თუმცა პატარების სიტყვები ამაოა, როცა უფროსებს „ომობანას“ თამაში უნდათ ომი კაცობრიობის მიერ „შექმნილი“ ყველაზე დიდი უბედურებაა. წლიდან წლამდე პლანეტის რამდენიმე ადგილას მაინც გამუდმებით იბრძვიან პოლიტიკოსები გავლენისთვის, ფულისთვის, მიწისთვის თუ სხვა რამისთვის, ამ ბრძოლას კი ყოველთვის ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები. მათ შორის - ბავშვები. ბავშვის ერთ ცრემლადაც არ ღირს ის „დიადი მიზნები“, რასაც ომი ემსახურება, თუმცა გულგაყინულ გავლენიან ადამიანებს ეს ნაკლებად აღელვებთ. პატარები კი ერთმანეთის მიყოლებით იხოციებიან სხვათა ბრძოლის ველზე, ხოლო ვინც ცოცხალი რჩება, მის ცხოვრებას სამუდამო დაღს ასვამს დიდების „ომობანა“.
საქართველოს არაერთხელ გადაუტანია ეს ტკივილი, ახლო წარსულშიც. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად გვესმის ახლა ჩვენ მეზობლად განვითარებული მოვლენების. უკრაინაში სულ უფრო მეტად მძიმდება ვითარება. პატარა უკრაინელები უნებურად ჩართეს ამ ყველაფერში და ისინიც სხვადასხვანაირად გამოხატავენ პროტესტს, გულისტკივილს თუ დარდს.
პატარა უკრაინელი გოგონას სიტყვებმა, რომელიც ომმა საკუთარი სახლიდან აყარა და ბედნიერი ბავშვობა მოუსპო, მსოფლიო შეძრა (იხილეთ ვიდეო).
დონბასელმა ომგამოვლილმა პატარებმა კი საკუთარი ხელით შექმნეს მულტფილმი, რომელმაც მსოფლიოს უნდა დაანახოს, რა საშინელებაა ომი, ბავშვების თვალით დანახული (იხილეთ ვიდეო).
პატარები უფროსებთან საპროტესტო აქციებშიც იღებენ მონაწილეობას, დადიან ტრანსფარანტებით და ცდილობენ გააგონონ კაცობრიობას, რომ ომი ყველაზე დიდი დანაშაულია.... თუმცა პატარების სიტყვები ამაოა, როცა უფროსებს „ომობანას“ თამაში უნდათ...
ლელა ზურებიანი