როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვმა 5 სიტყვაც ვერ გაიმეორა? ბოლო დროს ბევრი მშობელი ჩივის, რომ ბავშვებს ყურადღება გაფანტული აქვთ და ზოგჯერ ერთსტროფიანი ლექსის დამახსოვრებაც უჭირთ. თანამედროვე მულტსერიალები მართლაც იწვევენ გონების გაზარმაცებას. მოსწავლეები ზოგჯერ ელემენტარულ ინფორმაციას ვერ იმახსოვრებენ. არ ახსოვთ, რა უთხარით 5 წუთის წინ. თუ იგივე პრობლემა თქვენც შენიშნეთ, დამშვიდდით და სანამ ინერვოიულებთ, შეამოწმეთ თქვენი შვილის მეხსიერება მარტივი ტესტით.
ალბათ შეამჩნევდით, რომ პატარა ვერ იმახსოვრებს თქვენს ნათქვამს, მაგრამ სწრაფად ამახსოვრდება სარეკლამო ფრაზები, სულელური ლექსები. აგრეთვე, კარგად იმახსოვრებს დროს, როცა ტელევიზორში მისი საყვარელი მულტფილმები, ან გადაცემები უნდა დაიწყოს. და რაც მთავარია, 10 ათასჯერ გაგიმეორებთ, რის ყიდვას დაპირდით და ჯერ არ გიყიდიათ. დროა, ბავშვის მეხსიერება შეამოწმოთ.
ტესტი უნდა იყოს რამდენიმეწუთიანი და უნდა ჩატარდეს 5 წლის ზემოთ ბავშვებთან.
პატარას ჩამოუთვალეთ მარტივი, ერთ ან ორმარცვლიანი სხვადასხვა თემატიკის სიტყვები. მაგალითად: ქვა, სოკო, პური, რკო, ტყე, ვაშლი, მზე, ფაფა, ცა, თმა.
სთხოვეთ მოგისმინოთ და გაიმეოროს, ნებისმიერი თანმიმდევრობით.
დაითვალეთ, რამდენი სიტყვის დამახსოვრება შეძლო თქვენმა პატარამ.
შედეგები: ნორმალური შედეგია 5-7 სიტყვა, კარგი - 8-9.
თუ ათივე სიტყვა დაიმახსოვრა, გილოცავთ, საუკეთესო შედეგია. ხოლო, თუ სიტყვები თანმიმდევრულად დაასახელა, მხოლოდ 1-3 სიტყვას გაუცვალა ადგილი, მას უნიკალური მეხსიერება ჰქონია.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვმა 5 სიტყვაც ვერ გაიმეორა? სასწრაფო ზომები უნდა მიიღოთ. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვის ტვინი მანქანაა, თუ მასში საწვავს არ ჩაასხმათ, იგი ვერ დაიქოქება. ამიტომ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვის გონებრივ განვითარებას. სწორად კვებეთ და დატვირთეთ თქვენი პატარას ტვინი.