რომელ ასაკში როგორ უნდა ლაპარაკობდეს ბავშვი და როდის უნდა მიმართოთ ლოგოპედს - სპეციალისტის რჩევები ეკა ჭავჭავაძე ექიმი, მეტყველების თერაპევტი გახლავთ. მეტყველების განვითარებისა და კორექციის კაბინეტის "ლოგომედის" ხელმძღვანელია - ეს მეტყველების დარღვევებზე სპეციალიზებული პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ცენტრია მთელ ამიერკავკასიაში. მეტყველებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე ეკამ მეტად საინტერესო და ამომწურავი პასუხები გაგვცა.
- რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარის ალაპარაკება?
- ლაპარაკს ასე ვიწყებთ:
2-3 თვე: პატარა ღუღუნებს, წარმოთქვამს ბგერებს "ა", "ი", ზოგჯერ შესაძლებელია "გ"-ც. 7-9 თვე: პატარა ტიტინებს, წარმოთქვამს ერთნაირ მარცვლებს: დე-დე, მა-მა, ბე-ბე, პა-პა, ბა-ბა, ბუ-ბუ, მუ-მუ. 9-11 თვე: პატარა უკვე ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული მარცვლებისა და სიტყვების გამეორებას. 11-13 თვე: ჩნდება პირველი ორი იდენტური ან მსგავსი მარცვლებისგან შემდგარი გააზრებული სიტყვები: დედა, მამა, ბებო, პაპა, ბაბუ. 2-3 წელი: პატარა იწყებს წინადადებებით საუბარს. ამ ასაკში ბავშვის ლექსიკური მარაგი უნდა შეადგენდეს 300-მდე სიტყვას. ასეთია ბავშვის მეტყველების ნორმალური განვითარების ეტაპები. ნებისმიერ ეტაპზე გადახრა ნორმიდან საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას. ნუ დაუგდებთ ყურს ასეთი ტიპის რჩევა-დარიგებებს: "ჩემსასაც ასე ჰქონდა, მაგრამ მერე თავისით ალაპარაკდა", "მის მამასაც გვიან დაუწყია საუბარი და ესეც ასე დაიწყებს", "ბიჭები ზოგადად გვიან იწყებენ ლაპარაკს", "ილაპარაკებს, აბა რას იზამს, ჯანმრთელი ბავშვია, სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს".
- დაგვიანების შემთხვევაში რისი გაკეთება შეუძლია მშობელს, რომ ბავშვს დროულად ამეტყველებაში დაეხმაროს?
- როდესაც ამეტყველება გვიანდება, პატარა უნდა ვაჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, აუცილებელია დადგინდეს რითია გამოწვეული უმეტყველობა. დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ კი იწყება მეტყველების თერაპია. დამღუპველია 3 წლამდე ლოდინი, როგორი გენეტიკური მიზეზებიც არ უნდა იყოს ოჯახში. 2 წლის ასაკში უკვე უნდა დადგინდეს პრობლემის მიზეზი.
- როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი ამა თუUიმ ასაკში, როგორ უნდა მივხვდეთ როდისაა საჭირო ბავშვის მიყვანა მეტყველების თერაპევტთან და როდის შეიძლება მდგომარეობა ნორმად მივიჩნიოთ?
- 3 წლის ასაკში - ბავშვი გამართულად უნდა წარმოთქვამდეს: პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ-ს. 4 წლის ასაკში - სისინა ბგერებს: ს, ზ, ც. 5 წლის ასაკში - შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, წ. გამართულად უნდა ამბობდეს რ-სა და ლ-ს. ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა შეიძლება ფიზიოლოგიურ პრობლემად მივიჩნიოთ გარკვეულ ასაკამდე - 4-4,5 წელი. თუ პატარა ამ ბგერებს ასაკის გათვალისწინებით უბრალოდ ნაწილობრივად ამახინჯებს, ამ ეტაპზე მეტყველების თერაპევტს დასახმარებლად არ მივმართოთ, ბავშვი მათ თავადვე გამოასწორებს.
მეტყველების თერაპევტთან ვიზიტი საჭიროა ნებისმიერ ასაკში, თუ პატარას რომელიმე ბგერა საერთოდ არ აქვს ან მათ წარმოთქვამს არტიკულაციის უხეში დარღვევით: ყელისმიერად, გვერდულად, ცხვირისმიერად, კბილთაშუა.
გაითვალისწინეთ: რაც უფრო ხანგრძლივია დეფექტი, მით უფრო რთულია მისი გამოსწორება. წარმოიდგინეთ, ბავშვის მეტყველება თიხაა, ვიდრე ის რბილია მისთვის სწორი ფორმის მიცემა გაცილებით მარტივი და ადვილია! ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს!
- რას ნიშნავს მეტყველების დარღვევა, რა იგულისხმება ამაში?
- მეტყველების ყველაზე გავრცელებული მოშლილობაა დისლალია - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ წარმოთქვამს ამა თუ იმ ბგერას ან წარმოთქვამს დამახინჯებულად, უსუფთაოდ. დისლალიას განეკუთვნება მდგომარეობებიც, როცა ადამიანი რომელიმე ერთ ბგერას ყოველთვის ანაცვლებს მეორე ბგერით, მაგალითად ხშირია რ-ლ-ს დიფერენცირების დარღვევა, გ-დ, კ-ტ და ქ-თ ბგერათა ერთმანეთის ნაცვლად გამოყენება.
რაც შეეხება უსუფთაო წარმოთქმას, ამ კუთხით ყველაზე ხშირია სიგმატიზმი - შიშინა და სისინა ბგერების დარღვევა, აგრეთვე როტაციზმი, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს ბგერა რ-ს და ლამბდაციზმი - ლ ბგერის წარმოთქმის დარღვევა.
- თუ ბავშვი საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც მაინც ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს, მაშინ?..
- არსებობს შემთხვევები, როდესაც მეტყველების ფორმირების შემდგომ მშობლები უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათი პატარა, საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც კი, ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს. ზოგჯერ ეს მხოლოდ აქტიური მეტყველებისას ვლინდება (ექსპრესიული აგრამატიზმი) და ყურადღების კონცენტრირებისას ნაკლებად თვალში საცემია, ზოგჯერ კი პირიქით, წერის, თხრობისას (იმპრესიული აგრამატიზმი) იჩენს თავს. ამ დარღვევისას ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სიტყვათაშორის ურთიერთობების გამოხატვა: კავშირი, თანდებული, წინდებული და შორისდებულების სათანადო გამოყენება.
ამ მოვლენას აგრამატიზმი ჰქვია, 3-4- წლამდე შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალის, 5 წლის ასაკისთვის კი აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რადგანაც ზოგჯერ იგი ნეიროფსიქოლოგიური მოშლილობაა, რომელიც მეტყველების გრამატიკული სტრუქტურისა და გამართულად საუბრის უნარის სრულ ან ნაწილობრივ უქონლობაზე მეტყველებს. თუ ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, რათა დროულად დადგინდეს ყოველივე ყურადღების დეფიციტის, თუ თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის არის კეროვანი ან ტრავმული დაზიანების შედეგია, რადგან ორივე შემთხვევაში აუცილებელია როგორც მეტყველების, ისე მედიკამენტური თერაპია.
- თუ შეიძლება გვასწვალოთ რაიმე მარტივი სავარჯიშოები, რომლითაც მშობლები შვილებს დაეხმარებიან გამართულად საუბარში?
- ბავშვმა რომ გამართულად იმეტყველოს, მას უწინარეს ყოვლისა თავად უნდა ესმოდეს სწორი და გამართული მეტყველება, ამისთვის აუცილებელია არ ვესაუბროთ ენის მოჩლექვით, დამახინჯებულად ფორმირებული სიტყვებით, უნდა ვუკითხოთ მარტივი წინადადებებისგან შემდგარი საბავშვო ზღაპრები და მოთხრობები, უნდა ვეცადოთ გავუხმოვანოთ სამყარო მათი ინტერესების შესაბამისად, ისე, რომ სიტყვიერი კონტაქტის, ე.წ. ვერბალური კომუნიკაციის სურვილი გაუჩნდეს.
- საინტერესოა ისიც, თუ რა ხერხს უნდა მიმართოს მშობელმა, როგორ უნდა მისცეს შენიშვნა, ისე რომ ეს ბავშვისთვის არ იყოს მტკივნეული და სტრესული.
- ამ შემთხვევაში აკრძალულია და არ არის გამართული ხმამაღლა პატარას შევუსწოროთ არასწორად გამოთქმული სიტყვები თუ ფრაზები, უმჯობესია იგივე საკმაოდ მშვიდად გავუმეოროთ სწორად, ყოველგვარი გამეორების მოთხოვნის გარეშე, და თუ მეტყველების სერიოზულ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, იგი აუცილებლად თავადვე ძალზე უმტკივნეულოდ გამოასწორებს მათ.
- თუ ბავშვი საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზე მაინც ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს, მაშინ?..
- არსებობს შემთხვევები, როდესაც მეტყველების ფორმირების შემდგომ მშობლები უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათი პატარა, საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც კი, ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს. ზოგჯერ ეს მხოლოდ აქტიური მეტყველებისას ვლინდება (ექსპრესიული აგრამატიზმი) და ყურადღების კონცენტრირებისას ნაკლებად თვალში საცემია, ზოგჯერ კი პირიქით, წერის, თხრობისას (იმპრესიული აგრამატიზმი) იჩენს თავს. ამ დარღვევისას ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სიტყვათაშორის ურთიერთობების გამოხატვა: კავშირი, თანდებული, წინდებული და შორისდებულების სათანადო გამოყენება.
ამ მოვლენას აგრამატიზმი ჰქვია, 3-4 წლამდე შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს, 5 წლის ასაკისთვის კი აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რადგანაც ზოგჯერ იგი ნეიროფსიქოლოგიური მოშლილობაა, რომელიც მეტყველების გრამატიკული სტრუქტურისა და გამართულად საუბრის უნარის სრულ ან ნაწილობრივ უქონლობაზე მეტყველებს. თუ ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, რათა დროულად დადგინდეს ყოველივე ყურადღების დეფიციტის, თუ თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის არის კეროვანი ან ტრავმული დაზიანების შედეგია, რადგან ორივე შემთხვევაში აუცილებელია როგორც მეტყველების, ისე მედიკამენტური თერაპია.
- რამდენად შესაძლებელია მეტყველების პრობლემის აღმოფხვრა ზრდასრულ ასაკში?
- მეტყველების დეფექტების აღმოფხვრა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად დეფექტის გამოსწორების ვადები საკმაოდ იზრდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია მეტყველებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე მშობლებმა ადრეულ ასაკიდანვე იზრუნონ, რათა მომავალში შვილებს საკმაოდ ბევრი პრობლემა და უსიამოვნო განცდა ააცილონ თავიდან.
ციცი ომანიძე
ასევე იხილეთ:
როგორ მოვიქცეთ ენის ბორძიკის დროს