2016 წლიდან გენმოდიფიცირებული ბავშვები დაიბადებიან - მშობლები

2016 წლიდან გენმოდიფიცირებული ბავშვები დაიბადებიან

2015-02-06 10:48:34+04:00

სამი მშობლის შვილები ჯერჯერობით ბრიტანეთში გაჩნდებიან ინგლისის პარლამენტში გამართული ცხარე დებატების შემდეგ ხმათა უმრავლესობით მოიწონეს სამი ადამიანის გენის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია. ეს ბრიტანელი მკვლევრების დიდი გამარჯვებაა, რომელსაც სამედიცინო წრეებში მხარდაჭერა ხვდა წილად, თუმცაღა კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესია პროტესტით შეხვდა.

უნიკალური მეთოდიკა დაეხმარება იმ მშობლებს, რომლებსაც აქვთ რისკი, მათი შვილები გენეტიკური პათოლოგიებით დაიბადონ. მათ მიეცათ შანსი, ჯანმრთელი შვილები გაუჩნდეთ. მეთოდიკის მიხედვით, ემბრიონი მიიღებს მშობლების და ასევე დონორის დენეემს.

"ბევრი სასოწარკვეთილი ოჯახისთვის ეს არის სინათლე გვირაბის ბოლოს", - აღნიშნა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჯეინ ელისონმა. და ისიც აღნიშნა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, მშობლებმა დაამკვიდრონ "დიზაინერული" ჩვილების მოდა – ანუ მშობლებს არ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ ნაკვთები და გარეგნობის სხვადასხვა დეტალი, რომელიც მათ შვილს ექნება. საუბარია მხოლოდ მემკვიდრული, გენეტიკური დაავადებებისა და პათოლოგიების თავიდან აცილების შესაძლებლობაზე.

უკვე 2016 წლიდან მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული ბავშვები დაიბადებიან. დღეს ბრიტანეთში თავის შანსს დაახლოებით 2500 ქალი ელოდება, რომელთაც დიდი შანსი აქვთ, მემკვიდრეობით გადასცენ შვილს დაავადებები, გენეტიკური გადახრების გამო.