მინდა, მივმართო მშობლებს... რამდენიმე დღის წინ გავრცელა ინფორმაცია ბაღებში ბავშვების უვარგისი ხორცით კვების შესახებ. უფლებადამცველი, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე ბაღებში უხარისხო ხორცპროდუქტების შეტანის კორუფციულ სქემაზე საუბრობდა და იმასაც ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებში მოწამვლის ფაქტები იყო დაფიქსირებული. "ნაცვლად იმისა, რომ ბავშვმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, ღებულობს 7-ლარიან ხორცს, რითაც წამლავენ ჩვენს პატარებს", - განაცხადა ბურჯანაძემ
ამ ფაქტს მყისიერად გამოეხმაურა ბაღების მართვის სააგენტო, რომელმაც კატეგორიულად უარყო ბურჯანაძის გავრცელებული ინფორმაცია. მშობლების დასამშვიდებლად, ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, სპეციალურად ჩვენი საიტისთვის გაკეთებინა კომენტარი ამ თემაზე:
- მინდა, 52 000-ზე მეტი აღსაზრდელის მშობელს მივმართო და ვუთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდული და არ შეესაბამება სიმართლეს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ყველაზე მკაცრი კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ არის კვების მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულად ხორც-პროდუქტებს, სანამ ის შევა ბაღში, მანამდე გადის ვეტერინარულ შემოწმებას, რის საფუძველზეც კონკრეტულ მიმწოდებელს შემოწმებული ხორც-პროდუქტების შემოწმების დოკუმენტი მიაქვს საბავშვო ბაღის დირექტორთან, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს ხარისხის სერთიფიკატს, რის შემდეგაც ვიზუალურად ხდება მისი დათვალიერება და შემდეგ ხორცი გადადის კვების ობიექტში.
ახალი ადმინისტრაციის პირობებში, სურსათის უვნებლობის მიმართულებით ჩამოყალიბდა ცალკე თემატური ჯგუფი, რომელიც პერიოდულად და პერმანენტულად ახორციელებს მონიტორინგს საბავშვო ბაღებში. მიმდინარე წლის თებერვლიდან, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს გეგმიურ მონიტორინგს თბილისის 158-ვე მუნიციპალურ საბავშვო ბაღში, უკვე ბაღების დიდი ნაწილი შემოწმებულია და მსგავსი გადაცდომები ან უხარისხო საკვების შესვლის ფაქტები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ბაღს, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობდა, ცხელი ხაზის საშუალებით ბაღის დირექტორმა იმავე დღეს გამოიძახა შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომელმაც ადგილზე შეისწავლა აღნიშნული ფაქტი, რის შედეგადაც ცრუ ინფორმაცია არ დადასტურდა და ამის დოკუმენტი არსებობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართონ. მაგრამ მე მაქვს რამდენიმა შეკითხვა? იმ ადამიანს, ვინც გაავრცელა ეს ინფორმაცია, მინდა ვკითხო, რატომ არ ასახელებს ბაღს, საიდანაც წამოღებული აქვს ნიმუშები, სხვათა შორის, ეს კითხვა მედიის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ, მაგრამ მან ისინიც უპასუხოდ დატოვა. ბოლო 7 თვის განმავლობაში, არც ერთი ბაღიდან არავის არ აუღია ხორცის ნიმუში, ეს გადამოწმებული ინფორმაციაა და ამ ადამიანმა საიდან დადო ეს შედეგი ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა რატომ უნდოდა, ჯერჯერობით არ ვიცი. ის ასევე საუბრობდა მოწამვლის ფაქტებზე, რომელიც ოფიციალურად არ საბუთდება. შესაბამისად, არგუმენტებს, დოკუმენტაციას, მტკიცებულებებს მოკლებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.
- ალბათ იცით, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ინფორმაციის გაჟღერებას. როცა საიტზე მასალა გამოქვეყნდა, კომენტარებში რამდენიმე ადამიანი წერდა, მე თვითონ ვმუშაობ ბაღში და ვიცი, რომ არაა ჯანსაღი გარემო სამზარეულოში, მაგრამ ვერაფერს ვცვლიო...
- მე არ გამოვრციხავ, რომ ეს ყველაფერი კარგად დაგეგმა ვიღაცამ და ასეთი კომენტარებიც ამის შედეგია. თუმცა, თუ მშობლებს რაიმე შეკითხვები აქვთ ამასთან დაკავშირებით, მოგვმართონ. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ფაქტს, რომ მშობლებს ჩვენთვის მოემართოთ და ჩვენ რეაგირება არ მოგვეხდინოს, ასეთი რამ გამორიცხულია. მე იმას არ ვიტყვი, რომ იდეალურზე უფრო მაღლაა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ გამოვასწორეთ, განსაკუთრებით მკაცრი მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშაა კვების საკითხი. მინდა მივმართო მშობლებს, მსგავსი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ვიდრე არ მიიღებენ ფაქტებს, არგუმენტებს, დოკუმენტაციას, არ უნდა აჰყვნენ და აქცენტი არ უნდა გააკეთონ ამაზე. არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფრის გავრცელებას, მაგრამ წარმოიდგინეთ, თებერვალში ჩატარდა მკაცრი მონიტორინგი როგორც ბაღების სააგენტოს, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და ამ პერიოდში, ასეთი მონიტორინგის ფონზე, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომდარიყო? გამორიცხულია!
- ზოგადად, რა სიხშირით შედის ხორცი და მალფუჭებადი პროდუქტი ბაღებში?
- მარტივად რომ ვთქვა, ხორცი არ უნდა გაიყინოს, ამიტომ საბავშვო ბაღში შედის რბილი ხორცი და 72 საათზე მეტხანს არ ჩერდება, თუ ამ პერიოდში ვერ ამოიწურა შესული მარაგი, ხდება მისი განადგურება.
ციცი ომანიძე