მიუხედავად იმისა, რომ წელს თბილი ზამთარია, ვირუსებმა მაინც არ დაგვინდეს. ამ თემით უკვე ბევრი ადამიანია შეწუხებული მიუხედავად იმისა, რომ წელს თბილი ზამთარია, ვირუსებმა მაინც არ დაგვინდეს. ამ თემით უკვე ბევრი ადამიანია შეწუხებული. სწორედ ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს დავუკავშირიდით.
- რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე და როდემე გაგრძელდება ვირუსული შემოტევა?
- ამჟამად გავრცელებულია ბე ჯგუფის გრიპის ვირუსი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ვირუსების გავრცელება მოიცავს 5-8 კვირას, ესე იგი მარტის პირველი-ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს გრიპით ავადობა. ვირუსების გავრცელება მოსალოდნელი იყო, რადგან გრიპის სეზონია. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, სეზონისთვის დამახსიათებელი ვირუსი, რომელსაც ნაკლებად მძიმე ან საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა ახლავს და მოითხოვს ბინაზე, წოლითი რეჟიმის შენარჩუნებას, უფრო ხშირად ხანდაზმულები და ბავშვები ავადობენ ხოლმე, 7 დღის თავზე კი ეს ყველაფერი სრული გაჯანსაღებით მთავრდება. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გრიპი გართულდეს. თუ მშობლები შენიშნავენ, რომ ბავშვს, მოზრდილს ან მოზარდს, უჭირს სუნთქვა, აღენიშნება შელურჯება ცხვირ-ტუჩის არეში, აქვს ტკივილი გულ-მკერდის არეში, აქვს ინტენსიური ხველა, 3 დღის შემდეგ ისევ მაღლა მიდის ტემპერატურა, მაშინ აუცილებელია მიმართონ ექიმს.
- ესე იგი საქმე გვაქვს სეზონურ ვირუსთან, რომელსაც არ აქვს სერიოზული სახე და არაა მოსალოდნელი ამის გამო სასწავლო პროცესის შეწყვეტა?
- არა, ეს არაა ის ვირუსი, რომლის გავრცელებაც შეიძლება სწავლის შეწყვეტით შეაჩერო, იმიტომ, რომ ადამიანებს სხვა ტიპის კონტაქტებიც გვაქვს ერთამეთთან და ვირუსი ჩვეულბრივ, ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, ინფიცირების რისკი კი სხვა ტიპის კოლექტივებში, ნებისმიერ დავადებულ ადამიანთან კონტაქტისას არსებობს. რეკომენდებულია, ვინც კი ავად არის, დარჩეს სახლში, მოერიდოს საზოგადოებასთან კონტაქტს, რათა არ მოახდინოს დანარჩენი ადამიანების ინფიცირება და დაავადება, დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხველის, ცემინების დროს გამოიყენონ ერთჯერადი ხელსახოცები, რომელთაც მერე გადააგდებენ. ხშირად დაიბანონ ხელები, ასევე უნდა მოიქცეს მომვლელი პერსონალი, ხშირად უნდა განიავდეს ის სივრცეები, სადაც ვიმყოფებით. უნდა მოხდეს სველი წესით დალაგება. აგრეთვე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რაც ნიშნავს სრულფასოვან დასვენებას, სრულფასოვან კვებას, რომელიც რეკომენდებულია, როგორც პრევენციის ღონისძიება ამ ტიპის ვირუსების გავრცელების წინააღდეგ. ზოგადად, გრიპის სეზონის დაწყებამდე რეკომენდებულია გრიპის სეზონური ვაქცინაცია, რომელიც თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა,
- არსებობს მოსაზრება, რომ გრიპის ვაქცინაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გაციება საშიშია...
- ვაქცინაციიდან ორი კვირის განმავლობაში ყალიბდება იმუნიტეტი, თუმცა ის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ვირუსი არ უნდა შეგხვდეს და ეს საშიშია, სწორი არაა. ვაქცინის შედეგად, პირველი ორი კვირის განმავლობაში სანამ იმუნიტეტი ჩამოყალიბდება, თუ შეგხვდათ გრიპი, ავად გახდებით, მაგრამ ვაქცინიდან ორი კვირის შემდგომ უკვე ვაქცინა იწყებს მუშაობას და ავად გახდომის შანსი არის ძალიან მცირე.
- რომელ პერიოდში ჯობია ვაქცინის გაკეთება?
- ვაქცინაცია რეკომენდებულია ადრეული შემოდგომიდან ვიდრე ვირუსები დაიწყებენ აქტიურ გავრცელებას, ვირუსების აქტივობის პერიოდში ადამიანებს ნაკლები შანსი გვაქვს ვაქცინაციიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში არ შეგვხვდეს გრიპი, ანუ შეიძლება ვაქცინა გაიკეთოთ, მაგრამ ვირუსულად აქტიური პერიოდი იყოს და სანამ იმუნიტეტი ჩამოყალიბდება, ავად მაინც გახდეთ, თუმცა იმუნიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ, ავად გახდომის შანსი ძალიან მცირეა, მაშინაც კი თუ სხვა ჯგუფის ვირუსი გავრცელდება. ამჟამად ბ ჯგუფის ვირუსია გავრცელებული, ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო კვირაში არ გავრცელდება რომელიმე სხვა ქვეტიპის ვირუსი, ვაქცინა კი მისგან დაგიცავთ.
- წელიწადში რამდენჯერ უნდა გაკეთდეს ვაქცინა?
- წელიწადში ერთხელ, ესაა სეზონური ვაქცინაცია, რომელიც სპეციალურად მუშავდება მოსალოდენლი ვირუსებისთვის, ამიტომ ყოველ სეზონზე ახლიდან ხდება იმუნიზაცია.
- და დაინტერესებულმა პირებს სად შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება?
- უბნის პოლიკლინიკებში, იმუნიზაციის ცენტრებსაც აქვთ ამ ტიპის ვაქცინა და სურვილის შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ ეს კომერციულია.
ციცი ომანიძე