ვინც ფიქრობს, რომ შოკოლადი პატარა ბავშვს არაფერს ვნებს, შევახსენებთ მის შემადგენლობას ტკბილეული ყველა ბავშვს უყვარს. მშობლებმა კი საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ თითქმის შეუძლებელია გააგებინო ბავშვს, რა მავნებელია ბევრი ტკბილი. არსებობს შედარებით უწყინარი ტკბილეულიც, მაგრამ შოკოლადი მათ რიცხვში არ შედის - ბავშვების ეს საყვარელი ნუგბარი არც ისე უსაფრთხოა. რით არის მავნებელი შოკოლადი, რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს და შეიძლება თუ არა მისი რაიმეთი ჩანაცვლება?
გავასინჯოთ თუ არა შოკოლადი წლამდე ბავშვს
ბევრი დედა ფიქრობს, რომ ბავშვმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ჭამოს. სამწუხაროდ, ისეთი ძლიერალერგიული პროდუქტი, როგორიც შოკოლადია, ამ "ყველაფერში" შედის. მნიშვნელობა არა აქვს, პატარას ოდნავ აალოკინეთ თუ მოაკბეჩინეთ შოკოლადი - მთავარია, რომ მისი კონტაქტი კაკაოს პროდუქტთან უკვე შედგა. მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით პატარას ორგანიზმს თავიდანვე შეაჩვევენ ალერგენს და მომავალში ალერგიისგან დაცულები იქნებიან, ძალიან ცდებიან. რა თქმა უნდა, პირველად მიღებისთანავე დიათეზი არ გაუჩნდება, მაგრამ მეორე და მესამე ცდის შემდეგ ალერგიის პირველი ნიშნები უკვე სახეზე გვექნება. მცირე ასაკში გამოვლენილმა ალერგიამ კი მომავალში შესაძლოა მძიმე ალერგიული პრობლემები გამოიწვიოს და ბავშვის რაციონის მკვეთრად შეზღუდვა მოგიხდეთ. ანუ კითხვაზე, გავასინჯოთ თუ არა წლამდე ბავშვს შოკოლადი - პასუხი ცალსახად არის არა.
შოკოლადი ერთიდან სამ წლამდე ბავშვისთვის
ერთი წლის ჯანმრთელი ბავშვისთვის თითქმის ყველა საკვები პროდუქტის მიღება შეიძლება. მშობლებმაც შეიძლება ჩათვალონ, რომ ბავშვი უკვე დიდია და შეიძლება შოკოლადზე აკრძალვაც მოვუხსნათ. ბებიაც ამტკიცებს, რომ "ბავშვი თანდათან უნდა მიეჩვიოს ყველაფერს", მეგობარი გეუბნებათ, რომ "ეს შოკოლადი საბავშვოა, აბა, რეკლამაში ტყუილს ხომ არ იტყვიან"... საბოლოოდ პატარას შოკოლადის ულუფა მაინც ერგება. სხვა დროს კი, როცა შოკოლადს დაინახავს, უკვე ისტერიკის ფონზე მოითხოვს თავის წილს.
ვინც ფიქრობს, რომ შოკოლადი პატარა ბავშვს არაფერს ვნებს, შევახსენებთ მის შემადგენლობას: კაკაოს გარდა ეს ტკბილეული შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დიდ დატვირთვას ახდენენ, განსაკუთრებით კი კუჭქვეშა ჯირკვალზე, და დიდი რაოდენობით შაქარს. ანუ ერთიდან სამ წლამდე ბავშვისთვის შოკოლადის ჭმევა სარისკოა. ყოველ შემთხვევაში მისმა დღიურმა ნორმამ 40 გრამს არ უნდა გადააჭარბოს.
რა ასაკიდან არის ნაბადართული შოკოლადი ბაშვებში?
კითხვაზე, რა ასაკიდან მივცეთ შოკოლადი ბავშვს, კარგი ექიმი გიპასუხებდათ, რაც გვიან, მით უკეთესი. იდეალურ შემთხვევაში, პირველი შოკოლადის ფილა ბავშვმა 5 წლის შემდეგ უნდა მიირთვას. ამ დროს ალერგიის რისკი მაღალი აღარ არის.
ამ ტკბილეულის ნაადრევ მიღებას თან ახლავს გამონაყარი, ხშირი გულის რევა, მუცლის ტკივილი. კარიესიც უფრო ადრე იმ ბავშვებს უჩნდებათ, ვინც ადრეული ასაკიდანვე ბევრ ტკბილეულს მიირთმევს.
თუ ბავშვი რაიმე გემრიელით გინდათ გაახაროთ, ხილი შესთავაზეთ. ეს არათუ არ ავნებს, არგებს კიდეც. გახსოვდეთ, არც ერთ ბავშვს არ უყვარს შოკოლადი მანამ, სანამ არ გასინჯავს. ნუ მოუსმენთ კეთილი დეიდების რჩევებს, რომლებიც თქვენს აკრძალვებს ზედმეტ სიფრთხილედ მიიჩნევენ, ნურც წამახალისებელ ჯილდოდ აქცევთ მას - ჯობს დაიცვათ თქვენი შვილი ზედმეტი პრობლემებისგან. დრო მოვა და ამისთვის მადლობასაც გეტყვით.