თუ ანალიზს 10 ლაბორატორიაში ჩააბარებ, მიიღებ 10 განსხვავებულ პასუხს მინდა შევეხო პრობლემას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ მშობელს აწუხებს. ექიმის გარეშე, მით უმეტეს დღევანდელ დღეს ვერც ერთი მშობელი ვერ გაზრდით შვილს. ექიმთან ვიზიტი, თუნდაც პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. რამდენიმე ხნის წინ პატარა მყავდა ცუდად და მომიწია ამ სრულ ქაოსთან შეხებამ - ბავშვს ექიმიდან ექიმთან დავატარებდი, ყველა სხვადასხვა დიაგნოზს სვამდა, სხვადასხვა წამალს ნიშნავდა, სხვადასხვა სახით მაშინებდა, პატარა კი ისევ ისე იყო, როგორც მანამდე. ხანგრძლივი ძიებისა და ნევროზული მდგომარეობის აკიდების შემდეგ მივაგენი ერთ-ერთს, რომელმაც "გამოიცნო" ბავშვს რა სჭირდა და დაგვეხმარა.
საკუთარი გამოცდილებლიდან გთავაზობთ რამდენიმე ძალიან მასობრივ და არც თუ ისე ძნელად მოსაგვარებელ პრობლემათა ჩამონათვალს:
• ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც არსებობს კომპიუტერი, მინიმუმ უხერხულია, როდესაც დაბნეულ, განერვიულებულ მშობელს ექიმი ფურცელზე იეროგლიფებით (გაკრული ხელით) დაწერილ დანიშნულებას აძლევს.
• როდესაც პაციენტის მიღების დროს ექიმი მესიჯობს ან პასუხობს სატელეფონო ზარებს.
• როდესაც ამბობს: "ეს ვინ დაგინიშნათ, უკვე დაალევინე?" მარტივად გადაუსვამს ხაზს უკვე შეძენილი წამლების სიას და გიწერს ახალს.
• სჭირდება იმის შეხსენება, რომ ახლა ბევრი წამალი რეცეპტით არის და საჭიროა რეცეპტის გამოწერა.
• თუ ანალიზს 10 ლაბორატორიაში ჩააბარებ, მიიღებ 10 განსხვავებულ პასუხს.
• ფარმაცია+მედიცინა=დიდ ბიზნესს.
• არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის ანკეტაში დაბადების თარიღში 2013 წერია თუ 1995, ზოგადად ასეთი საკითხები, უბრალოდ, წვრილმანი დეტალებია.
• არ ნიავდება ოთახები, სადაც ექიმები დღეში ათეულობით პაციენტს იღებენ.
და ჩემი პრაქტიკული რჩევა ექიმთან ვიზიტამდე: მოადუღეთ ნალექიანი ყავა, დაამატეთ შაქარი და დალიეთ. ამოაბრუნეთ ჭიქა და 15 წუთი ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ. შემდეგ ეს ჭიქა გადადეთ სტერილურ ქილაში და მიიტანეთ ექიმთან, რომელიც საფუძვლიანი დაკვირვების და ობიექტური გასინჯვის შემდეგ დაგინიშნავთ ანალიზებს. ქართული ჯანდაცვა ზრუნავს თავის პაციენტებზე, სრულიად უმტკივნეულოდ - ჟუსტ ყავაში ჩახედვით იგებთ ანალიზის პასუხებს და ბედნიერი ბრუნდებით შინ, ხოლო თუ რაიმე სერიოზული გაწუხებთ, გირჩევთ, პირდაპირ მიმართოთ ექსტრასენსებს.
P.S. ცხადია, ეს ჩემი ემოცია არ ეხება ყველა ექიმს, რომელიც პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას და არ ღალატობს ჰიპოკრატეს.
ქეთი, 30 წლის