რატომ უნდა გარეცხოთ კივი და როგორ უნდა გაასინჯოთ ციტრუსი ან ახალი ბოსტნეული? აქტუალურ შეკითხვაზე გვპასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ხატია შუკაკიძე:
- ხილის შერჩევისას დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ხილი არ არის შეწამლული, ამიტომ უმჯობესია ხილი შეიძინოთ მცირე ფერმერებისგან ან ნაცნობი ადამიანებისგან. 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვთა კვების რაციონში ვხვდებით შემდეგ ხილს: ვაშლი, მსხალი, ბანანი, ავოკადო, ქლიავი. ორიდან ხუთ წლამდე ბავშვმა სასურველია მიირთვას მწიფე, ტკბილი კივი.
თუ პატარა ალერგიული არ არის, შეგიძლიათ, უფრო ადრეულ ასაკშიც მისცეთ. ჯერ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი კივის წვენი გაასინჯეთ. თუ ალერგიული რეაქცია არ განვითარდა, შეგიძლიათ, ის სტაფილოსა და ვაშლის წვენში გააზავოთ და ისე ასვათ.
კივის პესტიციდებით ამუშავებენ, ამიტომ გაფცქვნამდე ნაყოფი კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლის ქვეშ.
ციტრუსი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია, შესაბამისად მათი საკვებ რაციონში ჩართვა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.
რაც შეეხება ბოსტნეულს, გაითვალისწინეთ მათი მიწასთან კონტაქტი და მათში ნიტრატების არსებობის საშიშროება. გარეცხეთ კარგად გამდინარ ცივ წყალში. სპეციალისტთა აზრით, უმჯობესია, თავდაპირველად ბავშვს ნაკლებად ალერგენული ბოსტნეული გავასინჯოთ: ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ღია ფერის გოგრა; მერე ამას შეიძლება დავუმატოთ სტაფილო, კარტოფილი. კარტოფილი უმჯობესია სტაფილოსთან ან ყაბაყთან ერთად მივცეთ, ვინაიდან სუფთა კარტოფილის პიურე მძიმე საკვებია ჩვილისთვის. თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო, თავი ხახვი საკვებს 11-12 თვიდან დაამატეთ. ასევე მიზანშეწონილია საკვებ რაციონში გამოიყენოთ მწვანილი.
სალომე გორგოშიძე