"თუ ლილოში წახვალ ტანსაცმლის საყიდლად, 200 ლარში ჩაეტევი. თუ მაღაზიებში გაივლი, 500-600 ლარი მაინც დაგეხარჯება" ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზედაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან აღბეჭდილი. ფოტოს "ფეისბუკში" შექმნილი გვერდი "მე ვარ აბიტურიენტი" ავრცელებს და შემდეგი შინაარსის მინაწერს ურთავს:
"ესენი არიან მე-12 კლასელები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბანკეტის ტანსაცმელზე ფული არ დაეხარჯათ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადარიცხეს თანხა". რომელი სკოლის მოსწავლეებმა ჩაიდინეს ეს დიდსულოვანი საქციელი, პოსტსა და კომენტარებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
ფოტო უამრავმა ადამიანმა მოიწონა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ბავშვები ქართველები არიან.
"შეგიწიროთ უფალი... ასეთი რამე რომ მესმის, მიხარია, იმედის ნაპერწკალი მესახება, რომ არ გადავშენდებით", "სწორი პოზიციაა, ყოჩაღ, ბავშვებო", "ყოჩაღ, იქნებ სხვებმაც მიბაძონ" – ასეთი შინარსის კომენტარები ფოტოს მრავლად აქვს. გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრებებიც - "ბანკეტი ცხოვრებაში ერთხელაა", "ამისდ გაკეთება არასაბანკეტო დღესაც შეიძლებოდა" და მსგავსი.
სინამდვილეში ფოტოზე სერბი აბიტურიენტები არიან აღბეჭდილნი, რომლებმაც დევიზით - "შენი წუთიერი ბრწყინვალება ვიღაცისთვის მთელ ცხოვრებად ღირს" - ბანკეტზე დაზოგილი ხარჯები ავადმყოფ ბავშვებს მოახმარეს.
სავარაუდოდ, ზემოხსენებულ პოსტის ასეთი რეზონანსულობა ზოგადად, საბანკეტო ხარჯების აქტუალურობამ, უფრო სწორად, არაადეკვატურობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობა უმუშევრობასა და დაბალ ხელფასებზე წუხს, საბანკეტო ხარჯებს მაინც ხელგაშლილად ისტუმრებენ.
დაახლოებით, რა თანხის დახარჯვა უწევთ მშობლებს შვილების ბანკეტისათვის, როგორია სამზადისი და გაიმეორებდნენ თუ არა სერბი აბიტურიენტების საქციელს ქართველი მოსწავლეებიც.
თორნიკე დვალი, აბიტურიენტი: "გეთანხმებით, კარგი იდეაა, რომ საბანკეტო ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს, მაგრამ მათ, ალბათ, კიდევ უყიდიდნენ მშობლები ახალ ტანსაცმელს, მე ვიკითხო, გაჭირვებულმა. ისევ საბანკეტოდ თუ მიყიდიან რამეს, მერე ვინღაა ჩემი პატრონი. თან ახალგაზრდებს ურჩევნიათ გაერთონ, ვიდრე ვინმეს დაეხმარონ. რაც შეეხება საბანკეტო ხარჯებს, თუ ლილოში წახვალ ტანსაცმლის საყიდლად, 200 ლარში ჩაეტევი. თუ მაღაზიებში გაივლი, 500-600 ლარი მაინც დაგეხარჯება. ამას ემატება რესტორანი და ექსკურსია. ჩემს კლასში ცოტანი ვართ, ჩემმა პარალელურმა კლასმა კი 5000 ლარი მარტო რესტორნის დახურვაში გადაიხადა."
ხათუნა ლიპარტელიანი, მშობელი: "ჩვენ ბანკეტი 700 ლარი დაგვიჯდა. თან განსაკუთრებულ მომსახურებაში არაფერი გადაგვიხდია, დედა-შვილის ჩაცმა, რესტორანი და ექსკურსია. სულ ესაა. ვიცი კლასები, სადაც 1000-1500 ლარი არ ეყოთ".
თამუნა შოშიტაშვილი: "სკოლის წინ ვცხოვრობ ვარკეთილში და ჩემ თვალწინ გაიარა საბანკეტო რიტუალებმა. სკოლის ეზოში იკრიბებიან, ბიჭები ნაირ-ნაირი მანქანებით მოდიან და თითოს ერთი ან ორ-ორი გოგო მიჰყავს რესტორანში. გუშინ ავარია მოუხდენიათ. ისე დაქრიან თურმე მანქანებით, როგორც ქორწილებშია. ერთი გოგონა ისე დაშავდა, თავის ქალა ახადეს თურმე. რესტორნებშიც მარტო ტოვებენ ამ ბავშვებს. არის ერთი ღრეობა, ჩხუბი და აყალ-მაყალი. ყოველ წელს ასეა. საერთოდ რა საჭიროა ასეთი პომპეზურობა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ დამახინჯებულ ტრადიციას დავივიწყებთ".
სტატისტიკა, თუ რამდენი უბედური შემთხვევა და სხეულის დაზიანება ფიქსირდება საბანკეტო წვეულობებზე, არ არსებობს, თუმცა ასეთი ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა. იმედია, ოდესმე სერბი ატურიენტების მსგავსად, ქართველი ახალგაზრდებიც დაძლევენ "წუთიერი გაბრწყინების" ცდუნებას და საბანკეტო წვეულებისთვის გამიზნულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარენ.