18 წლამდე ადამიანი მენტალურად ბავშვია, ამიტომაც ასეთი მკაცრი მიდგომა საქორწინო ასაკთან დაკავშირებით გამართლებულია 2015 წელს პარლამენტმა აქტიურად იმუშავა იმაზე, რომ საქორწინო ასაკი მკაცრად განსაზღვრული ყოფილიყო და შესაბამისი ცვლილება კანონშიც შეიტანა. თუ რას გულისხმობს ეს ცვლილება დეტალურად ან რა იქნება სასჯელის ფორმა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, იურისტი მარიამ კუბლაშვილი დეტალურად გვესაუბრა.
- რას გულისხმობს კანონი არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ?
- 2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც საქორწინო ასაკთან დაკავშირებული მიდგომა შეიცვალა. ადრე მოქმედი რედაქციით, საქორწინო ასაკად მიჩნეული იყო 18 წელი და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეეძლო 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაქორწინება. ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობისას სასამართლოს შეეძლო მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება.
2015 წლის 16 დეკემბრის ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვრიდან, 17 წლის არასრულწლოვნის დაქორწინებისთვის უნდა გვქონდეს 3 კუმულატიური (ერთდროულად არსებული) პირობა - ამ პირის ნება, ისეთი პატივსადები მიზეზი, როგორიცაა ბავშვის დაბადება და სასამართლოს თანხმობა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით, მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს აღარ აქვს უფლება, სასამართლოსთვის გვერდის ავლით, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს 18 წლამდე არასრულწლოვნის ქორწინების საკითხი. აღნიშნული ცვლილებით ქართველმა კანონმდებელმა მხარი დაუჭირა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიდგომას და გაამკაცრა საქორწინო ასაკი (რაც სრულიად შეესაბამება ბავშვთა უფლებათა კონვენციას, რომლითაც 18 წლამდე პირი ბავშვად მიიჩნევა). 2017 წლის 1 იანვრიდან კი სრულიად აიკრძალება 18 წლამდე პირთან ქორწინება.
- ვინ ისჯება იმ შემთხვევაში, თუ 16 წლამდე ასაკის წყვილმა შექმნა ოჯახი? და რას გულისხმობს სასჯელი?
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 16 წლამდე არასრულწლოვანთან სქესობრივი კონტაქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ ქმედებასთან გვექნება საქმე, თუმცაღა ვერც იმას უარვყოფთ, რომ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება. ამიტომაც აუცილებელია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფსიქოლოგიური, მენტალური და სოციალური მუშაობა მოსახლეობასთან.
- თუ 16 წლამდე ასაკის ბიჭიც და გოგონაც თანახმაა შექმნან ოჯახი, არ ფიგურირებს ბავშვი ან ორსულობა, მაშინ რა ხდება? არ მისცემს სახელმწიფო ქორწინების რეგისტრაციის უფლებას?
- არა.
- როგორია ჩვენს ქვეყანაში იძულებითი ქორწინების მაჩვენებელი?
- სტატისტიკურ მონაცემებს არ ვფლობ, თუმცაღა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მხრივ სამწუხარო რეალობა გვაქვს.
- რისი გაკეთება შეუძლია ამ დროს არასრულწლოვანს? ალბათ იშვიათი გამონაკლისები ბედავენ მოძალადის წინააღმდეგ წასვლას და იძულებითი ქორწინების ამბის გასაჯაროებას...
- ზოგადად სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის კულტურა ნაკლებად არის ჩვენს საზოგადოებაში, თუმცაღა ერთადერთი გამოსავალი პრობლემის აღიარებასა და შესაბამისი ორგანოების ჩართვაშია.
- იყო შემთხვევა, როცა გოგონას მშობელი დაისაჯა არასრულწლოვნის გათხოვებისთვის? ხშირად მშობლებიც არიან წამახალისებლები.
- ჩემს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
- იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი წყვილი არ იმყოფება ქორწინებაში, მაგრამ ელოდებიან შვილს, ვის ეკისრება ახალშობილზე პასუხისმგებლობის აღება და როგორ წყდება გვარის მიცემის საკითხი?
- საკმაოდ კაზუისტური შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო ასაკი სამოქალაქო კოდექსის თანახმად სრულწლოვანების მიღწევასთან არის დაკავშირებული, მშობლის უფლებები და ვალდებულებები შვილების მიმართ ასაკობრივი მიჯნით შემოფარგლული არ არის. მშობელი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში იზრუნოს საკუთარ შვილზე. გვარის მიცემის საკითხი ზოგადად მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით წყდება, მაგრამ, როცა ქორწინება არ გვაქვს სახეზე, ბავშვი, როგორც წესი, დედის გვარზე იწერება.
- ზოგიერთ საზოგადოებაში არასრულწლოვნების დაქორწინება ჩვეულებრივი წესჩვეულება და ტრადიციაა, მაგალითად, აზერბაიჯანულ დასახლებებში. იქ როგორ შეებრძოლება კანონი?
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული კანონმდებლობა ვრცელდება ერთნაირად. თუმცაღა კანონის დარღვევის შემთხვევები საზოგადოებრივი ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარია.
- თავად რამდენად სრულყოფილად მიგაჩნიათ ეს კანონი და არასრულწლოვანთა ქორწინებასთან ბრძოლის ეს ხერხი? რას ფიქრობთ ზოგადად ამ თემაზე?
- აბსოლუტურად ვეთანხმები ქართველი კანონმდებლების ამ ცვლილებას. 18 წლამდე ადამიანი მენტალურად ბავშვია, ამიტომაც ასეთი მკაცრი მიდგომა საქორწინო ასაკთან დაკავშირებით გამართლებულია.
ციცი ომანიძე