შენ, ბიჭო, არ გსმენია, რომ ათეისტებს დედას აგინებენ? ბოლო დროს მეტისმეტად გააგრესიულებულ საზოგადოებას ბავშვებიც შეემატნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც შემწყნარებლობა და ტოლერანტობა ყოველთვის სამაგალითოდ მიიჩნეოდა, ამის საწინააღმდეგო ფაქტებმაც იმატა. უფროსებშიც და როგორც აღმოჩნდა, მოზარდებშიც.
ამ სტატუსს, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. თანატოლებმა ბიჭი მხოლოდ თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო სცემეს, თანაც, რელიგიური და მართლმადიდებული მოტივებით. ქრისტიანობა ყველაზე კაცთმოყვარე რელიგიად მიიჩნევა და რატომღაც ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ, ის მოძალადე რელიგიად აქციონ... სრულად გთავაზობთ პოსტს, რომელიც ერთმა სტუდენტმა ბიჭმა, დათო ა.-მ (მის გვარს შეგნებულად არ ვწერთ, რომ მის უმცროს ძმას კიდევ მეტი პრობლემა არ შეექმნას) განათავსა თავის პირად გვერდზე - უმცროსი ძმის ბედით შეწუხებულმა. ალბათ საჭიროა, ამგვარ ფაქტებს, მოზარდებში გავრცელებულ ძალადობას და აგრესიას ადრიდანვე ყურადღება მიექცეს მშობლების, მასწავლებლების, ფსიქოლოგების და სამართალდამცველების მხრიდან, რომ შემდეგ ის საყოველთაო ძალადობა და მკვლელობები არ მივიღოთ, რამაც დღეს საგანგაშოდ იმატა.
"გუშინწინ მოდის გიორგი (ჩემი 13 წლის ძმა) ჩემთან რაღაცის მოსაყოლად, მე ლეპტოპს ვუზივარ და ცალი ყურით ვუსმენსავით. რაღაცები ილაპარაკა და ბოლოს თქვა, გუშინ 5-მა ტიპმა მცემაო. მოვაყოლე დაწვრილებით და მეუბნება ეგეთ რამეს (ვაკეთებ პერიფრაზირებას):
"ქართულის თუ ხელოვნების მასწავლებელმა წმინდანებზე მოიყვანა რაღაც მაგალითები და აქო და ადიდა შუშანიკის ქმედებები. გვითხრა, რომ შუშანიკის თავგანწირვა თქვენთვის დიდი მაგალითი უნდა იყოსო. ჰოდა მეც ავდექი და ვუთხარი, რომ შუშანიკი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი არ იქნება, რადგან თავის გაწირვა რელიგიის გამო ფანატიზმია.
ამაზე მასწავლებელი აღშფოთდა, მაგრამ ყველაფერი მალევე ჩაწყნარდა ზარის დარეკვით.
დასვენებაზე ერთი ახალგადმოსული კლასელი მოდის ჩემთან და მეკითხება: "შენ ბიჭო ათეისტი ხარ?"-ო. გავიღიმე, არ ვუპასუხე და ბუფეტისკენ წავედი. თვითონაც ჩაიცინა და გვერდზე გავიდა.
ვბრუნდები კლასში ბუფეტიდან, ვჯდები და ვისმენ შემდეგ გაკვეთილს. ირეკება ზარი და გავდივარ გარეთ. რამდენიმე წუთში ჩემს ირგვლივ, კლასთან, იკრიბებიან ჩემი პარალელური კლასელი ბიჭები (მე-8 კლასელები), ჩემთვის უცნობი მე-9 კლასელები და რამდენიმე მე-10 კლასელიც. მოდის ერთ-ერთი მე-9 კლასელი ჩემთან და მეკითხება: "შენზე გავიგე, ბიჭო, რომ ათეისტი ხარ. ჰოდა, მე და ჩემი ძმები სტიქაროსნები ვართ, შენზე გული შეგვტკივა, მიდი მოძღვართან, დაგაკვალიანებს, მაინც ჩვენს საახლობლოში ხარ".
შენ და შენმა ძმებმა თქვენს საქმეს მიხედეთ და მე ჩემს საქმეს მოვუვლი-მეთქი, ვუპასუხე მე და ლაპარაკს თავი ავარიდე. ერთმა ტიპმა ყვირილით მომაძახა: "შენ, ბიჭო, არ გსმენია, რომ ათეისტებს დედას აგინებენ?". ჰოდა ვინც აგინებს, იმის ასე და ისე მეთქი, ვუპასუხე, ეს იყო და, უკნიდან ვიღაც წრიპა ტიპი გამოვარდა შეძახილით "ქრისტიანებზე რეებს ამბობ, შე ...!", და მუცელში წიხლი ჩამარტყა. მეც ჩავები ჩხუბში და ვურტყამდი ამ ტიპს. იქიდან კი 4-5 ტიპი მირტყამდა. საბოლოოდ, ეს ერთი ტიპი დავასისხლიანე და წუთი-წუთზე მანდატურები ჩაერივნენ საქმეში".
ამ ყველაფრის მოსმენა და, ნერვებმა ამიტანა. გუშინ უნივერისტეტში ლექციების დასრულებისთანავე მივედი სკოლაში და მანდატურებს დაველაპარაკე. კი, დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილიო, დამეთანხმენ ისინიც. ვკითხე, რა ზომების მიღებას აპირებთ-მეთქი? სასტიკი გაფრთხილება აქვს მთელ სკოლას მიცემული და მდგომარეობა სტაბილურადააო. სტაბილურად რომ ყოფილიყო მდგომარეობა, თავიდანვე რამეს მოიმოქმედებდით-მეთქი და იმ ტიპებზე მოვთხოვე, აღრიცხვაზე აიყვანეთ-მეთქი, უკვე 14 წლისები არიან და გაქვთ მაგის იურიდიული უფლება. სახელებსაც არ მიმხელენ და მშობლებთანაც არ მაკავშირებენ. გიორგი რომ დავიყენო სკოლაში და სახეები ამოვაცნობინო, მერე მივუვარდე და დავასისხლიანო თითოეული, ერთადერთი ბრალდებული მე ვიქნები მაგაზე...
ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს, ჩემი ძმა მოდის სახლში. ვეკითხები, თუა მშვიდობა. კი, ჯერჯერობით არაფერი ხდება, მაგრამ დღეს ერთ-ერთი მასწავლებელი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: "გიორგი, მართალია, რომ შენ თოკას თუ ვიღაცას ჯვარი ჩამოგლიჯე და მერე აძალებდი, რომ ათეისტი გამხდარიყო". მე ვიუარე, რა სისულელეა-მეთქი. მერე დასვენებაზე გოგოებს მოვკარი ყური, რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ, ეს ბიჭი ათეისტიაო...
ამ ყველაფერს ვერც მანდატური უშველის და ვერც 200-ვე პარალელური კლასელის ჩაქოლვა. ბოლომდე ვიცნობ ჩემს ძმას და ზუსტად ვიცი, რომ ზედმეტს არსად არაფერზე იტყოდა მაგ თემაზე და არავის უმიზეზო შეურაცხყოფას არ მიაყენებდა...
არსებობს რომელიმე საჯარო სკოლა საქართველოში, სადაც მსგავსი რამ არ ხდება, მსგავსი აგრესიული სტიქაროსანი ბავშვები არ არსებობენ? სასწრაფოდ მინდა გადავიყვანო ამ სკოლიდან..."