ექიმის აუცილებელი რეკომენდაციები მშობლებს! ხველა მეტად შემაწუხებელი სიმპტომია, რომელსაც თან ახლავს პაციენტის და მისი ოჯახის წევრების შეშფოთება. ხშირია მშობლის მიერ სიმპტომის არასწორი შეფასების და მკურნალობის შემთხევები. ხველის შესახებ დეტალურ ინფორმციას პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი მოგვაწვდის.
- რისგან იცავს ორგანიზმს ხველა?
- ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია, რომელიც იცავს სასუნთქ გზებს უცხო სხეულის მოხვედრისგან, ასევე ხელს უწყობს ბრონქების გათავისუფლებას წარმოქმნილი ჭარბი ლორწოსა და ნახველისგან. ნორმის პირობებში ჯანმრთელ ბავშვს შესაძლებელია აღენიშნოს ხველის 11 ეპიზოდი 24 სთ-ში, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ხველა შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომი, როგორც სასუნთქი სისტემის, ასევე სხვა სისტემების დაავადებებისა.
- რამდენნაირი შეიძლება იყოს ხველა?
- ხველა შეიძლება იყოს მშრალი (როცა არ შეიგრძნობა ნახველის ხმიანობა) და სველი ხასიათის (ხველის დროს ბავშვი გამოყოფს ნახველს ან შეიგრძნობა ნახველის არსებობა ბრონქებში). ხანგრძლივობის მიხედვით ხველა შეიძლება იყოს მწვავე (რომელიც გრძელდება არაუმეტეს 3 კვირა), ქვემწვავე (3-8 კვირა) და ქრონიკული (რომელიც გრძელდება 8 კვირა და მეტი). ხველა შეიძლება იყოს მსუბუქი ხასიათის, რომელიც არ იწვევს ჩვეული მდგომარეობის დარღვევას, ან ხასიათდებოდეს მძიმე მიმდინარეობით, რომელსაც თან ახლავს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის დარღვევა და ისეთი საშიშროების ნიშანიც, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება.
- რა იწვევს ხველას?
- ბავშვთა ასაკში ხველის გამომწვევი უხშირესი მიზეზები არის:
სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები (მაგ: მარტივი გაციება, ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება) უნცხო სხეულის ასპირაცია (გადაცდენა). ასთმა (სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება პერიოდულად სუნთქვის გაძნელებით). სხვადასხვა სასუნთქი გზების თანდაყოლილი პათოლოგიები. ხველის ტიპი (ფსიქოგენური პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს ხველის, როგორც ჩვევის არსებობა, აქ საგულისხმოა ის ფაქტი რომ ძილის დროს ხველა საერთოდ აღარ აღინიშნება). - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
- აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აღენიშნება ხველა და:
არის 3 თვემდე ასაკის. აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქავს ჩვეულებრივზე სწრაფად. თუ ხველა უეცრად დაიწყო ჭამის ან თამაშის დროს, გახსოვდეთ, მიმართეთ ექიმს მაშინაც თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა დღეების ან რამდენიმე კვირის წინ. (შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გადაცდენას). თუ ნახველი არის მოყვითალო, მომწვანო ან სისხლნარევი ელფერის. უარს ამბობს სითხის მიღებაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აქვს ცხელება და არის მივარდნილი. ხველას თან ახლავს ღებინება. ახველებს 2 კვირა და მეტია. - რა კვლევების ჩატარებაა საჭირო ხველის დროს, რომ დაისვას დიაგნოზი?
- პირველ რიგში, მნიშვნელობა აქვს ანამნეზის შეკრებას, რომელიც აუცილებლად დაწვრილებით უნდა გამოვკითხოთ მშობელს, შემდეგ ხდება ბავშვის შეფასება, გასინჯვა და მისი ასაკის და მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტა, თუ რა კვლევების ჩატარებაა საჭირო შემდგომი დიაგნოსტირებისთვის. უფრო ხშირად ხველის დროს მივმართავთ შემდეგ კვლევებს:
გულმკერდის რენტგენოგრაფია. სისხლის საერთო ანალიზი, ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ფილტვის ფუნქციური სინჯები (სპირომეტრია) რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ფილტვების სუნთქვითი ფუნქცია. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტესტის ჩატარება 6 წლიდან შესაძლებელია. ბრონქოსკოპია (ამ კვლევის დროს სპეციალურ მილზე დამაგრებული კამერით ხდება უწვრილესი ბრონქების დათვალიერება, პროცედურას აქვს სამკურნალო დანიშნულებაც, მისი საშუალებით ხდება ასევე ბრონქებიდან უცხო სხეულის მოცილება). - რა უნდა გააკეთოს მშობელმა ხველის დროს?
- თუ ხველა არის გამოწვეული მარტივი გაციებით, კრუპით ან რაიმე სხვა ინფექციით, რომელსაც არ ახლავს ზემოაღწერილი არც ერთი ნიშანი, ამასთანავე არ ხასიათდება 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით, შეგიძლიათ:
დაალევინოთ ბავშვს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით თბილი სითხეები. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მის ოთაში. მოუშვით სააბაზანო ოთახში თბილი წყალი და მოთავსდით იქ ბავშვთან ერთად. ის რაც არ უნდა გააკეთოთ ხველის დროს!!
არ მისცეთ ბავშვს ექიმის გარეშე შეძენილი ხველის წამლები,იქნება ეს გამათხიერებელი, დამთრგუნველი თუ სხვა, განსაკუთრებით 6 წლამდე ასაკში, მათ არ ახასიათებთ მნიშვნელოვანი სამედიცინო ეფექტი, თუმცა სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლიათ. არ მისცეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვს სიცხის დამწევად ასპირინი. - როგორ ხდება ხველის მკურნალობა?
- ეს დამოკიდებულია იმ დაავადებაზე რაც იწვევს ხველას, მაგალითად:
თუ ხველის მიზეზი რომელიმე ბაქტერიული ინფექციაა, აუცილებლად საჭიროა ანტიბიოტიკის მიღება (მაგ. ფილტვების ანთება, სინუსიტი). თუ ხველის გამომწვევი არის ვირუსული ინფექცია, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება არ არის სასურველი (მარტივი გაციება, ბრონქიტი). ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ბრონქოსპაზმის მოხსნას და სუნთქვის გაუმჯობესებას. უცხო სხეულის ასპირაციის შემთხვევაში საჭიროა ბრონქოსკოპიის ჩატარება და მისი სასუალებით უცხო სხეულის მოცილება. გახსოვდეთ:
ხველა არის დაცვითი რეფლექსი, ნუ გამოიყენებთ ხველის დამთრგუნველ პრეპარატებს, მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი სამედიცინო ეფექტი და იწვევენ სერიოზულ გართულებებს.
სალომე გორგოშიძე