გვაქვს თუ არა მიზეზი, გვეშინოდეს სალონებში ვიზიტის თბილისში დღესდღეობით, 2 ათასზე მეტი სილამაზის სალონია. გარდა რამდენიმე ბრენდული სალონისა, სადაც ხელსაწყოების სრულფასოვანი სტერილიზაციისათვის საჭირო დანადგარები აქვთ, უმრავლესობა, ძირითადად, მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს იცავს. სახელმწიფოში არ არსებობს სამსახური, რომელიც კოსმეტოლოგიური დაწესებულებების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მომხმარებლის უსაფრთხოება მხოლოდ სალონის მომსახურე პერსონალის სინდისიერებასა და თავად მომხმარებლის "ფხიზელ თვალზეა" დამოკიდებული. თუმცა, დისკომფორტს მსგავსი სიფხიზლეც ქმნის, რადგან თუ სალონში ჰიგიენური ნორმებით დაინტერესდები, ჩათვლიან, რომ პრეტენზიული და ინტრიგანი მომხმარებელი ხარ. ამის გამო, შესაძლებელია, სალონი მომსახურების გარეშეც კი დაგატოვებინონ... ვეცადეთ, გაგვერკვია, გვაქვს თუ არა მიზეზი, გვეშინოდეს სალონებში ვიზიტის. შესაძლებელია თუ არა, ჩვენს ლამაზ ფრჩხილს, წარბს ან ტატუს თან "საჩუქრად" აივ ან ჰეპატიტების ვირუსი მოჰყვეს...
ანანო თავდგირიძე, მომხმარებელი:
"სილამაზის სალონს კვირაში რამდენჯერმე ვაკითხავ, რადგან სხვადასხვა სერვისით ვსარგებლობ. მსმენია, რომ ფრჩხილების გაკეთება დაინფიცირების რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სალონში საკუთარი ხელსაწყოების ნაკრებით დავდივარ. მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ სალონში ვიკითხე, ხდებოდა თუ არა ხელსაწყოების სტერილიზაცია, ინტრიგანად "მომნათლეს"... ამის კულტურაც უნდა არსებობდეს, რომ მსგავსი კითხვების დასმა შეურაცხყოფად არ მიიღონ".
ფატი სანებლიძე, სილამაზის სალონის თანამშრომელი:
"იცით, დეზინფექციას ვაკეთებთ ხოლმე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის მომსახურება ტარდება. არავინ მოგატყუოთ, რომ წარბის პინცეტს დღეში რამდენჯერმე ხარშავს, - გამორიცხულია. მე ორი პინცეტით ვმუშაობ, შეუძლებელია, დღეში რამდენიმე საათი მათ ხარშვას ველოდო... ერთადერთი, რაც მომხმარებლებს შეგვიძლია უსაფრთხოებისთვის შევთავაზოთ - სიმშვიდისთვის საკუთარი ხელსაწყო მოიტანონ."
ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე:
- მოდი, უპირველესად, ტერმინები განვმარტოთ სწორად, რადგან არა მხოლოდ საზოგადოება, ზოგჯერ სამედიცინო პერსონალიც კი არასწორად იყენებს ტერმინებს - შიდსი და აივ-ინფექცია. შიდსი, ეს არის დაავადების ბოლო სტადია, როცა პაციენტს დაავადება უკვე კლინიკურად უვლინდება. როდესაც აივ-ინფექცია ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა და ორგანიზმში მოხვდება, იწვევს შიდსის დაავადებას.
- გასაგებია, ახლა კი სალონებში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების გადაცემის რისკზე ვისაუბროთ...
- რაც შეეხება სილამაზის სალონებში ამ ინფექციის გადაცემის რისკს, ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, რომ ვირუსი ერთი ადამიანისგან მეორეს სალონში მიღებული მომსახურებისას გადაედოს. მამაკაცის წვერის გაპარსვისას შესაძლებელია კანის დაზიანება. გარკვეულწილად, იარსებებს გადადების რისკი, თუ სტილისტი აივ-ინფიცირებულ მამაკაცს ჰპარსავს წვერს და შემდეგ, ძალიან მალე, იგივე საპარსით, ყოველგვარი დამუშავებისა და დეზინფექციის გარეშე ჯანმრთელ მამაკაცს მოემსახურება. ვფიქრობ, ჩვენს სალონებში ამის პრობლემა არ უნდა იყოს.
- დეზინფექცია მთლიანად გამორიცხავს ვირუსის გადადების რისკს?
- თუ დეზინფექცია სწორადაა გაკეთებული, აბსოლუტურად გამორიცხავს ამ რისკს. აივ-ინფექცია რამდენადაც აგრესიულია ორგანიზმში შეჭრის შემდგომ, იმდენად უსუსური და სუსტი ვირუსია გარემოში. ამიტომ აუცილებელია მაგალითად, 70-გრადუსიან სპირტში რამდენიმე საათით ან ქლორამინის 6-პროცენტიან ხსნარში ინსტრუმენტების ჩადება.
- ზოგიერთი სალონის მფლობელის განცხადებით, მათ აქვთ სტერილიზაციის აპარატები, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ აპარატი, რომელიც ჰეპატიტების ვირუსს მთლიანად ანადგურებს, საკმაოდ ძვირად ღირებულია და ამის ფუფუნება მხოლოდ რამდენიმე სალონშია...
- აივ-ისგან განსხვავებით, ჰეპატიტების ვირუსი, როგორც წესი, ბევრად უფრო ძლიერია. ჰეპატიტების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ დეზინფექცია, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. მათი გადაცემის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე აივ-ის. თუმცა, პრაქტიკულად, ესეც გამორიცხულია.
- რაც შეეხება წარბების კორექციას? ხდება ხოლმე, როცა კანი წარბის ამოღებისასაც ზიანდება...
- ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. წარბის ამოღებისას პინცეტზე იმდენად მინიმალური სისხლის რაოდენობა შეიძლება აღმოჩნდეს, გამორიცხულია ერთი ადამიანიდან მეორეს ვირუსი გადაეცეს.
- გამოდის, სისხლის რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აივ-ინფექცია გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სისხლი ჭრილობის შიგნით მოხვდება. წარბის ამოღების შემთხვევაში კი ეს ვერანაირად ვერ მოხდება. წარბის კორექციისას, გარანტიას გაძლევთ, დაინფიცირება არ მოხდება.
- სალონებში დაინფიცირების შემთხვევების სტატისტიკა არსებობს?
- სტატისტიკას შეძლებისდაგვარად, ვაგროვებთ, თუმცა, ოფიციალურად არ არსებობს. შემიძლია გითხრათ, რომ არათუ საქართველოში, მსოფლიოში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომლითაც გაირკვა, რომ დაინფიცირება სწორედ სალონში მოხდა. წარმოიდგინეთ, ადამიანს აქვს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ჩატარებული აქვს სამედიცინო მანიპულაციები. შეუძლებელია, ამ დროს თქვა, რომ დაინფიცირება მაინცდამაინც სალონში მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სალონში დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია, თითქმის ნულის ტოლია.
შორენა ლაბაძე