როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახლიდან გასვლისას ბავშვი გეტირებათ? ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს, არა მარტო მაშინ, როცა სახლიდან მიდიხართ, არამედ თუ "დაგავიწყდათ" მისი არსებობა და მეზობელთან, მეგობართან გააბით საუბარი. ბავშვს შეიძლება შეეშინდეს, განაწყენდეს, ტირილი დაიწყოს, ხელზე მოგქაჩოთ, რათა თქვენი თავი დაიბრუნოს. ეს ბავშვის ნორმალური რეაქციია 6-დან 18 თვემდე. როცა "უცხოებს" ელაპარაკებით, ნუ აგრძნობინებთ ბავშვს თავს მიტოვებულად, შეეხეთ, ხშირად მოეფერეთ, თავზე ხელი გადაუსვით, ამით პატარა მიხვდება, რომ დედას ახსოვს, მასთანაა. ნუ ეტყვით რომ გიშლით ნუ ეცდებით "არ შეიმჩნიოთ" მისი არსებობა. ამით კიდევ უფრო გაართულებთ მდგომარეობას. სიტუაცია, როცა დედა გვერდითაა, მაგრამ მიუწვდომელი, ბავშვისთვის გაუგებარი და საშიშია. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს დედასთან კავშირს.
მოზრდილი "ტკიპა"
წლინახევრის ასაკში ბავშვი აცნობიერებს დედს დაკარვის შიშს. წლამდე ის დედასთან ერთ მთლიანობად აღიქვამდა თავს, ახლა კი ხვდება, რომ დამოუკიდებელი არსებაა. შესაბამისად უჩნდება განცდა, რომ შეიძლება დედის გარეშე დარჩეს.
და ბავშვი ცდილობს, მაქსიმალურად არ მოშორდეს დედას, არ დაკარგოს თვალთახედვის არედან. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა სააბაზანოში შეხვედით თუ სახლიდან წახვედით, თუ 1 წუთზე მეტ ხანს ვერ დაგინახათ, აღიქვმას საშიშროებას, რომ სამუდამოდ დაგკარგათ. მაგალითად, ბაგაში დატოვებული ბავშვი ფიქრობს, რომ დედამ სამუდამოდ დატოვა, რადგან ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ "თუ გუშინ საღამოს მომაკითხა, დღესაც მომაკითხავს". ბავშვის საშიშროება მშობლის გაუჩინარებაზე ბავშვისთვის ჩვეული მოვლენაა. ამასთანავე, დედა უნდა შეშფოთდეს, თუ ასე არ ხდება.
მარტო არ ხარ
ზოგჯერ, დედა, შვილის ისტერიკა რომ აირიდოს, ბავშვს ჩაძინებულს ტოვებს, ან ისე მიდის, რომ პატარამ ვერ დაინახოს, სანამ ბებია-ბაბუა სათამაშოებით ართობენ. დედის მოულოდნელი დაკარგვა კიდევ უფრო დიდი ტკივილია ბავშვისთვის. როცა ბავშვი აცნობიერებს, რომ მშობელი მასთან განშორებას გაურბის, მას საშიშ ტრაგედიად აღიქვამს. პატარა ჯერ ვერ ხვდება, რომ განშორება შეხვედრის გარეშე წარმოუდგენელია.
ბავშვი წინასწარ უნდა მოამზადოთ, "დედა მიდის, მაგრამ შენთან მამა დარჩება". თუ ბავშვთან სხვა ნათესავი რჩება, ბავშვს ნუ შეაჩეჩებთ და გაიქცევით, ცოტა ხანი გაჩერდით მასთან. განშორებას ნუ გააჭიანურებთ და ნურც ბავშვს დატოვებთ მისთვის უცხო ადამიანებთან.
თუ ბავშვის დატოვებას ნათესავისთვის აპირებთ, თავდაპირველად შეაჩვიეთ ბავშვი, რომ ნათესავი თქვენთან სტუმრად მოიდიოდეს, რჩებოდეს ბავშთან, ეთამაშებოდეს. ერთი სიტყვით დაახლოვდნენ. ამგვარად, ბავშვისთვის მასთან დარჩენა ისეთი მტკივნეული აღარ იქნება.
აუცილებლად აგრძნობინეთ ბავშვს, რომ სიტუაციას თავად განაგებს. აუცილებლად დაახურინეთ კარი, როცა დედა სახლიდან გავა და ფანჯრიდანაც დაუქნიოს ხელი. ასე მიხვდება, რომ მის თავს ცუდი არაფერი ხდება და ცოტა ხანში დედა დაბრუნდება.
პატარა ეშმაკობა
ეს პატარა რჩევები დაგეხმარებათ, ბავშვი უმტკივნეულოდ შეაჩვიოთ თქვენთან განშორებას.
ნუ შეარცხვენთ ბავშვს ტირილის გამო. ნება მიეცით, გამოხატოს თავისი ემოციები. არასდროს უთხრათ: "ასეთი დიდი ხარ და ტირი". მართალია, დედასთვის რთულია შვილის ტირილის მოსმენა, მაგრამ თუ გეგმებს ვერ შეცვლით, უმჯობესია ბავშვი წინასწარ შეაჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნით განშორება მოგიწევთ. "ვიცი, რომ უჩემოდ მოწყენილი იქნები, მაგრამ შენ უკვე დიდი ხარ და დედის გარეშე ცოტა ხანი გაჩერება არ გაგიჭირდება".
ყოველთვის მოიტოვეთ 5 წუთი, რომ მოეხვიოთ, მოეფეროთ პატარას. უთახარით, რომ გიყვართ. ამავე დროს აუხსენით, რომ მნიშვნელოვან საქმეზე მიდიხართ (მაღაზიაში, ექიმთან), მაგრამ მალევე დაბრუნდებით. ნუ გექნებათ საბოდიშო ტონი, ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ.
უთხარით შვილს როდის დაბრუნდებით. აუცილებელი არაა, ზუსტი დრო უთხართ. მაგრამ მიუთითეთ: "მოვალ, როცა ბებიათან ერთად სეირნობის მერე ცოტას დაიძინებ და გაიღვიძებ". არ დაარღვიოთ დანაპირები. მოუყევით პატარას რას გააკეთებს, სანამ თქვენ სახლში არ იქნებით: "ახლა ბებიასთან ერთად ცოტას ითამაშებ, მერე მულტფილმებს უყურებ და ისადილებ".
შეიძლიათ გაითამაშოთ განშორება. მაგალითად დათუნია და ბაჭია ერთ სახლში ცხოვრობენ. ერთხელ დათუნია საყიდლებზე წავიდა. სანამ მოვიდოდა, ბაჭიამ ოთახი დაალაგა, იატაკი მოწმინდა, ჭურჭელი გარეცხა. ამასობაში დათუნიაც მოვიდა და ისინი ტკბილად ჩაეხუტნენ ერთმანეთს.