სპეციალისტის რჩევები და საგანგაშო სტატისტიკა უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. რა იწვევს უშვილობას და რით შეიძლება ვუმკურნალოთ მას. უფრო დაწვრილებით ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე გვესაუბრება.
- როგორია დღეს უშვილობის სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში?
- უნაყოფობა გვხვდება ყველა ქორწინების 10-20%-ში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამედიცინო და სოციალური პრობლემას, რადგან გავლენას ახდენს შობადობის მაჩვენებლებზე. მიზეზი 40%-ში მამკაცის და 60%-ში ქალის ფაქტორები შეიძლება იყოს. თუმცა არაიშვიათია ამ ფაქტორების თანხვედრა (15-20%).
- რა შეიძლება იყოს უშვილობის გამომწვევი მიზეზი?
- უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ორგანოების სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული ანთებითი დაავადებები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები, სქესობრივი ორგანოების განუვითარებლობა (ინფანტილიზმი, ჰიპოპლაზია), სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა, ენდომეტრიოზი, სასქესო ორგანოების სიმსივნეები, ექსტრაგენიტალური დაავადებები (რევმატიზმი, ტუბერკულოზი და სხვა). არასრულფასოვანი კვება როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, და შედეგად მეტაბოლური დარღვევები (წონის სიჭარბე ან დეფიციტი). ასევე იმუნური ფაქტორები.
- თქვენი აზრით, როდის უნდა მიაკითხოს წყვილმა ექიმ რეპროდუქტოლოგს?
- იდეალური ვარიანტია, წყვილმა დაქორწინებამდე მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევები. თუ დადგინდა რაიმე ინფექციური ან ენდოკრინული ფაქტორი, დაქორწინებამდე ჩატარდეს მკურნალობა. ეს კულტურა, სამწუხაროდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ ვერ დაინერგა. ქორწინების შემდეგ თუ წყვილს არაფერი არ აწუხებს და რეგულარული სქესობრივი კავშირის ფონზე 1 წლის განმავლობაში ორსულობა არ დადგა, უნდა მიმართონ ექიმ რეპროდუქტოლოგს. ასევე თუ რაიმე ჩივილები გაუჩნდათ (ტკივილები, ინფექციის ნიშნები და სხვა), უნდა მიმართონ მაშინვე. ხოლო თუ წყვილი დაქორწინდა 30-40 წლის ასაკში, უმჯობესია მალევე მიმართონ რეპროდუქტოლოგს.
- არსებობს მოსაზრება, რომ გეგმიური აცრები, რომლებიც თითქმის ყველა ბავშვს უკეთდება დროთა განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს მათ რეპროდუქციულ უნარზე. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- აცრები აუცილებელია, რადგან გახშირდა ინფექციები ორსულობის დროს. ჩვენ ყველა აგვცრეს ბავშვობაში, ამას უარყოფითად არ უმოქმედია ჩვენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
- რა ასაკია ბავშვის გაჩენისთვის ყველაზე ოპტიმალური?
- ქალისთვის ოპტიმალური რეპროდუქციული ასაკი არის 20-35 წელი. პირველი შვილის გაჩენისთვის საუკეთესო ასაკი 25-27 წელია. მამაკაცისთვის ოპტიმალური რეპროდუქციული ასაკი არის 35 წლამდე, შემდეგ მისი სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნარი მცირდება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებსაც უშვილობის პრობლემა აწუხებთ. "ბავშვს რატომ არ ელოდები?" "დროა უკვე, მალე გააჩინე" და მსგავსი ტიპის ფრაზები, ცხადია, დამთრგუნველად მოქმედებს. გირჩევთ, მიაკითხოთ ექიმს, იმკურნალოთ და თქვენი გონება მხოლოდ დადებითისკენ მომართოთ. გადაერთეთ სხვა რამეზე, გაერთეთ, შეისწავლეთ ახალი საქმიანობა, დაკავდით სპორტით და გახსოვდეთ, სიხარული მაშინ მოვა, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად ელოდებით.
სალომე გორგოშიძე