შესაძლოა ტემპერატურა ნორმის ქვემოთ ჩამოვიდეს და 35 გრადუსზე ნაკლები იყოს... პედიატრიული პრივატ-კლინიკის პედიატრები გვირჩევენ:
როდესაც გაცემული სითბოს რაოდენობა ორგანიზმში გამომუშავებულ სითბოს ჭარბობს, შესაძლოა ტემპერატურა ნორმის ქვემოთ ჩამოვიდეს და 35 გრადუსზე ნაკლები იყოს. ასეთი შემთხვევებია მაღალი სიცხეების შემდეგ, სიცივეში დიდხანს ყოფნის შემდეგ - როცა ორგანიზმი გადაცივდება.
ჰიპოთერმიის ნიშნებია:
კანკალი;
ცივი, ფერმკრთალი კანი;
კოორდინაციის დარღვევა;
მეხსიერების არევა;
პათოლოგიურად შენელებული სუნთქვა;
ჰიპოთერმიის ალბათობას ზრდის სველი ტანისამოსის ტარება, გადაცივება, ცივ წყალში ხანგრძლივად ყოფნა, ცივ ამინდიში დიდხანს სიარული. ამ დროს ორგანიზმში იშლება ტემპერატურის მარეგულირებელი მექანიზმი. ჰიპოთერმია განსაკუთრებით საშიშია იმ დროს, როდესაც ადამიანები მარტო იმყოფებიან, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი ვერ ხვდებიან, რომ სამედიცინო დახმარება ჭირდებათ და ნელ-ნელა კარგავენ გონებას და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
გახადეთ სველი ტანისამოსი და ჩააცვით თბილად!
მოაცილეთ ბავშვი სიცივის წყაროს;
ნუ ეცდებით გაუთბოთ ხელები და ფეხები. ამ დროს სხეულის ცენტრში, თავზე, კისერზე გულმკერდის და საზარდულის არეში თბილი კომპრესები დაადეთ.
გააკონტროლეთ სუნთქვა, თუ სასწრაფოს მოსვლამდე სუნთქვა ძალიან ნელი გახდება ან შეჩერდება, სასწრაფოდ დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.
ამ დროს ნუ გაუკეთებთ ბავშვს მასაჟს, რადგან შესაძლოა კანი მოყინული იყოს და მას სერიოზული ზიანი მიაყენოთ.
თუ ბავშვი არ აღებინებს, მიეცით მას თბილი სასმელი და აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!