკე გრუნტი გამოუყავით.
სხვათა შორის, ამბობენ, რომ პიტნამ ენერგიის და ფულის მოტანა იცისო.
სალბი
სალბი მრავალწლიან მცენარედ ითვლება, თუმც არსებობს ერთი და ორწლიანი ჯიშებიც. ძველი რომაელები მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებდნენ. სალბს მოიხმარენ კულინარიაშიც.
თქვენს აგარაკზე ეს მცენარე 8 წელი იხარებს და მისი გახარებაც ძალიან ადვილია. ის თესლით მრავლდება. როგორც სამკურნალო ბალახების უმრავლესობას, უყვარს შუქი და სითბო. რკალად შეკრული მოცისფრო-მოიასამნისფრო ყვავილები კი ულამაზესი სანახავია და ნამდვილად შეუძლია ადამიანისთვის ესთეტიური სიამოვნების მინიჭება.
მაიორანი
გარდა იმისა, რომ ეს ულამაზესი მცენარე თავისი ლამაზი ყვავილებით უცილობლად დაამშვენებს თქვენს აგარაკს, პეპლებსაც მრავლად მოიზიდავს თქვენს ლამაზ ეზოში. ამ მცენარეს, სხვებისგან განსხვავებით, ჩრდილი უყვარს. მაიორანის ჩაი კი ნამდვილი ნუგბარია, თან, გამაჯანსაღებელი ნუგბარი.
მაიორანს ოდითგანვე გამოიყენებდნენ მედიცინაში, კულინარიასა და პარფიუმერიაში.
კალენდულა
კალენდულა ხალხში ცნობილია როგორც უებარი ანტისეპტიკური, სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება. მისი სავლების გამოყენება ძალიან ეფექტურია ყელის ტკივილისა და გაციების დროს.
ეს ერთწლოვანი მცენარე თითქმის ყველა სახის ნიადაგსა და პირობებში უპრობლემოდ ხარობს და ულამაზესი ყვავილებიც აქვს.
კატაბალახა, იგივე ვალერიანი
მეცნიერები დღემდე კამათობენ ამ მცენარის სახეწოდების ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით. ერთნი მიიჩნევენ, რომ სახელწოდება უკავშირდება ძველ რომაელ მკურნალს, ვალერიანს, მეორენი კი თვლიან, რომ ეს არის თარგმანი ზმნისა "ვალერე", რაც ნიშნავს "ჯანმრთელად ყოფნას". ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ ეს მცენარე ოდითგანვეა ცნობილი მედიცინაში და მას უძველესი დროიდან გამოიყენებენ. ძირითადად მისი ფესვები გამოიყენება.
სპეციალისტები გვირჩევენ ეს მცენარე ვაშლის ძირში დავრგათ, რადგან ასეთ პირობაში უკეთესად ინარჩუნებს თავის სამკურნალო თვისებებს. კატაბალახას ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს. სიმშრალეს ვერ იტანს. მას აქვს ცისფერი, თეთრი ან წითელი ყვავილები. ბუჩქი დაახლოებით ორ მეტრი სიმაღლის იზრდება.
მოამზადა თამუნა დავითაშვილმა