ენდოკრინოლოგისა და ფსიქოლოგის ძალიან საჭირო რეკომენდაციები მშობლების უმეტესობისთვის რთულია შვილის გარდატეხის ასაკის თავისებურებებთან გამკლავება. რა არის გარდატეხის ასაკი, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს გარდატეხის პერიოდი დაეწყო, რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო თვალსაზრისით. ამ საკითხზე ვესაუბრეთ მოზარდთა და ბავშვთა ენდოკრინოლოგს მარიამ ბალახაძეს.
- რა არის გარდატეხის ასაკი და რომელ წლებში იწყება ის?
- გარდატეხის ასაკი, სამედიცინო ენაზე - "პუბერტატი" ეს ის დროა, როდესაც იწყება ბავშვის სქესობრივი მომწიფების პროცესი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხდება გარდატეხა, არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობისა, არამედ მისი სულიერი სამყაროსიც.
- რა პრობლემები იჩენს თავს ამ დროს?
- ამ დროს ძირითადად ფსიქო-სოციალური ფაქტორები იჩენს ხოლმე თავს, გარდატეხის ასაკი ეს არის ინდივიდის თვითდამკვიდრების პროცესი, მოზარდები იბრძვიან საკუთარი ადგილის დასაკავებლად. თუმცა ამავე დროს შეიძლება თავი იჩინოს რიგმა დაავადებებმაც ან გამწვავდეს მანამდე მიძინებული ქრონიკული მდგომარეობები.
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს გარდატეხის პერიოდი დაეწყო?
- ბიჭებში პუბერტატი იწყება სათესლე ჯირკვლების გადიდებით პუბერტატის დადგომის საშუალო ასაკი 11-12 წელია. გოგონებში კი პირველი ნიშანი სარძევე ჯირკვლის გადიდებაა. გარდატეხის ასაკი საშუალოდ 10 წლიდან დგება.
- რა ცვლილებებს განიცდის ორგანიზმი ამ დროს?
- ამ დროს იწყება მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. სარძევე ჯირკვლების ან სათესლე ჯირკვლების ზრდა, თმიანობის გაჩენა ბოქვენსა და იღლიის ფოსოებში, წვერისა და ულვაშების ზრდა ბიჭებში. ამ პერიოდში ზოგიერთს ჰორმონალური დარღვევებიც აქვს. თუ ამჩნევთ, რომ ბავშვმა მოიმატა ან დაიკლო წონაში, აქვს ჭარბთმიანობა, სტრიები სხეულზე, არის მოთენთილი, აქვს ძილიანობა, ადვილად იღლება, დაეწყო თმის ცვენა, არ იზრდება კარგად და ა.შ., აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
ასევე ძლიერ მნიშვნელოვანია სწრაფი ზრდის პერიოდი, რომელიც აუცილებლად თან უნდა ახლდეს სქესობრივ მომწიფებას: ზრდის სიჩქარე მატებას გოგონებში დაახლოებით 9 წლის ასაკში იწყებს და პიკს აღწევს 12 წლისთვის. გოგონები საშუალოდ 9 სმ-ს იმატებენ წელიწადში. ბიჭებში სიმაღლეში ზრდის სიჩქარე მატებას იწყებს დაახლოებით 11 წლის ასაკისთვის და პიკს აღწევს 13-14 წლისთვის, ბიჭები უფრო მეტს - საშუალოდ 10,3 სმ-ს იმატებენ წელიწადში.
- რით უნდა შეუწყოს ხელი მშობელმა მოზარდს ამ პერიოდში?
- ამ დროს მშობლები უნდა შეეცადონ გაითვალისწინონ ბავშვის ხასიათის ცვლილებები და ჭირვეულობა თუ სიჯიუტე ადექვატურად აღიქვან. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ ფსიქოლოგის რჩევებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარდატეხის პერიოდში არ დაირღვეს ბავშვის ჯანსაღი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პრინციპები. დაუშვებელია თვითნებური არაბალანსირებული დიეტები.
- შესაძლოა, რომ გარდატეხის ასაკში დაწყებული ცუდი განწყობა, მუდმივი გაღიზიანება, ამ ასაკიდან გამოსვლის შემდეგაც გაგრძელდეს?
- უმრავლეს შემთხვევაში ხასიათის ცვლილებები, რომელიც თან ახლავს გარდატეხის ასაკს, სქესობრივი მომწიფების დამთავრებასთან ერთად ქრება.
- უნდა მიმართოს თუ არა მშობელმა ფსიქოლოგს?
- თუ მშობელი ატყობს, რომ თვითონ ვერ უმკლავდება შექმნილ სიტუაციას, აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს.
- ბევრი გოგონა და ბიჭი უსწრებს ასაკს ფიზიკური განვითარებით, რაც ასევე პრობლემაა. ამ დროს თუ არის საჭირო ენდოკრინოლოგის ჩარევა?
- თუ სქესობრივი მომწიფება დაიწყო ბიჭებში 9 წლის ასაკზე, ხოლო გოგონებში - 8 წლის ასაკზე უფრო ადრე, აუცილებლად უნდა მიმართოთო ენდოკრინოლოგს.
- რას ურჩევთ მშობლებს? რაზე გაამახვილონ ყურადღება და როგორ "გადააგორონ" ეს პერიოდი?
- მშობლებს ვურჩევ, იყვნენ მომთმენნი და შეეცადონ მშობლის როლიდან გადაინაცვლონ მეგობრის როლში. საჭიროების შემთხვევაში კი მიმართონ სპეციალისტების დახმარებას.
გარდატეხის ასაკი ძალიან სწრაფი ცვლილებების პერიოდია, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი თვალსაზრისითაც. სწორი მიდგომის შემთხვევაში, მშობლებს შეუძლიათ გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემების შედარებით ცივილიზებული გზით მოგვარება. როგორ უნდა მიუდგეს მშობელი ბავშვს ამ პერიოდში გთავაზობთ ფსიქოლოგის, ეკატერინე ჯაყელის რჩევებს:
- ნუ შეშინდებით, თქვენ მოთმინება გმართებთ. გაიხსენეთ, თქვენ უკვე იყავით მსგავს მდგომარეობაში. გახსოვთ, როგორ მიაჩვიეთ თქვენი პატარა ღამის ქოთანში მოსაქმებას? გახსოვთ, როგორ აჭმევდით წვნიანს, რომელიც არ მოსწონდა? გახსოვთ, როგორ გიშვებდათ ხელს ქუჩაში სეირნობისას და სიცილით გარბოდა? თქვენ მას ასწავლეთ სიარული, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი. ახლა თქვენს წინაშე ისევ ის ბავშვია, რომელიც ზრდასრულ პიროვნებად უნდა იქცეს. მშობლებო, დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე, ამიტომ დაბრუნდით უკან, დაიბრუნეთ ახალგაზრდა დედ-მამის ენერგიულობა და თავიდან დაიწყეთ შვილის ახალი ენის გაგება. ნუ გაბრაზდებით, არ განეწყოთ აგრესიულად, ეცადეთ უფრო მეტად დაუმეგობრდეთ და გაუგოთ. ეს ის პატარა ბავშვია, სიტყვებს რომ ვერ ამბობდა და თქვენ მაინც გესმოდათ მისი. მასთან ერთად მოუსმინეთ სიმღერებს, რომელიც დიდად არ მოგწონთ, ნუ დაუწუნებთ ჩაცმულობას, ნურც მეგობრების ნახვას აუკრძალავთ, თქვენს შვილს თვითდამკვიდრების პერიოდი აქვს. თუ რაღაც არ მოგწონთ, ნუ მისცემთ ამას აკრძალვის ფორმას, გახსოვდეთ, "აკრძალული ხილი გემრიელია". ამ პერიოდში ბავშვები ავლენენ დაფარულ ნიჭს, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მუსიკამ, ხატვამ, წერამ გაიტაცოს. არავითარ შემთხვევაში არ დათრგუნოთ ეს უნარები, არ დასცინოთ და ყველანაირად შეუწყვეთ ხელი მათ განვითარებას. გავა რამდენიმე წელი და ყველაფერი ნორმაში ჩადგება. როგორ ადამიანად ჩამოყალიბდება თქვენი შვილი, შეძლებს თუ არა თავისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნება გაიზრდება, ისევ და ისევ თქვეზეა დამოკიდებული. მაშ ასე, ახალი ენერგიით, ახალი შემართებით შეეგებეთ ახალ პერიოდს თქვენს ცხოვრებაში.
სალომე გორგოშიძე