ის სამხედროა, განაწესით ცხოვრობს და ბრძანებებს ემორჩილება მედესანტე ილია მაქსიმოვის დედამ, რომლის შვილიც სავარაუდოდ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიკარგა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს პატიება სთხოვა.
"თუ ილია დამნაშავეა უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინაშე, გთხოვთ, აპატიოთ. ის სამხედროა, განაწესით ცხოვრობს და ბრძანებებს ემორჩილება. თუ თქვენთან არის, მზად ვარ ჩამოვიდე და წავიყვანო. აპატიეთ მას და მაპატიეთ მე", - აღნიშნა ლუბოვ მაქსიმოვამ, რომელმაც სარატოვში პრესკონფერენცია გამართა ამ საკითხზე.
მისივე თქმით, მისი ვაჟი ფსკოვის დივიზიაში მსახურობდა კონტრაქტით და ოფიციალური ვერსიით, "სწავლებებზე" გაგზავნეს უკრაინის სასაზღვრო რაიონში.
"დამირეკა და მითხრა, რომ სწავლებაზე გზავნიდნენ. ყოველდღე მწერდა მესიჯეს. 16 აგვისტოს დას დაურეკა. მერე მომწერა, რომ როსტოვთან ახლოს იყო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა", - ამბობს მაქსიმოვა.
25 აგვისტოს ფსკოვთან რამდენიმე ჯარისკაცის დახურული დაკრძალვა მოხდა. მაქსიმოვას არწმუნებენ, რომ მათ შორის არ იყო მისი შვილი. ერთადერთი იმედი დარჩა, რომ ილია სადღაც უკრაინაშია "დაკარგული", სავარაუდოდ - ტყვედ, ან იმალება. ამიტომ სთხოვს პატიებას უკრაინელებს, რომ შვილი დაუბრუნონ.