ვირუსის სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, გამონაყარი და ა.შ. ბოლო დროს ბევრ დედას გაუგონია ეს დიაგნოზი - მეხუთე ვირუსი, მეხუთე დაავადება, სიმპტომებზე, რომლებიც ძალიან ჰგავს ბატონებს. რა რის ე.წ. მეხუთე დაავადება, როგორია მისი სიმპტომები და მკურნალობის ტაქტიკა. ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.
- რა არის ე.წ. მეხუთე დაავადება?
- ინფექციური ერითემა, ანუ იგივე მეხუთე დაავადება არის ინფექცია, რომელიც ხასიათდება გამონაყრით, ცხელებით და სხვა სიმპტომებით. მისი გამომწვევია ადამიანის პაროვირუსი. დაავადება გვხვდება ძირითადად ბავშვებში, თუმცა შეიძლება დასნებოვდნენ ზრდასრულებიც. ორსულობობის დროს ინფექციური ერითემით დასნებოვნება შესაძლებელია საშიში აღმოჩნდეს ნაყოფისთვის.
- რა არის მე-5 დაავადების სიმპტომები?
- უხშირესად დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ან ძალიან მწირი სიმპტომებით. მე-5 დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• ცხელება
• თავის ტკივილი
• ყელის ტკივილი
• ქავილი
• ხველა
• კუჭნაწლავის აშლილობა (დიარეა, გულისრევა, ღებინება)
• ცემინება
• კონიუნქტივიტი ან თვალის გაღიზიანების სინდრომი
• კუნთების ტკივილი
• სახსრების ტკივილი (ეს სიმპტომი უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში)
- რამდენი ხანი გრძელდება ეს სიმპტომები?
- ეს სიმპტომები გრძელდება 2-დან 5 დღემდე, რის შემდეგაც ვლინდება სხვა სიმპტომები:
• გამონაყარი სახეზე, ე.წ. "ალიყურის სინდრომი", რაც ხასიათდება ძლიერ გაწითლებული ლოყების არსებობით (თითქოს სილა გააწნესო).
• სახეზე გამონაყრის გაჩენის შემდეგ გამონაყარი ვითარდება გულმკერდზე, ზურგზე, მკლავებზე, წვივებზე და აქვს ბადისებრი შესახედაობა.
• სახსრების ტკივილი (ძირითადად ხელის, ტერფის, მაჯის და მუხლის).
- როდის იწყება გაუმჯობესების პროცესი?
- როგორც წესი, ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება გამონაყრის გაჩენის შემდეგ, ზოგჯერ შესაძლებელია გამონაყარი გაქრეს და შემდეგ ისევ განვითარდეს, რასაც ხელს უწყობს მზის გამოსხივება, ტემპერატურის ცვლილებები, ვარჯიში ან სტრესი.
- ვინ წარმოადგენს რისკჯგუფებს?
- იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ იმუნოდეფიციტი ან სისხლის დაავადებები, როგორიცაა თალასემია ან ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია, დაავადება მიმდინარეობს შედარებით უფრო მძიმედ.
- როგორ ხდება მე-5 დაავადების დიაგნოსტირება?
- დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ანამნეზის და სიმპტომების მიხედვით, საჭიროებისას ტარდება ტესტი გამომწვევზე.
- მივმართოთ თუ არა ექიმს?
- ექიმთან ვიზიტი საჭიროა აუცილებლად, თუ დაავადების სიმპტომები გრძელდება 1 თვე და მეტი, პაციენტს აქვს იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ან სისხლის დაავადება.
- როგორ ხდება მკურნალობა?
- მე-5 დაავადება, როგორც წესი, რაიმე მკურნალობას არ საჭიროებს, გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა სიმპტომური ჩარევა ტკივილის ან ქავილის შესამცირებლად. (მაგალითად სახსრების ტკივილის ან ცხელების დროს იბუპროფენი, ა.შ.). სპეციფიკური მკურნალობა მე-5 დაავადების გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგოდ არ არსებობს. ანტიბიოტიკები ამ დროს არ მუშაობს!
- როგორ ავიცილოთ დაავადება თავიდან?
- დაავადების თავიდან ასაცილებლად ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით და საპნით, ასწავლეთ ბავშვს მოიქცეს ანალოგიურად. ნუ იკონტაქტებთ ვირუსით დაავადებულ ადამიანთან. ნუ გექნებათ შეხება მის ნივთებთან.
სალომე გორგოშიძე