”ზოგიერთს ისეთი დამოკიდებულება აქვს შვილებთან, ისეთი სიტყვებით მიმართავს, ოჯახში ისეთ ფაქტებს უყურებენ, წყევლა-კრულვასაც არ აკლებენ...” ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ქართულ ხალხურ ზღაპარ "კომბლეზე" ისაუბრა, აღნიშნა, რომ კომბლე ცუდი მეცხვარე იყო და მის მიმართ "პრეტენზიებიც წამოაყენა". აქტუალური გახდა ზღაპრების თემა და კომბლეს ასეთ ასპექტში განხილვასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყვნენ კრიტიკოსებიც და ისეთებიც, ვინც ეთანხმებოდნენ ბატონ მინისტრს. გადავწყვიტეთ, ცნობილ დედებს შევხმიანებოდით და გაგვეგო, რა ფუნქცია აკისრია ზღაპრებს მათი შვილების ცხოვრებაში, თუ უკითხავენ შვილებს და ქართულ ზღაპრებს ანიჭებენ უპირატესობას თუ უცხოურს
ანი გიუნტერი:
- ჩემი შვილი თვითონ იგონებს ზღაპრებს და მერე ხატავს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ილუსტრაციებს ურთავს და თან ამბობს, მე თვითონ რომ ვიგონებ ზღაპრებს, ეგ ზღაპრები ყველაზე მეტად მიყვარსო. მაშოსთან ყველაფერი შეცვლილია, მაგალითად, ამას წინათ მომიყვა ასეთი ზღაპარი, რომ გოგო გაიზარდა, გახდა პრინცესა და ქმარი მოიყვანა, პრინცესა პრინცს კი არ ელოდება, თვითონ "მოჰყავს ქმარი". ახლა უკვე მაშო იმ ასაკშია, თავად კითხულობს იმას, რაც აინტერესებს, მაგრამ როცა პატარა იყო, სიმართლე გითხრა, მეც ვიგონებდი ზღაპრებს და იმას ვუყვებოდი.
- უკვე ზრდასრულობაში არ გიფიქრია იმ ზღაპრებსა და მის გმირებზე, რომელზეც გავიზარდეთ, თუნდაც კომბლეზე, ნაცარქექიაზე...
- მე კომბლეზე არ გავზრდილვარ, ძმები გრიმების ზღაპრებს ვკითხულობდი და ახლაც თვალწინ მიდგას ის წიგნი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ერთადერთი, რაც მაშინაც და ახლაც უცნაურად მხდვდებოდა, იყო ის, რომ ყველა პრინცესა, ყველა კეთილი გმირი, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა, ისრულებდა ოცნებებს, იყო მაინცდამაინც ლამაზი, ძალიან ლამაზი. მახოვს ვფიქრობდი, რატომაა ასე, ხომ შეიძლება არ დაიბადო ლამაზი, მაგრამ იყო ბედნიერი და კეთილი?! ვერ ვხვდებოდი, ამის ხაზგასმა რატომაა აუცილბელი. გარდა ამისა, მე ზღაპრებიდან რაიმე ტრაგიკული მომენტი არ ჩამრჩენია მეხსიერებაში, თუმცა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ამონარიდი ზღაპრიდან, სადაც მამას დაებადება იდეა, რომ ქალიშვილი მოიყვანოს ცოლად. საიდან გაჩნდა ეს თემები ზღაპრებში, არ ვიცი.ისეთი ზღაპარი, მაგალითად, როგორიცაა "კონკია", ყველა გოგოსთვის საოცნებოა, რადგან თითქოს იმედს აძლევს მკითხველს, რომ შესაძლებელია, ერთ დღეს ყველაფერი ერთად მიიღო. ქართულ ზღაპრებში კი გარკვეულწილად სიზარმაცის პროპაგანდა.
- ხალხური ზღაპრები რამდენად მისაღები და გასაგებია ბავშვისთვის იმ ასაკში, რა დროსაც უწევთ მათი გაცნობა...
- ახლა წამოვიდა ზრაპრების გაკრიტიკების ტალღა, თორემ ჩემს ირგვლივ, ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ხალხურ ზღაპრებში წარმოჩენილი სიზარმაცისა და ტყუილის პროპაგანდა ბავშვებისთვის მაინცდამაინც კარგი არ იყო, თითქმის ყველა ზღაპარში ეს თემები მეტნაკლებად არის წამოწეული. მაგრამ მართლა ზღაპარი მგონია ის, რომ ახლა ყველაფრის ადაპტაცია მოხდეს და უცებ ყველაფერი შეიცვალოს. თუმცა დიდებმაც რომ დავიწყეთ დაფიქრება, რა ფორმით მივაწოდოთ ჩვენს შვილებს ზღაპარი, ეს ძალიან მისასალმებელია. მაგრამ ყველაფრის ვარდისფერ და ცისფერ ფერებში დახატვაც არ მგონია სწორი, ვფიქრობ, ბავშვმა რეალობაც უნდა იცოდეს და იმასაც უნდა მივაჩვიოთ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ კარგი რაღაცები არ ხდება. ზღაპრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე კარგი მაგალითი შვილებისთვის თავად მშობელები და ოჯახის წევრები ვართ. ზოგიერთს ისეთი დამოკიდებულება აქვს შვილებთან, ისეთი სიტყვებით მიმართავს, ოჯახში ისეთ ფაქტებს უყურებენ, მეტიც - წყევლა-კრულვასაც არ აკლებენ, რომ... ასეთ ვითარებაში პრობლემა მხოლოდ ზღაპრები არაა. ხანდახან ჩვენი შვილების გამო, მათ სასიკეთოდ, ის რეალობა რომ შევცვალოთ, რომელშიც ვცხოვრობთ, ეგეც არ იქნება ურიგო. ეს ხალხური ზღაპრები რეალობიდან მოდის, ზეპირსიტყვიერად და რაღაც ფორმით მოაღწია ჩვენამდეც, თანამედროვე ზღაპრებში კი ვისურვებდი, რომ რაც ზემოთ ვთქვი, ისეთი რეალობა კი არა, ბედნიერი ბავშვების ცხოვრება იყოს ასახული.
ლელა მებურიშვილი:
- შვილისთვის ზღაპრების კითხვა ძალიან პატარაობიდან დავიწყე, იმ პერიოდიდან, როცა შესაძლოა ვერც კი იაზრებდა. ვუკითხავდი ქართულსაც, არაქართულსაც და მას შემდეგ სულ ვარ ძიებაში, ახალ-ახალს ვეძებ. კითხვისას ყოველთვის ვცდილობ, რაღაცები შევარბილო. მაგალითად, არ ვეუბნები, რომ მგელმა გადასანსლა ბებია, ვამსუბუქებ იმით, რომ ბებია დაიმალა, წითელქუდამ მგელი რომ დაინახა, მოასწრო დაყვირება, გაიგო მონადირემ და ასე გადაურჩნენ მგელს, ანუ ის, რომ მგელმა გადასანსლა ბებია, შეჭამა წითელქუდა, მერე მგელს მუცელი გაუჭრეს და ა.შ. ამოღებული მაქვს, ჩვენს ვარიანტში მგელს ცუდი საქციელი გამო გააგდებენ და ისიც მიხვდება დანაშაულს.
მე ისე მიყვებოდნენ, როგორც დანარჩენებმა იცით და ამას ჩემს ფსიქიკაზე ცუდად არ უმოქმედია, მაგრამ მე, უკვე როგორც დედა, მაინც ვცდილობ, შევარბილო, იმიტომ, რომ დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო მეტი აგრესიით და ძალადობითაა სავსე და ამ ჩემი ინტერპრეტაციით და ლმობიერი გადაკეთებით თითქოს ბავშვს ვიცავ.
- ამასთან, დღევანდელი ბავშვები ბევრად უფრო სხვანაირები, გონიერები, მიხვედრილები არიან, ვიდრე თუნდაც ჩვენი თაობა იყო...
- კი, ასეა, ჩვენზე უფროსი თაობა ყოველთვის აღნიშნავს ამას, რომ ახლანდელი ბავშვები ბევრად უფორ განვითარებულები არიან და დღეს ერთი თვის ბავშვი ბევრად უფრო მეტ ცოდნას და უნარს ავლენს, ვიდრე ამას 20 წლის წინ დაბადებული იმავე ასაკის ბავშვი აკეთებდა.
- ბავშვებისთვის საყვარელ თანამედროვე გმირებზე, იგივე სპაიდერმენზე, ბეტმენზე და ა.შ. რას ფიქრობთ? დაინტერესებულია თქვენი შვილი რომელიმეთი? მშობლებისგან მსმენია, რომ შედარებით პატარა ასაკის ბავშვებს, არ აძლევენ მათი ყურების უფლებას, რადგან ეშინიათ, იგივე არ გაიმეორონ, რასაც ვთქვათ, სპაიდერმენი აკეთებს. ბავშვები ხომ იმ ტრიუკების საფრთხეს ვერ აღიქვამენ...
- მე მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემმა შვილმა ტელევიზორს არ უყუროს, თუმცა იმასაც ვხვდები ხოლმე, რომ საჭიროა მულტფილმების ყურებაც, მაგრამ თვითონაც თამაში ბევრად ურჩევნია. კვირაში ერთხელ ან ორჯერ შეიძლება გაახსენდეს ტელევიზორი, აუცილებლად ვურთავ, მაგრამ მალევე ბეზრდება. რაც შეეხება სპაიდერმენს და ბეტმენს, ჩემი შვილი ორი წლისაა და მისი ასაკისთვის შეუფერებელია, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს აქვს ის პრობლემა, რაც ახსენე – ბავშვები დახტიან სავარძლიდან სავარძელზე სპაიდერმენის სიყვარულითა და მისი მიმბაძველობით, რაც რაღაც მომენტში საფრთხის შემცველიც შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ეგ მოსაზრებაც მართალი იყოს, მაგრამ თვითონ გმირის ფენომენი ძალიან კარგია და უნდა არსებობდეს.
ციცი ომანიძე