გამორიცხული არ არის, რომ ყოველ მეოთხე თინეიჯერს დაქვეითებული ჰქონდეს სმენა რას ნიშნავს დაქვეითებული სმენა? რას ფიქრობს საზოგადოება ამ თემაზე საქართველოში?
სმენის დაქვეითება უხილავი მდგომარეობაა, მას ვიზუალური მხარე არ გააჩნია. ის შეიძლება გამოვლინდეს მცირე ფორმით და გართულდეს ეტაპობრივად. დაქვეითების რამდენიმე დონე არსებობს, მარტივად რომ ვთქვათ - მცირე, საშუალო და მწვავე. ის არ გამოიხატება პროცენტებში. ადამიანი შეიძლება ჩვეულებრივ ამყარებდეს კომუნიკაციას და მას ჰქონდეს სმენის დაქვეითება და ვერც კი ხვდებოდეს, რომ დაუქვეითდა სმენა. ჰგონია, რომ მის გარშემო ყველა ალუღლუღდა და გაურკვევლად საუბრობს.
მსოფლიოში ყოველი მეათე სმენადაქვეითებულია, საქართველოში ეს ციფრი სავარაუდოდ უფრო მაღალია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში კარგად შემუშავებული პრევენციის გზებია დანერგილი, რაც ჩვენთან არ არსებობს. ჩვენთან დღემდე გამოიყენება მედიკამენტები, რომელიც უშუალოდ იწვევს სმენის დაქვეითებას, ამას თან ერთვის ექიმების დაუდევრობა და შეცდომები. და ყველაზე მთავარი მიზეზი არის თანამედროვე სამყარო: ძლიერი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითება.
ამერიკაში ყოველი მეხუთე თინეიჯერი სმენადაქვეითებულია, რაც ძირითადად მაღალი ხმითაა გამოწვეული. საქართველოში რა ხდება? იქ სადაც “მაგარი გოგო/ბიჭი ვარ”, თუ იარაღს გავისვრი და სმენის დამცავები არ მეკეთება; ბოლომდე მექნება მანქანაში მუსიკის ხმა აწეული; ყურსასმენები მიკეთია და ისეთ ხმაზე მაქვს აწეული, გვერდით მდგომებსაც კი ესმით; წვეულებაზე მუსიკა ისეთ ხმაზეა აწეული, გვერდითა კორპუსში ისმის; საახალწლო ასაფეთქებელი უნდა შევუგდო ჩემს მეგობარს, რომ მისი შეშინებული წივილ-კივილი გავიგონო; კონცერტზე/რესტორნებში რაც შეიძლება ახლოს უნდა მოვხვდე სცენასთან და რა თქმა უნდა, ხმის გამაძლიერებლებთან და კარგად “გავაჯაზო”. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ ყოველ მეოთხე თინეიჯერს დაქვეითებული ჰქონდეს სმენა და ამავდროულად იტანჯებოდეს ყურებში ხმაურისგან (ტინიტუსისგან).
როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები საზოგადოებაში, სადაც ძირითადად მიჩნეულია, რომ მხოლოდ ხანდაზმულებს აქვთ სმენა დაქვეითებული? საუბრისას ვერ გაიგე რამე: რა იყო, რა გჭირს, რამ დაგაყრუა, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? რაღაც არასწორად გაიგე და პირიქით თქვი, რა თქმა უნდა, დაცინვის ობიექტი ხდები. არ გინდა მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა, მარტო გირჩევნია ყოფნა, შენთვის უფრო კომფორტულია, აღარ გიზიდავს წვეულებები, შეიძლება რამე ვერ გაიგო და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდე. რატომ დაგემართა ეს მაინცდამაინც შენ? შენ ხომ ერთადერთი ახალგაზრდა ხარ ქვეყანაში, ვისაც ეს სჭირს. სმენის აპარატი ატარო??? რას ამბობ, მით უარესი! მაშინ ხომ ყველა გაიგებს, რომ შენ ხარ ის ერთადერთი სმენადაქვეითებული და ყველა ერთ ხმაში დაგცინებს, ახალგაზრდა ხარ, აპარატი როგორ უნდა ატარო. ან მაშინ ისეთი აპარატი უნდა ატარო, ვერავინ დაინახოს და გულდასმით დამალო ეს ამბავი...
დრო შეიცვალა! ამ ცვლილებამ მოიტანა როგორც ტექნოლოგიური მიღწევები, ასევე სმენის დაქვეითების გახშირებული შემთხვევები, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერ აჰყვა. 360 მილიონი სმენადაქვეითებულია მსოფლიოში, მომავალში ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ამ მაჩვენებლიდან უმრავლესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ ხანდაზმული ადამიანები, დიახ, ასაკის მატებასთან ერთად ყოველ მესამეს უქვეითდება სმენა, მაგრამ ბავშვებში და ახალგაზრდებში ბევრად მეტია სმენადაქვეითებულთა რაოდენობა.
უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია სმენის დაქვეითების პრევენცია, ამისთვის საზოგადოება უნდა იყოს კარგად ინფორმირებული, მან უნდა აღიაროს, რომ ეს საფრთხე არსებობს. უნდა მოიხსნას ასევე ის დამოკიდებულება, რომ სმენის დაქვეითება არის სამარცხვინო და დასაცინი. სამარცხვინო შეიძლება იყოს სხვა რამ, სმენის დაქვეითება არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება მყისიერად დაემართოს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში და ზოგადი სტატისტიკა არის საგანგაშო და შემაშფოთებელი. დავეხმაროთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ ნორმალური სმენა და ასევე მივიღოთ ის ადამიანები, რომელთაც სმენა დაუქვეითდათ ისეთებად, როგორებიც არიან და დავეხმაროთ ინტეგრაციაში, ნუ დავაკომპლექსებთ, ნუ შევუქმნით შფოთვისა და სტრესის საფუძველს. სმენის დაქვეითება ისეთივე ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მხედველობის გაუარესება და სმენის აპარატებიც ისეთივე აუცილებელი საშუალებაა, როგორც სათვალე. ადამიანი, რომელიც ატარებს ხარისხიან თანამედროვე სასმენ აპარატებს, თითქმის ნორმალურ სმენას უბრუნდება.
თამარ ქარჩავა
ასევე იხილეთ: როგორ ვისარგებლოთ ყურსაცვამებით ისე, რომ არ დავყრუვდეთ?