ქოშინის და გაძნელებულ სუნთქვის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება იყოს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შემოდგომაა, ზამთრისთვის ჩვეულმა დაავადებებმა უკვე შეაწუხეს ბავშვებიც და მშობლებიც. გაძნელებული სუნთქვა და შეუჩერებელი ხველა ხშირად გვაწუხებს. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში, ცნობილი ექიმი კომაროვსკი გვირჩევს.
რეალურად ეს პრობლემა სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, რადგან ქოშინის და გაძნელებულ სუნთქვის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება იყოს და თუ გახანგრძლივდა, შედეგებიც არ მოსდევს კარგი. ასთმა, ალერგია, ბრონქიტი, მოწამვლა, გულის პრობლემები, დაბალი გემოგლობინი - ეს დაავადებები სხვადასხვა გზით იკურნება, ამიტომ რასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას. ჯობს ასეთი შემთხვევების დროს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.
ქოშინისა და ხველის მიზეზი შეიძლება, სულაც უმნიშვნელო იყოს და ძალიან მარტივად მოგვარდეს. მაგალითად, ზამთრის ერთ ცივ დღეს დაიბადა ჩვილი ბავშვი, ის მიიყვანეს სახლში, რომელშიც გამომშრალი ჰაერია, ოთახში ტემპერატურა 25 გარადუსზე მეტი. ბებიის თუ სხვა რომელიმე უფროსის რჩევით, ბავშვი არ უნდა გაასეირნონ, რადგან ძალიან ცივა. ამ დროს ხდება შემდეგი: ჩვილმა არ იცის პირით სუნთქვა, მას მშრალი ჰაერის და სიცხის გამო უშრება ცხვირის ლორწოვანი, ცხვირიდან გამონადენი ნესტოებში გროვდება და ხმება. ამ დროს ორგანიზმი იღებს იმაზე ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე მას სჭირდება. მას ეწყება სუნთქვის გაძნელება. ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, ამ დროს აუცილებლად დაიწყებს ქოშინს და შეშინებული მშობლები სასწრაფოდ გამოიძახებენ სასწრაფო დახმარებას. ასეთ დროს ბავშვს ცხვირი უნდა გამოუსუფთაოთ ასპირატორით (რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება და ძვირი არ ღირს), მანამდე ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარი ან თავად დაამზადეთ უებარი სითხე ასეთი შემთხვევებისთვის: 1 ლიტრ ადუღებულ წყალში 1 ჩაის კოვზი მარილი გახსენით. გააციეთ და ჩააწვეთეთ ბავშვს ნესტოებში.
აუცილებლად გაანიავეთ ოთახი. სამშობიაროში წასვლამდე დაფიქრდით, როგორ პირობებში უნდა იცხოვროს თქვენმა პატარამ.
ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის საჭიროა, რომ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარში 22 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, უნდა იყოს ჰაერის დამატენიანებელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჰაერის ტენიანობა 50-70%. კლიმატის საკონტროლებლად დაგჭირდებათ ოთახის თერმომეტრი და ჰიგრომეტრი. თუ ბავშვს აქვს სურდო, რეგულარულად ანიავეთ ოთახი, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, სუფთა ჰაერი არის პირველი სასწრაფო დახმარება.
ქოშინის დროს ჯობს, ბავშვი ოდნავ წამომჯდარი იყოს და წინ გადაწეული, შეუძლია, მაგიდას დაეყრდნოს, ამ დროს ყველაზე კარგად მიეწოდება ჰაერი ფილტვებს.
კარგია ამ დროს ინჰალატორების გამოყენება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა ჰკითხოთ რცევა ექიმს - ინჰალატორში ამოსახველებელი უნდა ჩაასხათ თუ სპაზმის მომხსნელი. წამალსაც ის დანიშნავს - ბავშვი ხან იმის გამო ახველებს, რომ ნახველი დაუგროვდა და ასეთ შემთხვევაში ამოსახველებელი სჭირდება, ხან კი სპაზმი აქვს, რასაც სპაზმის მომხსნელები სჭირდება. ეს ექიმმა უნდა დაადგინოს და მკურნალობაც მან უნდა დააწესოს. ექიმის უნებართვოდ ქიმიურ პრეპარატებს ბავშვს ნუ მისცემთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაძნელებულ სუნთქვის და ხველას ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სწორი დიაგნოზის დასმის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, როგორ იწყება სუნთქვის გაძნელება. რა ჭირს - ჩასუნთქვა თუ ამოსუნთქვა. მაგალითად, როცა მწვავე ალერგიულ რეაქციასთან გვაქვს საქმე, ხდება ბრონქების სპაზმი, ამ დროს ძნელია ამოსუნთქვა. ალერგიულ ბავშვებს ეს შეიძლება დაემართოთ დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ბევრი ადამიანია და ყველას განსხვავებული სუნამო ასხია, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში, ოთახში, სადაც ეწევიან, აუზზე, სადაც დიდია ქლორის კონცენტრაცია. ამ დროს სასწრაფოდ უნდა მოვშორდეთ ასეთ ადგილს და სუფთა ჰაერზე გამოვიდეთ. ჩასუნთქვა ძნელია მაშინ, როდესაც საქმე ცრუ კრუპთან გვაქვს.
სასურველია, როდესაც ბავშვი ცუდად არის, მშობელმა გააკეთოს ყოველდღიური ჩანაწერები ბავშვის მდგომარეობის და დაავადების სიმპტომების შესახებ, ეს ჩანაწერები ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
გაუჩერებელი ხველა ძირითადად გამოწვეულია ე.წ უკანა რინიტით.
ბავშვის ლეიბის ქვეშ დადეთ მაღალი ბალიში, რადგან ხველა ღამე უფრო აქტიუდება. გაუჩერებელ ხველას შველის ნებისმიერი საწუწნი კანფეტი. პატარებისთვის უმჯობესია - ჯოხიანი. სუფთა ჰაერი. თბილი სითხეების ხშირად მიღება. უფროსები სპაზმის დროს შედით აბაზანაში, სადაც ტემპერატურა 18 გრადუსს არ აღემატება, მოუშვით ონკანში ცივი წყალი და ღრმად ისუნთქეთ. მუდამ მზად გქონდეთ ბავშვის აფთიაქი, დაიცავით ნორმები და არ ინერვიულოთ. გართულების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
იხილეთ ასევე:
ხუთი აუცილებელი პრინციპი ბავშვის ჯანმრთელობისთვის
აუცილებელი რჩევები, როცა ბავშვი ავადაა
ყარამან ფაღავას რჩევები ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით