აქაც სცოდავენ მშობლები, რადგან არავინაა ვალდებული, აეწყოს ჩემი შვილის ტალღაზე ინკლუზიური განათლება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახის პრობლემასთანაა დაკაშირებული. განათლებაც რომ იქით იყოს, საზოგადოების მიდგომა "განსხვავებულ" ბავშვებთან ხშირ შემთხვევაში არაა ჯანსაღი. გთავაზობთ იმ დედის ინტერვიუს, რომლის შვილსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. როგორც ხათუნა ავსაჯანიშვილი ამბობს, ადვილი არაა გყავდეს განსხვავებული შვილი, როცა ქუჩაში ყველას ვერ აუხსნი შენი პრობლემის შესახებ. საზოგადოების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არათუ არაჯანსაღი, გულის მომკვლელიცაა.
- მყავს ორი შვილი, აქედან ერთ-ერთს, ათი წლის ბიჭუნას აუტიზმის დიაგნოზი აქვს. სკოლამდე დავდიოდით საჯარო ბაღში, სადაც ჰყავდათ ფსიქოლოგი და ასევე გუგას დაჰყვებოდა თერაპევტი, რომელიც ეხმარებოდა საგაკვეთილო პროცესში ჩართვაში. თუმცა, მას არ სჭირდებოდა არანაირი მიხმარება, ჰქონდა ტუალეტის ჩვევები, არავის მიმართ არ იყო აგრესიული, მაგრამ ჩემი სურვილი გახლდათ, ბავშვებთან მეტად ეკონტაქტა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჰყოლოდა სპეციალურად მიმაგრებული ფსიქოლოგ-თერაპევტი, რომელიც ამაში დაეხმარებოდა. ბაღის დირექციისგან არ ყოფილა წინააღმდეგობა, თუმცა ვიცი, რომ სხვა მშობლებს ჰქონდათ საწინააღმდეგო აზრი და პრობლემაც, მაგრამ ჩვენ ეს უშუალოდ არ შეგვხებია. ბაღის შემდეგ გადავინაცვლეთ სკოლაში, სადაც ნამდვილად შევხვდით წინააღმდეგობებს. სკოლის არც ერთი პედაგოგი არ იყო მზად, რომ მიეღო და გამკლავებოდა აუტიზმით დაავადებულ ბავშვს. სანამ სკოლას შევარჩევდი, ბევრი ვიფიქრე და ვიღელვე. ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხე სპეციალური სკოლა, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემს შვილს არ ჰქონდა საჭიროება, ევლო სპეციალიზებულ სკოლაში. რატომ? იმიტომ რომ მას ჰქონდა უნარი დამჯდარიყო გაკვეთილზე, ჰქონდა მზაობა ციფრებთან, ასოებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ ჯანსაღი გარემოდან უფრო მეტის სწავლას შეძლებდა, ვიდრე სპეციალიზებული სკოლიდან. ზოგადად, ბავშვი ვითარდება ასე, დაინახავს და სწავლობს, შესაბამისად მინდოდა, ჩემს შვილსაც დანახვით ესწავლა. სიმართლე გითხრათ, სპეც. სკოლის არსებობა არ მომწონს, არ მომწონს აზრი, რომ უნდა არსებობდეს განყენებული "კუნძული", სადაც ასეთი დარღვევის ბავშვები უნდა დადიოდენენ. ვთვლი, რომ უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დაყოფა, თუკი მძიმე ფორმა აქვს, მაშინ ის უნდა იყოს ინტეგრირებულ კლასში, სწორედ იქ უნდა იყვნენ რთული ფორმის ბავშვები, რათა მათ ნელ-ნელა, რამდენადაც ბავშვი თავად მისცემს საშუალებას, შეაპარონ ჩვეულებრივი სასკოლო პროცესი.
მოკლედ, ჩემი შვილის შემთხვევაში, ჩავთვალე, რომ ის შეძლებდა გაკვეთილზე ჯდომას და არც შევმცდარვარ. პირველ კლასში 35 წუთიანი გაკვეთილები იყო, ამ დროის ერთ ადგილზე გატარება თავიდან ყველა პირველკლასელს უჭირს, მაგრამ რამდენიმე კვირაში ჩემი შვილი, ისევე როგორც მისი დანარჩენი კლასელები, მიეჩვია ამ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, რომ გუგას მოსწავლისთვის საჭირო უნარები ჰქონდა, მასწავლებლებმა ვერ მოახერხეს, დაეტოვეინათ ბავშვი მარტო, ორი წელი მე ჩემს შვილს კლასში ვეჯექი გვერდით, ერთად ვწერდით მათემატიკას, ქართულს, ვხატავდით, ვაფერადებდით და ა.შ.
- მასწავლებლებმა ვერ მოახერხეს, დაეტოვებინათ ბავშვი მარტო – ეს უბრალოდ მასწავლებლების სურვილი იყო, რომ თქვენს შვილთან მჯდარიყავით, თუ ეს იყო აუცილებლობიდან გამომდინარე?
- ჩემი შვილის კლასში მოხდა ისე, რომ პირველივე კლასიდან დაიწყო საგნობრივი სწავლა, როგორც წესი, დაწყებით კლასებში ერთი პედაგოგი ჰყავთ და ვთქვათ, უცხო ენაზე შედის სპეციალისტი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვადასხვა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლიდა. პედაგოგებს ჰქონდათ შიში, იყო შიში იმისა, რა ვაკეთებინო ბავშვს მთელი გაკვეთილის განმავლობაში. მე თითოეული გაკვეთილი სპეციალურად ჩემი შვილისთვის ადაპტირებული, თაბახის ფურცელზე დაწერილი მიმქონდა მასწავლებელთან, რომ მისთვისაც და ჩემი შვილისთვისაც უფრო გამარტივებულიყო საქმე. მიუხედავად ამისა, მაინც ეშინოდათ და ერჩივნათ მე ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი. შეიძლებოდა, ჩემი შვილი ამდგარიყო შუა გაკვეთილზე, მაგრამ მასწავლებლის მითითებას აუცილებლად დაემორჩილებოდა და დაჯდებოდა, თუმცა მას სჭირდება მუდმივად თავზე დგომა და კარნახი, დაწერე, დაწერე. ამას კი ვერ გააკეთებს ჩვეულებრივი მასწავლებელი, იმიტომ რომ მას ჩემი შვილის გარდა კიდევ 30 ბავშვი ჰყავს. პირველ ეტაპზე საკუთარ თავზე ავიღე ის, რომ ჩემს შვილს დავხამრებოდი წერაში, ხატვაში. სხვათა შორის, პირველივე კლასიდან კარგად წერს და ხატავს. მასწავლებელს ვთხოვდი, დაფასთან გაეძახა ბავშვი, რომ არ გასჩენოდა კითხვა, თუკი სხვა გადის, მე რატო არ გავდივარ დაფასთან, მაშინ რატომ ვარ საერთოდ კლასში? ჩემი შვილი კუნძად არ უნდა აღიქმებოდეს, თუნდაც კლასელების თვალში. სწორედ ამიტომ ვითხოვდი, რომ დაფასთან გაეძახებინათ. მახსოვს, მათემატიკის მასწავლებელმა გაიძახა და პირველკლასელს სთხოვა, ციფრები დაეწერა. კლასი გაირინდა, აინტერესებდათ, რა იცოდა ამ ბავშვმა, რისთვის გამოიყვანეს დაფასთან. ბავშვმა ყველაფერი სწორად დაწერა, მეტიც, მათემატიკის უჯრებიან დაფაზე, კვადრატებში სწორად ჩაწერა ციფრები და მე მახსოვს, როგორ დაიწყეს კლასელებმა ჩურჩული – იცის, იცის, იცის. აღმოაჩინეს, რომ ამ ბავშვსაც შეუძლია რაღაც. გარდა ამისა, მე დასვენებაზეც ჩართული ვიყავი იმაში, რომ ჩემს შვილ დანარჩენებთან ეთამაშა. პირველკლასელები მოგეხსენებათ, ძირითადად, გაქცევა-გამოქცევით ერთობიან. გასწრობანას და დაჭერობანას მე ვეთამაშებოდი ბავშვებს, სხვებთან ერთად ჩემს შვილსაც ჩავრთავდი, რომ მონაწილეობა მიეღო. ანუ, იმას, რაც უნდა აკეთოს სპეცმასწავლებელმა, თუნდაც ფსიქოლოგმა, როცა სკოლაში შედის დარღვევის მქონე ბავშვი, ვაკეთებდი მე.
- რატომ აკეთებდით თქვენ, არ ჰყავდა სკოლას სპეცმასწავლებელი?
- მიზეზი იყო შემდეგი: სკოლას ჰყავს დარღვევის მქონე ბევრი ბავშვი და მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი. რა ქნას ამ ერთმა ფსიქოლოგმა? მე ნამდვილად ვერ დაველოდებოდი განათლების სამინისტროს, როდის ინებებდა და გაზრდიდა კადრებს. საბედნიეროდ, შარშან გაიზარდა ფსიქოლოგების რაოდენობა, 6 ბავშვზე დაუშვეს ერთი ფსიქოლოგი...
როგორც გითხარით, ორი წელი ჩემი შვილის გვერდით ვიჯექი, მეორე წლის მეორე ნახევარში უკვე გარეთ გავედი. მის გვერდით ჩემმა ჯდომამ, მეორე უკიდურესობა გამოიწვია - გარეთ რომ გავდიოდი, ბავშვი ტირილს იწყებდა, მიეჩვია ჩემთან ყოფნას. არადა, მანამდე ბაღში დილიდან საღამომდე უპრობლემოდ ვტოვებდი. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ვაშავებდი და კლასიდან დერეფანში გადავინაცვლე. მესამე კლასიდან გადავწყვიტე, ამეყვანა კერძო ფსიქოლოგი, გადამეხადა მისთვის თანხა და ის ყოფილიყო ჩემს შვილთან, რათა ის აღექვა ბავშვს მასწავლებლად და არ ვმჯდარიყავი მე, დედა მასთან. ასე ვიხდიდი საკუთარი ჯიბიდან, მაგრამ წელს უკვე მეხუთე კლასში ვართ და ვეღარ ავიყვანე ვერავინ, იმიტომ, რომ ეს თანხა გაორმაგდა. ამიტომ სკოლის ფსიქოლოგს, სპეცპედაგოგს, რომელსაც ხუთი ბავშვი ჰყავს, ვთხოვე, იქნებ გამონახოს დრო, რესურსი, საშუალება და მიხედოს ჩემს შვილს. იმ ხუთი ბავშვიდან, რომელზეც მიმაგრებულია ერთი ფსიქოლოგი, ზოგს არ სჭირდება საგაკვეთილო პროცესში დახმარება. ანუ ისეთნაირად გადაანაწილეს ბავშვები, რომ ფსიქოლოგისთვის შესაძლებელი იყოს მათთან მუშაობა, ზოგს საგაკვეთილო პროცესში სჭირდება დახმარება, ზოგს სკოლის მერე, მეცადინეობაში და ა.შ. წელს პირველად ჩავაბარე ბავშვი და იმედი მაქვს, გაამართლებს.
ზოგადად, ეს სკოლა შევარჩიე იმიტომ, რომ ოდესღაც განთლების სამინისტროს დაუწყია ინკლუზიაზე ფიქრი, შეურჩევია ათი სკოლა საპილოტედ, სადაც წარმატებით მიმდინარეობდა ინკლუზიური განათლება. ამ ათიდან ერთ-ერთი შევარჩიე, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. მაგრამ, ვფიქრობ, უფრო მეტად მომზადებული უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს, სკოლა, მასწავლებლები და გარემო. დღესდღეობით, სკოლას სამი სპეცმასწავლებელი ჰყავს და ეს შეიძლება ითქვას, რომ ძალაა, მაგრამ აუტიზმის სინდრომი ცოტა უფრო მეტად რთულია, ვიდრე ვთქვათ, დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა. ამ დაავადების მქონე ბავშვებს ქცევითი აშლილობა ნაკლებად აქვთ, აუტიზმის შემთხვევაში ბევრი რამაა ერთად თავმოყრილი, ვხვდებით ქცევით, კომუნიკაციის, აღქმის, ინსტრუქციის პრობლემებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუტიზმის მქონე თითო ბავშვს უნდა ჰყავდეს თითო სპეც. პედაგოგი, დანარჩენებს შეიძლება რამდენიმეს ჰყავდეს ერთი, მაგრამ აუტიზმის მქონეს უნდა ჰყავდეს ერთს ერთი პედაგოგი.
- რას გვეტყვით თქვენი შვილის კლასელების, მათი მშობლების თქვენს პრობლემასთან დამოკიდებულებაზე?
- სიმართლე გითხრათ, ამის ძალიან მეშინოდა, მაგრამ ვერ აგიხსნით, ამ საკითხში როგორ გამიმართლა. არაჩვეულებრივი ბავშვები და ასევე არაჩვეულებრივი მშობლები შეგვხვდნენ, ამდენი წელია ერთად მოვდივართ და არ არსებობს, რაიმე აქტივობა დაგეგმონ, რომ ჩვენ გამოგვტოვონ, ნესმიემირი სახის შეკრებაზე, ექსკურსიაზე აუცილებლად გვაყენებენ საქმის კურსში. წელს, 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლისგან დამოუკიდებლად ვერ წარმოიგდენთ, როგორი ღონისძიება გააკეთეს ბავშვებმა და მშობლებმა. იყიდეს ცისფერი ბუშტები, იმიტომ, რომ ცისფერი არის აუტიზმის ფერი, ბავშვებს, ყველას ჩააცვეს ცისფერი ზედები, გააკეთეს პლაკატები და არც ერთი სლოგანი, რომელიც ბევრ სატელევიზიო გადაცემაშიც კი შეცდომით გაჟღერებულა, შეცდომით არ ჰქონდათ გადმოტანილი. 2 აპრილს აი, ასე დახვდნენ ჩვენს შვილებს, წინა საღამოს დარჩნენ გაკვეთილების შემდეგ, მოაწყვეს კლასი და ასე აღუნიშნეს ჩვენს შვილებს ეს დღე - ჩვენს კლასში აუტიზმის მქონე ორი ბავშვია.
- ეს ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ ბევრი უკმაყოფილება მსმენია იმ მშობლებისგან, ვისი შვილის კლასშიც აუტიზმის მქონე ბავშვები არიან...
- კი, მე ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა. ძალიან კარგები შეგვხვდნენ, მაგრამ ჩვენ, ვგულისხმობ საკუთარ თავს და იმ ბავშვის დედას, რომელსაც ჩემი შვილის მსგავსად აუტიზმი აქვს, ვიყავით ჩვენი შვილების მეგობრების მეგობრები. ჩანთა სულ სავსე მქონდა კანფეტებითა და ტკბილეულით, მე ყველაფერს ვეკეთებდი იმისთვის, რომ კარგი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო ჩემს შვილსა და მის კლასელებს შორის, მაგრამ ჩემი ეს ქმედება არ შეცვლიდა კლასელების მიდგომას ჩემი შვილის და მისი პრობლემის მიმართ, მათი მშობლები რომ არ ყოფილიყვნენ კარგები.
- გარდა ამისა, რას გვეტყვით გარემოზე, საზოგადოებაზე, რამდენადაა ხალხი მზად, რომ სწორად შეხედონ ამ პრობლემას?
- საზოგადოებაში არის ინფორმაციის ნაკლებობა, თითქოს აუტიზმის ეშინიათ. აი, მაგალითად ჩემს შვილს აქვს ასეთი ჩვევა, ყურში იკეთებს თითს და შეიძლება გაახმოვანოს რაიმე ფრაზა, ბგერა, რაც აუტიზმისთვის დამახსიათებელია. ზოგს ძალიან დაშტერებული თვალებით შემოუხედავს, რაც ძალიან მაღიზიანებს და მთრგუნავს. როცა ხვდები, რომ ბავშვი არაა შენი შვილისნაირი, გაიხედე გვერდით, ხომ შეიძლება, არა? ახლა ერთ ხერხს მივაგენი, როცა ვხედავ, რომ ასეთი გაშტერებული მზერით უყურებენ ჩემს შვილს, მეც ზუსტად ისევე ვუყურებ იმ ადამიანს ან მის გვერდით მყოფ ბავშვს, რათა მიხვდეს, რა ცუდია ასეთი ქცევა. მადლობა ღმერთს, ჩემს შვილს არ აქვს ისეთი მძიმე დარღვევები, რაც მე მინახავს სხვების შემთხვევაში. ზუსტად ახლა ვკითხულობდი სოციალურ ქსელში, თუ როგორ ეჩხუბა აუტიზმის მქონე ბავშვსა და მის მშობელს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ეს ყველაფერი შავ-თეთრი ფერებით არ უნდა დავანახოთ, უფრო გახსნილები უნდა ვიყოთ და უფრო მარტივად მივაწოდოთ თიოეული შემთხვევა. ძალიან რთულია, მძიმე გადასატანია მშობლისთვის, როცა გაშტერებული გიყურებენ და არ გაშორებენ თვალს, უდიდესი სტრესია. მზერას რომ ჭკუის სწავლება და რეპლიკები ემატება, ამაზე ხომ საერთოდ არ მინდა საუბარი. მაგრამ აქაც ჩემნაირ მშობელს მინდა ვუთხრა, არ შეიძლება საზოგადოების გამოწვევა. როცა ტრანსპორტში, მეტორში, ავტოსბუსში ჩემს შვილს უნდა, ფანჯარასთან ახლოს დადგეს და ვიღაცას ხელს ჰკრავს, მე არ შემიძლია, ვუთხრა მას, დააყენე ბავშვი, იმიტომ, რომ პრობლემა აქვს ჩემს შვილს. პირიქით, სულ მინდა, ბოდიში მოვუხადო, რადგან მან არ იცის, რომ ჩემს შვილს პრობლემა აქვს. რატომ უნდა შემოევლოს ყველა ჩემს შვილს თავზე? თუკი იქნები ცოტა თბილი, ცოტა უფრო ზრდილობიანი, ბოდიში-მაპატიეს პოზაში, უფრო დადებითად განეწყობა ადამიანი. არ შეიძლება მიდგომა, ხომ ხედავ, ჩემს შვილს პრობლემა აქვს, დაუთმე, დასვი ან დააყენე. არ ივარგებს ასეთი კეტეგორიული მიდგომა, ვფიქრობ, აქაც სცოდავენ მშობლები, რადგან არავინაა ვალდებული, აეწყოს ჩემი შვილის ტალღაზე. ხანდახან ჩვენ, მშობლები ვაშავებთ და ბევრს ვითხოვთ საზოგადოებისგან, თუმცა მეტი ინფრომირებულობა ნამდვილად არ გვაწყენდა.
ციცი ომანიძე