სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხეთ განათლების სისტემის რეალურ პრიორიტეტად გადაქცევა ბატონ გია მურღულიას წარდგენა არ სჭირდება. ფილოლოგიის დოქტორი, დიდი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების მქონე, ავტორიტეტად მიიჩნევა განათლების სფეროში. სწორედ ამიტომ მივმართეთ მას და დღევანდელი განათლებისა და აღზრდის აქტუალურ შეკითხვებზე ვესაუბრეთ.
- განათლების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა რამე უკეთესობისკენ? კონკრეტულად რა?
- მთავარი ის არის, რომ, ავად თუ კარგად, საბჭოურიდან ჩამოყალიბდა განათლების ეროვნული სისტემა. გავიაზრეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა, რასაც მოჰყვა საგნობრივი სტანდარტების, პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და მასწავლებელთა მომზადებისა თუ პროფესიული განვითარების სისტემების მომზადებაც. ცუდი ის არის, რომ ეს პროცესი ხშირად არათანმიმდევრულად, რიგ შემთხვევაში კი შეფერხებებითა და წინააღმდეგობრივადაც ვითარდებოდა, რამაც ფრაგმენტულობის ანდა სულაც მარცხის შეგრძნება დაბადა. ჩვენ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხეთ განათლების სისტემის რეალურ პრიორიტეტად გადაქცევა, დაფინანსების ნორმალური ფორმულისა და სისტემის ყველა სუბიექტის მოტივაციის წარმოსაქმნელად რეალური გარემოს, აგრეთვე ჩატარებული სამუშაოს ადეკვატური შეფასების მოდელის შექმნა. ეს ძალიან ართულებს წარმატების მიღწევას.
- ძირითადად რა პრობლემებს ხედავთ დღევანდელ სკოლებში?
- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტელექტუალური ნაწილი სკოლის მიღმა დგას. რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ იმ ადამიანთა დამსახურებას, რომლებიც წლების მანძილზე კარგად აკეთებენ საკუთარ საქმეს ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ ყველაზე საჭირო ადამიანებმა სკოლისკენ გამოიხედონ – ამგვარი მოტივაცია უკიდურესად დაბალია. აქედან გამომდინარე და სხვა მიზეზების გამოც, მასწავლებელთა საგრძნობლად დიდი ნაწილის პროფესიული კომპეტენცია შეუდარებლად დაბალია იმ მოთხოვნებთან შედარებით, რასაც მათ უყენებს ახალი საგანმანათლებლო ამოცანების გადაწყვეტის აუცილებლობა – ეს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესმაც თვალსაჩინოდ დაგვანახვა, თუმცა ბევრისთვის მანამდეც ცხადი იყო. პრობლემაა არასათანადო ინფრასტრუქტურის არსებობა, საგანმანათლებლო ლიტერატურის სიმწირე, პედაგოგთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარვეზები, აღზრდის სისტემის ფაქტობრივი არარსებობა (ეს მიმართულება სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს, რადგან სკოლის უმთავრეს მიზანს უკავშირდება), ასევე – საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამების უკიდურესი გადატვირთულობა. საგანგებოდ აღვნიშნავდი იმ პრობლემასაც, რომ ვერაფრით მოხერხდა სკოლების მართვის სისტემის დეცენტრალიზება და სასწავლო დაწესებულებებისათვის რეალური ავტონომიის მინიჭება – აშკარად ჩანს, რომ ჩვენი სახელმწიფო (მეტ-ნაკლებად - საზოგადოებაც) "ბოლომდე" არ ენდობა სკოლებს და მკაცრ მეურვეობას არ აკლებს.
- ყველა ცუდზე ლაპარაკობს, კარგი რა არის დღეს სკოლებში?
- სისტემურ სიკეთეებზე პირველი კითხვის პასუხში მოგახსენეთ. რაც შეეხება სხვა მომენტებს, გეტყვით, რომ თანამედროვე ქართული სკოლის ბევრი წარმატება (მადლობა ღმერთს, არც უამისობაა) სკოლის ხელმძღვანელთა და პედაგოგთა ინდივიდუალურ ძალისხმევას უფრო უკავშირდება, ვიდრე სისტემურს, თუმცა – ობიექტურობისთვის – უნდა ვთქვა, რომ ამის ცალკეულ წინაპირობებს სახელმწიფო ქმნის. მასწავლებლის შრომა და შემოქმედებითი მიდგომა უფრო თავისუფალი გახდა (დავამატებ: ეს კარგი მასწავლებლის შემთხვევაში ბედნიერებაა, ხოლო ნაკლებად კვალიფიციურის ხელში კი - უბედურება), სკოლების ტექნიკური აღჭურვილობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე თუნდაც 10-15 წლის წინ, სკოლა გათავისუფლდა იდეოლოგიური წნეხისგან და მშვენიერი მარშრუტი დაისახა ერთფეროვნებიდან მრავალფეროვნებისკენ. ძალიან კარგია, რომ ჩვენს სკოლებში ადრინდელზე გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ინიციატივის განვითარება-წახალისებას.
- ბევრი ამბობს, რომ თუ ბავშვს სწავლა უნდა, საჯაროშიც მოახერხებს ამას. არის ასე სინამდვილეში? იძლევა საჯარო სკოლა იმის საშუალებას, რომ ბავშვმა სრულფასოვნად, რეპეტიტორების დახმარების გარეშე მიიღოს განათლება და ჩააბაროს ეროვნული გამოცდები?
- ჩემი ერთმნიშვნელოვანი პასუხია – დიახ. მე ასეთი წარმატებული მოსწავლე ბევრი მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულ სკოლას ბევრი პრობლემა აქვს, სათანადოდ მოტივირებული მოსწავლეები მაინც ახერხებენ წარმატების მიღწევას – ინდივიდუალურ მონდომებასა და ძალისხმევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყოფილა შემთხვევა (თან - არაერთი), როდესაც რომელიმე მაღალმთიანი რეგიონის არცთუ "პრესტიჟული" სკოლის წარმომადგენლებს სხვებზე უკეთესი შედეგებიც კი უჩვენებიათ. თუმცა, ზემოთქმულმა არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ სასკოლო კულტურა საჭირო არ არის და ყველას შეუძლია დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა. ჯერ ერთი, ყველა სკოლაში არის რამდენიმე კარგი მასწავლებელი მაინც, რომელიც კომპეტენტურად და კეთილსინდისიერად აკეთებს თავის საქმეს, მეორეც – ინდივიდუალური კი, მაგრამ მასობრივი წარმატება გამორიცხულია სასკოლო საქმის სათანადო ორგანიზების გარეშე.
- რას ურჩევთ მშობლებს, როდესაც სკოლას ირჩევენ, რა უნდა გაითვალისწინონ?
- 1. მასწავლებელთა კომპეტენცია; 2. სასკოლო ურთიერთობათა კულტურა (სკოლა მარტო კედლები, იატაკი, სახურავი – ზოგადად, ინფრასტრუქტურა კი არ არის, არამედ – პირველ რიგში! –კეთილგანწყობილი ადამიანების გარემო); 3. საგანმანათლებლო სერვისები.
- ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ბოლო დროს ქართული ენის სწავლება მეტისმეტად დაჩრდილულია, მთავარი ყურადღება უცხო ენებზეა გადატანილი. თქვენ, როგორც ფილოლოგი, რას ფიქრობთ ამაზე?
- ვფიქრობ, ასე არ არის. ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში კი არ არის "დაჩრდილული", არამედ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როდესაც რაიმე ვაკანსია ცხადდება და აუცილებელ პირობად სახელდება უცხო ენის ცოდნა, ეს არასწორია – საკუთარ ქვეყანაში ადამიანს ნებისმიერი თანამდებობის დაკავება უნდა შეეძლოს, თუ კარგად ფლობს სახელმწიფო ენას (ცხადია, არსებობს ვაკანსიები, რომელთა დაკავებაც უცილობლად გულისხმობს უცხო ენის ფლობას, თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად შემოსაზღვრულია). რა თქმა უნდა, უცხო ენის (ენათა) ცოდნის მნიშვნელობასა და სასურველობას არ ვაკნინებ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა. რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას სკოლაში, აქ, ჩემი აზრით, სამი მთავარი პრობლემაა: 1. მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი კომპეტენცია; 2. სასკოლო სტანდარტისა და პროგრამის არაადეკვატურობა და გადატვირთვა (სტანდარტი აშკარად არ არის "სავალდებულო მინიმუმი", უფრო "იდეალური მაქსიმუმია") – აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოებსაც "უჭირთ"; და 3. სკოლაში ჩვენ არ ვზრდით ლიტერატურის მცოდნეებს – მიზანი კარგი მკითხველისა და ლიტერატურის მოყვარული ადამიანის აღზრდაა, ამიტომ აქცენტის გაკეთება ქართული ლიტარატურის ისტორიის (ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით) სწავლებაზე არამართებული მგონია. გრამატიკის სწავლება კი უკანასკნელ წლებში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – მისმა "ინტეგრირებამ" (ეს ტერმინი, სამწუხაროდ, ჩვენში კარგად არ არის გააზრებული) ლიტერატურის სწავლებაში ცუდი შედეგი მოგვცა – ჩვენი მოსწავლეების ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა, "რბილად" რომ ვთქვა, მაღალი არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ მეტყველების პრობლემა, უწინარეს ყოვლისა, აზროვნების პრობლემაა, არსებული ვითარება სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
- რა რეფორმების განხორციელების აუცილებლობას ხედავთ განათლების სისტემაში?
- პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ კანონის მოთხოვნა – განათლების სახელმწიფო პოლიტიკას ქმნის პარლამენტი და ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ჩვენთან ეს წესი თითქმის არ მუშაობს – სამინისტრო ქმნიდა და ქმნის პოლიტიკას და ახორციელებს კიდეც მას. ასე რომ, ყოველი ახალი ხელმძღვანელობა თავიდან იწყებს "ისტორიის წერას" და ცვლის როგორც მიზნებს, ისე გეგმებსა და განმახორციელებელ ადამიანებს. ამის გამო, ჩვენში ძალიან ცუდად მოქმედებს მემკვიდრეობითობის, საქმის თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთების პრინციპი. ყოველთვის გვეჩქარება და შედეგად ყველგან ვაგვიანებთ. სჯობს, კარგად გაიაზრო საქმე და თანდათანობით აკეთო (უფრო მეტი დროც რომ დაგეხარჯოს), ვიდრე რაღაც დაიწყო, მერე მიხვდე, რომ არ ვარგა და მის შესაცვლელად კიდევ უფრო მეტი დრო დაკარგო. მეორე მხრივ, უნდა ვითვალისწინებდეთ მსოფლიო საგანმანათლებლო-მმართველობით გამოცდილებას და ვაღიარებდეთ, რომ ყველაფრის ერთბაშად და სწრაფად შეცვლა არ შეიძლება – რომც მოინდომოთ, არ გამოდის...
თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, პირველ რიგში შევცვლიდი სისტემის დაფინანსების მოდელს და ერთ მოსწავლეზე "მიბმულ" პრინციპს აუცილებლად დავამატებდი "საბაზისო" დაფინანსების პრინციპსაც. მეორე მხრივ, დავისახავდი რეალურ საგანმანათლებლო მიზნებს და ამას ავსახავდი საგნობრივ სტანდარტებში, პროგრამებში, სახელმძღვანელოებში. მესამე მხრივ, შემოვიღებდი მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული თუ კარიერული განვითარების ახალ სისტემას, რომელშიც პიროვნული და სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინტერესები დაბალანსდებოდა (ახლა არის ამის საინტერესო მცდელობა და ვნახოთ, რა გამოვა). მეოთხე მხრივ, აუცილებლად ვიზრუნებდი განათლების კომპეტენტური ლიდერების მომზადებაზე სხვადასხვა დონისთვის – არც ერთ დონეზე არ გვილხინს მაინცდამაინც. აღარ ჩამოვთვლი სხვა მომენტებს – ჩვენ უზარმაზარ სისტემაზე ვსაუბრობთ და აქ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი.
- ხშირად საუბრობენ მასწავლებლების არაკომპეტენტურობაზე და არაპროფესიონალიზმზე. ეს თქვენც აღნიშნეთ. რა უნდა მოხდეს, რომ სკოლაში მართლაც განათლებული, პროფესიონალი და ბავშვების მოყვარული კადრები მოხვდნენ?
- ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით უკიდურესად სერიოზული პრობლემა გვაქვს, თან – არაერთი (ნაწილობრივ ამ თემას ზემოთაც შევეხე). მასწავლებლის მომზადების მოდელი უნდა შეიცვალოს და შესაბამის პროგრამებში მკვეთრად გაიზარდოს პროფესიული პრაქტიკის წილი – მხოლოდ თეორიული მომზადება ნაკლებად შედეგიანია; სკოლამ რომ "განათლებული და პროფესიონალი" მასწავლებლები მიიზიდოს, ეს რთული საქმიანობა სათანადოდ უნდა დააფასოს სახელმწიფომ და საზოგადოებამაც (ასევე - მასმედიამ) – შრომის ანაზღაურება მკვეთრად უნდა გაიზარდოს შესაბამისი მოტივაციის დასაბადებლად. მატერიალური სტიმულების კვალდაკვალ აუცილებელია პედაგოგის სოციალური სტატუსის ამაღლებაც. ამას დავამატებდი იმასაც, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ინოვაციური აზრის დაფინანსებაზე – ახლა მისი "კვლავწარმოება" ფინანსდება მხოლოდ და არა განვითარება.
- ამ თაობის მოზარდებსაც ხშირად აკრიტიკებენ. რას ფიქრობთ დღევანდელ ბავშვებზე?
- ჩემი ფიქრით, ისინი უფრო რაციონალურები და პრაგმატულები გახდნენ – ეს მასობრივი რამ არ არის ჯერჯერობით, მაგრამ უკვე საგრძნობია. რა უნდა იფიქროს მათზე მასწავლებელმა? – ძალიან მიყვარს ისინი და ვცდილობ, ვასწავლო კეთილი ფიქრი, კეთილი სიტყვა და კეთილი საქმე. რა თქმა უნდა - ღირებულებების ერთგულება.
- როგორ მუშაობენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობები? თქვენ რაში ხედავთ მათ დანიშნულებას?
- თვითმმართველობები ცუდად მუშაობენ. ვიცი, რომ არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ეს საერთო სევდიან სურათს ვერ ცვლის. მათი დანიშნულება ის არის, რომ მოსწავლეები ჩართოს სკოლის მმართველობითი სისტემის გაუმჯობესების პროცესში. მათ კანონმდებლობით შესაბამისი უფლებები აქვთ მინიჭებული და ისინი სრულად უნდა გამოიყენონ. სამწუხაროა, რომ მოსწავლეთა სოციალური აქტივობა ხშირად სასურველზე მცირეა. ისინი უნდა მსჯელობდნენ სასწავლო პროცესზე, თავისუფალი დროის ორგანიზებაზე, ერთობლივ პროექტებზე, პრეზენტაციებზე და ა.შ. თვითმმართველობას თავისი წარმომადგენელი ჰყავს სკოლის სამეურვეო საბჭოში და შეუძლია მოსწავლეთა აზრი მიიტანოს და დაიცვას კიდეც მის სხდომებზე, თუმცა ამას რამდენად აკეთებენ ამა თუ იმ სკოლის მოსწავლეები, ნაკლებად ჩანს.
- რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ იმაში, რომ დღეს მოსწავლეები პირველივე კლასიდან ხდებიან კომპიუტერზე მიჯაჭვულები?
- ყველაფერს აქვს პოზიტიური და ნეგატიური მხარე. მომავალი ცოდნას დაფუძნებული საზოგადოებისა და ადამიანისაა, ამიტომ მისთვის მზადება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს, მაგრამ, იმავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს უძველესი შეგონება (არისტოტელე), რომ ზომიერებაა ყველანაირი სიკეთის მშობელი.
5 რჩევა მშობლებს გია მურღულიასგან
1. ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად;
2. იყავით მათთვის არა მხოლოდ ადამიანური სიბრძნის მასწავლებლები, არამედ ამ სიბრძნის პრაქტიკულად განმასახიერებელნიც – ასწავლეთ პირადი მაგალითით;
3. ნუ დაუშლით თავისუფლებას, თუნდაც ეს გარკვეულ რისკთან იყოს დაკავშირებული – ადამიანი მარცხითაც სწავლობს;
4. ეცადეთ ყოველდღიურად ვითარდებოდეთ, რათა მოსაწყენ ერთფეროვნებად არ იქცეთ საკუთარი შვილებისათვის;
5. გააცნობიერეთ, რომ შვილების სიყვარული მხოლოდ მათი მფარველობით კი არა, განვითარებაში ხელშეწყობით გამოიხატება.
5 რჩევა მასწავლებლებს
1. გააცნობიერებინეთ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება;
2. ჯერ ყოველთვის აჩვენეთ პირადი მაგალითი;
3. სჯობს ასწავლოთ ერთი რამ ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი რამ – ცალმხრივად;
4. გიყვარდეთ თქვენი მოსწავლე – მიუხედავად ყველაფრისა. გახსოვდეთ, რომ თქვენც იყავით ბავშვები;
5. ისწავლეთ, რათა ასწავლოთ.
5 რჩევა მოსწავლეებს
1. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არაფერს აკეთებთ ისეთს, რაც თქვენს ასაკში (ან თუნდაც მერე) არ გაუკეთებიათ თქვენს მასწავლებლებს;
2. იცოდეთ, რომ ვინც არ სწავლობს დღეს, გაცილებით რთულად მოუწევს ამის გაკეთება ხვალ;
3. მთავარი წიგნების კითხვა კი არ არის, არამედ მათი სრულფასოვანი გაგება;
4. სკოლა თქვენთვის არის, ხოლო თქვენ – კეთილი საქმეებისთვის;
5. ეცადეთ, ყოველდღე აჯობოთ არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე