რას გვირჩევს ცნობილი უროლოგი რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჩუჩის გადაწევას სახლის პირობებში და საერთოდ საჭიროა თუ არა ამ პროცედურის ჩატარება - ამ საკითხზე გვესაუბრება კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" კონსულტანტი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი.
- რას იტყვით ფიმოზზე? რეკომენდებულია თუ არა ჩუჩის გადაწევა სახლის პირობებში?
- ძალიან ხშრად ჩუჩის ქვეშ გროვდება მარილები. როცა ბავშვი ტირის, ეს მშობელს მიანიშნებს, რომ რაღაცით მას შეექმნა დისკომფორტი და არის შეწუხებული. ნახავენ, რომ ჩუჩა არ გადადის ასოს თავზე, იგი არის გაწითლებული და ყოველი მოშარდვისას ჩუჩა იბერება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი უნდა მიიყვანოთ ექიმთან. ადრე აკეთებდნენ და მიმართავდნენ გადაწევას, მაგრამ დღეს ამას აღარ აკეთებენ. ექიმის ძალიან მცირე ჩარევით შესაძლებელია გათავისუფლდეს ასოს თავი და შარდსადენის ხვრელი, საიდანაც შარდი თავისუფლად გადმოდინდება. ასოს ზრდასთან და ჩუჩის გაზრდასთან ერთად ეს პრობლემაც მეტნაკლებათ თავისით გვარდება. 90-იან წლებში აშშ-ში და ევროპის რიგ ქვეყნებში გატაცებასავით იყო არა მარტო გადაწევა, არამედ ბიჭებისთვის წინდაცვეთის წარმოების რეკომენდაციაც. ეს მეთოდი არ დაინერგა საყოველთაოდ. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალით ჩუჩის გადაწევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, ამას სამომავლოდ შეიძლება უფრო მეტი პრობლემები მოყვეს.
- კონკრეტულად რა სირთულეები შეიძლება მოჰყვეს?
- სახლის პირობებში მშობელმა არ უნდა სცადოს ამის გაკეთება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, სისხლდენა, შეშუპება, შეიძლება ჩუჩა გადავიდეს და რგოლივით მოეჭიროს ასოს თავზე და უკვე სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდეს. თუ რამე გამოვლინებაა, ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ექიმთან და ის გადაწყვეტს, რა და როგორაა საჭირო.
მერი ბლიაძე