არსებობს რამდენიმე მეთოდი, რითაც შეგიძლიათ, სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოთ ზამთარში ბავშვებს უფრო და უფრო ეზარებათ დილით ადრე ადგომა, სწავლა, საშინაო დავალებები... არსებობს რამდენიმე მეთოდი, რითაც შეგიძლიათ სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოთ.
ატყობთ, რომ ხელწერა გააფუჭა, დღიურში შენიშვნებმა იმატა, ხშირად რჩება დავალება შეუსრულებელი... გეცნოთ ეს ნიშნები? საშიში არაფერია. წლის ბოლოს ბავშვები გადაღლილები არიან და ხშირად აუარესებენ ნიშნებს. განსაკუთრებით ეტყობათ გადაღლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. პირველ-მეორე კლასელები ამ დროს დანანებით იხსენებენ საბავშვო ბაღის "უდარდელ" პერიოდს (რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს? - მეცნიერთა რჩევები მშობლებს).
გაკვეთილებზე ასე თუ ისე ახერხებენ წესრიგს დაემორჩილონ. სამაგიეროდ, სახლში დავალებების შესრულება თითქმის შეუძლებელი ხდება. თუ არ აიძულე, არაფერი გამოდის. შედეგად ყოველდღიური ჩხუბი, ცრემლები, თხოვნა და მუქარა ორივეს ნერვებს გაწყვიტავთ.
დასაშვებია და საჭიროც არის, რომ პირველკლასელს მეცადინეობისას უფროსი ეჯდეს გვერდით. დამოუკიდებლობას და უყურადღებობას ერთმანეთში ნუ აურევთ. თუმცა პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს და საკუთარი დროის განაწილებაც უნდა ისწავლოს. ჩხუბით ვერაფერს მიაღწევთ. ბავშვი უნდა დააინტერესოთ. სტიმული უნდა ჰქონდეს, რომ დავალებები შეასრულოს.
აი, რამდენიმე მაგალითი, როგორ უნდა გაუჩინოთ მეცადინეობის სტიმული. (ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს).
დააწესეთ ბონუსები
შემოიღეთ ჯილდოების სისტემა. გამოჭერით მუყაოსგან ბონუს-ბარათები. თქვენი მთავარი მიზანია, ბავშვი დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. ანუ ბონუს-ბარათს მიიღებს, თუ სამეცადინოდ შეხსენებისა და ჩხუბის გარეშე დაჯდება, მეორე ბონუსი იმისთვის, რომ მარტომ შეასრულა დავალებები. ნუ ეჩხუბებით შეცდომების გამო, უშეცდომოდ სწავლის პროცესი არ არსებობს. დააწესე ჯილდოები - მაგალითად, 15 ბონუსის შემდეგ კომპიუტერზე თამაშის ნება მიეცით. 10 ბონუსი - საჩუქარი, 5 - დედის კოცნა და მოფერება.
აამოქმედეთ "სურვილების ზარდახშა"
უთხარით, რომ კარგად შესრულებული საშინაო დავალებისა და მასწავლებლის შექების შემდეგ შეუძლია ზარდახშაში ფურცელზე დაწერილი სურვილი ჩააგდოს. წინასწარ შეუთანხმდით, რომ ამ სურვილის ასრულება შესაძლებელი უნდა იყოს. ყოველ შაბათ-კვირას ზარდახშიდან ერთ სურვილს ამოიღებთ და შეუსრულებთ.
ამ საჩუქრებით, პოზიტიური განწყობითა და წახალისებებით აუცილებლად დაამარცხებთ სიზარმაცეს.