"ბავშვი, რომელიც ბაღში ხშირად ცივდება, დაწყებით კლასებში იშვიათად ავადმყოფობს - იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული" როგორ უნდა ვუმკურნალოთ გაციებულ ბავშვს? როდის არის აუცილებელი სასწრაფო დახმარების გამოძახება ან ექიმთან ვიზიტი, როგორ ხდება ვირუსით გადაცემა - ყველაფერი, რაც გაციების შესახებ უნდა ვიცოდეთ... ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პადიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.
- რა იწვევს გაციებას და ვინ ავადდება უფრო ხშირად?
- გაციება (ანუ მსუბუქი ვირუსული ინფექცია) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. როგორც წესი, ავადდებიან უპირატესად ახალშობილები და ბავშვები. ამ პოპულაციაში სიმპტომები მეტად მრავალფეროვანი და გახანგრძლივებულია, ვიდრე მოზრდილებში. აშშ-ში დაახლოებით 22 მილიონი გაცდენილი დღე სკოლაში და 20 მილიონი გაცდენილი დღე სამსახურში მოდის სწორედ ამ დაავადებაზე (ითვლება ასევე ბავშვის მოვლის გამო მშობლების მიერ გაცდენილი სამუშაო დღეებიც). გაციების გამოწვევა შეუძლია უამრავ ვირუსს. არსებობს რინოვირუსების 100 სხვადასხვა სახეობა, რომელთაც მარტივი გაციების გამოწვევა შუძლიათ. გამოწვევა შეუძლიათ ასევე ენტერო და კორონავირუსებს. სწორედ ამის გამო ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში უამრავჯერ ავადდება ამ დაავადებით.
- სტატისტიკურად, წელიწადში დაახლოებით რამდენჯერ ავადდებიან ბავშვები?
- 6 წლამდე ბავშვები ავადდებიან დაახლოებით 6-8 ჯერ წელიწადში, ხოლო თითოეული გაციების სიმპტომები გრძელდება დაახლოებით 14 დღე. ის ბავშვები, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღში, ავადდებიან გაცილებით უფრო ხშირად, მაგრამ დაწყებით კლასებში ასეთი ბაშვები შედარებით იშვიათად ავადდებიან, უკვე არსებული იმუნიტეტის გამო. გაციება გვხვდება წელიწადის ნებისმიერ დროს, უპირატესად ზამთარში.
- როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?
- ვირუსის გადაცემა ხდება უკვე დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე, ხელებით ან ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაინფიცირებული ადამიანი საშიშია გაციებიდან 2-4 დღის განმავლობაში.
გადაცემის გზებია:
• პირდაპირი კონტაქტი - დაავადებულ ადამიანებს ვირუსი გადააქვთ ხელების მეშვეობით, რომელზეც ვირუსი დაახლოებით 2 სთ. ნარჩუნდება. თუ ვირუსიანი ბავშვი შეეხება მეორე ბავშვს და მერე ხელს მოიკიდებს სახეზე, თვალზე და ცხვირზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსით დასნებოვნება.
• შესაძლებელია დასნებოვნება მოხდეს საყოფაცხოვრებო ნივთებისგანაც - მაგალითად ზოგიერთი ვირუსი ნარჩუნდება კარების სახელურზე, სათამაშოებზე და ნივთების ზედაპირზე 1 დღის განმავლობაში.
• ჰაერ-წვეთოვანი გზით - ხველის, ცემინების და სუნთქვის დროს გამოყოფილი წვეთები ასევე შეიცავს გაციების გამომწვევ ვირუსებს.
- რა სიმპტომებით შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ გაციებაზე?
- სიმპტომების გამოჩენა იწყება ვირუსთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღის შემდეგ. ბავშვებში ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ცხვირიდან ლორწოვანი - გამჭვირვალე გამონადენი, გამონადენი შეიძლება იყოს მოყვითალო-მომწვავო ფერისაც და ცხელება მეტი 38 გრადუსზე. ეს სიმპტომები უპირატესად გვხვდება პირველი სამი დღის განმავლობაში.
ასევე შეიძლება ბავშვს აღენიშნებოდეს ხველა, ყელის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა და მადის დაქვეითება. ცხვირის ლორწოვანი შიძლება შეშუპდეს ან გახდეს ჰიპერემიული (უფრო მეტად მოწითალო შეფერილობის), შესაძლებელია კისრის ლიმფური კვანძების ზომიერი გადიდება. გაციების სიმპტომები, როგორც წესი, გრძელდება 10 დღე, თუმცა არ არის გამორიცხული, ცხვირიდან გამონადენი და ხველა უფრო მეტად გახანგრძლივდეს. ასევე შესაძლებელია ვირუსის გამოჯანმრთელების პერიოდს დაერთოს ახალი ვირუსით დასნებოვნება. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია მაშინ, თუ ხველა ან ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები კვირების ან თვის განმავლობაში გრძელდება, განსაკუთრებით ზამთარში (აქვე აღსანიშნავია, რომ ალერგიულ რინიტს აქვს შედარებით სხვა სიმპტომატიკა).
- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მარტივ გაციებას?
- ბავშვების უმრავლესობას გაციება გადააქვს გართულების გარეშე, მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მდგომარეობა გართულდეს:
• ყურის ინფექცია - ბავშვების 5-19%-ს გაციება ურთულდება ყურის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. თუ ბავშვს გაციების პირველი 3 დღის განმავლობაში განუვითარდა ცხელება მეტი 38.0 ºჩ-ზე, საჭიროა გამოირიცხოს ყურის ინფექცია.
• ასთმა - გაციებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქების სპაზმი პირველადად ან გაამწვავოს უკვე არსებული ასთმა.
• სინუსიტი - საყურადღებოა და გამოსარიცხია იმ შემთხვევაში, თუ ცხვირიდან გამონადენი ხანგრძლივდება 10 დღეზე მეტ ხანს.
• პნევმონია (ფილტვების ანთება) - გამოსარიცხია, თუ გაციების პირველი სამი დღის განმავლობაში გამოვლინდა მაღალი ცხელება,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება ხველა და სუნთქვის გახშირებაც.
- როგორ ვუმკურნალოთ გაციებულ ბავშვს?
- გაციების სამკურნალოდ გამოიყენება რიგი პრეპარატები: ანტიჰისტამინები, დეკონგესტანტები, ხველის დამთრგუნველი და გამათხელებელი საშუალებები. ამ პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მათი ეფექტურობა კლინიკურად არ არის დამტკიცებული, ამავე დროს მაღალია გვერდითი ეფექტების რისკი. რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ცხელების დროს უნდა გამოვიყენოთ აცეტამინოფენი (3 თვიდან) და იბუპროფენი (6 თვიდან), დაუშვებელია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ასპირინის სიცხის დამწევად გამოყენება. თუ ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს და არ ჭირვეულობს, არ არის აუცილებები სიცხის დამწევის მიცემა. რეკომენდებულია მარილის წყალხსნარით ცხვირის ხშირი გამორეცხვა. ახალშობილებში - წვეთების სახით, ხოლო შედარებით მოზრდილებში შესაძლებელია სპრეის გამოყენება.
მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვმა გაციების დროს მიიღოს სითხის საჭირო რაოდენობა. როგორც წესი, გაციების დროს ბავშვები უარს ამბობენ საკვების და წყლის მიღებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უარს ამბობს წყლის და საკვების მიღებაზე შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა მშობელმა დროულად მიმართოს ექიმს.
- რას გვეტყვით ანტიბიოტიკების შესახებ? რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება გაციების დროს?
- ანტიბიოტიკები - არის არაეფექტური საშუალება გაციების სამკურნალოდ! მათი გამოყენება აუცილებელი ხდება ბაქტერიული გართულების შემთხვევაში (ყურის ინფექცია, სინუსიტი, პნევმონია). აღნიშნული გართულების ეჭვის შემთხვევაში მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ანტიბიოტიკების არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ შესაძლებელია განავითაროს რეზისტენტობა და ისეთი გვერდითი ეფექტი, როგორიც არის ალერგია. მცენარეული და ალტერნატიული საშუალებები - მაგალითად თუთია, C ვიტამინი, მცენარეული ნაყენები, ფართოდ რეკლამირდება, როგორც გაციების სამკურნალო ეფექტური საშუალებები. არც ერთი საშუალების ეფექტურობა კლინიკურად დამტკიცებული არ არის. მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
- როგორია გაციების პრევენცია?
- ჩვეული, ყოველდღიური ჰიგიენური წესების დაცვა დაგეხმარებათ დაიცვათ თავი გაციების გამომწვევი ვირუსებისგან.
• ხელის ხშირი დაბანა არის ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ხელი უნდა დაიბანოთ ყოველი ჭამის წინ და შემდეგ, ასევე ხველის ან დაცემინების შემდეგ. ხელის დაბანის პროცესი უნდა გრძელდებოდეს დაახლოებით 15-30 წამის განმავლობაში. არ არის აუცილებელი ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება.
• ალკოჰოლის შემცველი ანტიბაქტერიული ხელის დასამუშავებელი სითხეების გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, თუ ვერ ხერხდება ხელის ხშირი დაბანა. სითხის შეზელა უნდა მოხდეს ხელის ორივე ზედაპირზე და თითებზე, გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, კანის გაღიზიანების გარეშე.
• ვირუსიან ადამიანთან კონტაქტისგან თავის არიდება არის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება.
• თუ ბავშვი ზოგადად კარგად გრძნობს თავს, არ არის აუცილებელი სკოლის და საბავშვო ბაღში სიარულის შეწყვეტა, რადგან გაციების სიმპტომებიანი ბავშვები ეპიდემიოლოგიურად უკვე აღარ არიან საშიში. სავარაუდოდ მათ მიერ ვირუსის გავრცელება ხდება გაციების სიმპტომების გამოჩენამდე.
• ალკოჰოლის შემცველი საწმენდი სითხეებით საოჯახო ნივთების და ზედაპირების გაწმენდა ასევე გარკვეულწილად ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.
- როდის მივმართოთ სასწრაფო დახმარებას, ან ექიმს?
- იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ნახსენები სიმპტომი, აუცილებელია სასწრაფო გამოიძახოთ ან დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, მიუხედავად დღის ან ღამისა.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სითხის მიღებაზე უარის თქმა. ცნობიერების შეცვლის ნიშნები, გაღიზიანებადობა ან ლეთარგია (ძილად მივარდნა) - ეს ყოველივე მოითხოვს სასწრაფო ყურადღებას. სუნთქვის გაძნელება, გახშირება, სწრაფი ხმაურიანი სუნთქვა. ცხელება მეტი 38.4 ºჩ -ზე სამ დღეზე ხანგრძლივად. ცხვირის გაჭედვის გახანგრძლივება 14 დღეზე მეტ ხანს. თვალის სიწითლე ან ჩირქოვანი გამონადენის დართვა. ყურის ინფექციის ნიშნების არსებობა - ტკივილი, გაღიზიანებადობა, გამონადენი ყურიდან; ახალშობილებში ძუძუზე უარის თქმა. სალომე გორგოშიძე