მაისი მზე უფრო სახიფათოა, ვიდრე გგონიათ მაისი წელს წვიმიანი ამინდებით მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ ისეთი მცხუნვარე მზე ანათებს, ზაფხულს არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, წვიმების გამო შინ შეყუჟული პატარები დარის დადგომისთანავე მშობლებს სასეირნოდ გაჰყავთ.
მზე მართლაც ძალიან სასარგებლოა ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიჯანსაღისთვის. პედიატრები გვარწმუნებენ, რომ მზე D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. შესაბამისად, მზის სხივებით სარგებლობა ამაღლებს იმუნიტეტს და ორგანიზმის ბრძოლის უნარს. D ვიტამინი აუცილებელია კალცის შეთვისებისთვისაც, რაც მოზარდ ორგანიზმს ასე სჭირდება.
ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მზის სხივები საუკეთესო საშუალებაა სტრესის მოსახსნელად და განწყობის გასაუმჯობესებლად.
აქვე გაფრთხილებაც არსებობს, რომ გაზაფხულის, განსაკუთრებით კი მაისის მზეს ბავშვისთვის ზიანის მოტანაც შეუძლია.
რით არის სახიფათო მაისის მზე?
1.გადახურება და სითბური დარტყმა
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაისის მზემ შეიძლება სითბური დარტყმა გამოიწვიოს. დიახ, მართალია, თერმომეტრი მხოლოდ 22-25 გრადუსს უჩვენებს, მაგრამ საკმაოდ დიდი ძალა აქვს.
ამას ხელს უწყობს სამოსიც - გაზაფხულზე ჩვილებს მაინც თბილად აცვიათ არასტაბილური ამინდების გამო.
გაუწყლოება
სეირნობისას აუცილებლად თან იქონიეთ სუფთა წყალი. მითუმეტეს, თუ მაისმა მზიანი დღე "გამოიმეტა".
დამწვრობა
ზამთრის შემდეგ ბავშვის კანი გადაჩვეულია მზის სხივებს, ამიტომ ადვილად იწვება.
ბევრ დედას მაისის მზე სრულიად უვნებელი ჰგონია, რადგან ჯერ ისე არ ცხელა, როგორც ზაფხულში. სინამდვილეში კი მაისის მზეს ბევრი უსიამოვნების მოყენება შეუძლია. ბავშვი მზეს ნელ-ნელა უნდა "გაუთამამდეს". მზეზე ჯერ მხოლოდ 10-15 წუთით გაუშვით და დრო თანდათან გაზარდეთ.