ბევრი მშობელი ბავშვის ზედმეტ წონას არასერიოზულად აღიქვამს... ბევრი მშობელი ბავშვის ზედმეტ წონას არასერიოზულად აღიქვამს. "სიმაღლეში გაიზრდება და გახდება", - ასე იმშვიდებენ თავს. თუმცა ეს მარტივი პრობლემა არ არის. დიდი შანსია, რომ მოზარდი ვერ გაუმკლავდეს მას და მოზრდილობაში სიმსუქნესთან და მის შედეგებთან მუდმივი ბრძოლა მოუხდეს.
ამიტომ ჯობია კვებასთან დაკავშირებული საკითხები ბავშვობიდანვე მოგვარდეს.
რატომ მატულობს ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი
ნომერ პირველი მიზეზი თანამედროვე ცხოვრების წესია - უმოძრაობა და ზედმეტად კალორიული კვება. დღეს ბავშვები ცოტას მოძრაობენ, საათობით სხედან ტელევიზორებისა და კომპიუტერების წინ. ნაირ-ნაირი სასუსნავიც ბევრი აქვთ, თანაც ათასგვარი საშიში დანამატებით. თუ მთელმა ოჯახმა არ შეცვალა მიდგომა კვებისადმი, მხოლოდ ბავშვის დაცვა ამ უვარგისი საკვებისგან შეუძლებელი გახდება.
ყველაზე აქტუალური საკითხები, რის გამოც ენდოკრინოლოგს მიმართავენ:
1. ჩემი შვილი ყველაფერს პურს აყოლებს, ეს მავნებელია?
თუ დღეში ბევრი პურის მიღება უწევს, შიგადაშიგ უსაფუარო პური ან თხელი ლავაშები შესთავაზეთ. მათი შეძენა უკვე ნებისმიერ მარკეტში შეიძლება.
2. შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ე.წ. დანაწევრებული კვება?
შეიძლება, ოღონდ მთავარი პრინციპები დაიცავით: ხორცი ბოსტნეულთან ერთად უნდა მიიღოს და არა კარტოფილთან ან ბურღულეულთან, ერთ კვებაზე ერთი სახეობის ცილა უნდა მიიღოს, ხილი კი - ჭამამდე 20 წუთით ადრე.
3. რით უნდა წაიხემსოს, რა სასუსნავი მივცეთ?
თხილი, კაკალი, სტაფილო, ქიშმიში, ვაშლი, ბანანი, უსაფუარო პური, ყველი, სალათის ფოთლები.
4. ჩემი 12 წლის ქალიშვილი 18:00 სააათის შემდეგ აღარ ჭამს. ეს უსაფრთხოა მისი ჯანმრთელობისთვის?
ამით მას არაფერი ემუქრება, ხოლო თუ უჭირს ამ რეჟიმის დაცვა, მსუბუქი ვახშამი შესთავაზეთ - სალათი, ხილის წვენი, ვაშლი ან გოგრა.