მან ბავშვობიდან ისწავლა, როგორ შეიძლება ხარობდე სიცოცხლის ყოველი წუთით სარა ჩარმანი 29 წლის არის. მოსიყვარულე ქმარი და ორი შვილის დედა. ახალგაზრდა, ჭკვიანი, ლამაზი. მამამისი წარმატებული მუსიკოსია. ყოველთვის ცდილობდა, ბავშვისთვის ხელოვნების სიყვარული ესწავლებინა. გოგონა მთელი ცხოვრება მუსიკით ცხოვრობდა, პლეერში მთელ ხმაზე ჰქონდა მუსიკა ჩართული, მაგრამ სრულფასოვნად არასდროს შეეძლო მუსიკით ტკბობა. გოგონას მხოლოდ მუსიკალური ვიბრაციები ესმოდა. ის დაბადებიდან ყრუ იყო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი სიცოცხლის მოყვარული და მხიარული ადამიანი ამხელა შეზღუდვას გრძნობდა მთელი ცხოვრება.
სარა ძალიან მებრძოლი ადამიანია. ყოველთვის მიისწრაფოდა თვითგანვითარებისკენ. ძალიან უყვარდა კითხვა და გამუდმებული კითხვით ისწავლა სხვათა ნალაპარაკევის გამოცნობა ტუჩების მოძრაობით. "ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კარგად ვმეტყველებ, რაც როგორც წესი, სმენადაქვეითებულებს უჭირთ ხოლმე. ამაში კითხვის სიყვარული დამეხმარა. ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ სხვებთან ურთიერთობა შემძლებოდა. არ მესმოდა, მაგრამ ტუჩების მოძრაობით ვიგებდი სხვების ლაპარაკს და პასუხსაც ჩვეულებრივ ვცემდი – ღმერთმა დამაჯილდოვა ამით, მუნჯი არ ვარ, და ამისთვის დიდი მადლობა", - ამბობს სარა.
ახალგაზრდა დედა მიჩვეული იყო ასე ცხოვრებას და ტკბებოდა კიდეც იმით, რაც ჰქონდა – თავისი მოსიყვარულე ქმრით, ორი შვილით, წიგნებით, პლეერით... მაგრამ უცებ მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა – ექიმებმა შესთავაზეს, შუაყურში იმპლანტატი ჩაედგა, რომელიც უმცირეს ხმებსაც კი იჭერს და სმენადაქვეითებულებს ხმების გაგონებაში ეხმარება. სარა დათანხმდა.
ამ ვიდეოზე კარგად არის ასახული, რა დაემართა სარას, როცა პირველად გაიგონა საკუთარი ხმა. ცრემლები ვერ შეიკავა.
ახლა ამბობს, რომ კიდევ უფრო დიდი ბედნიერება იყო საკუთარი შვილების ჟღურტულის გაგონება და რომ ახლა ორმაგად ბედნიერია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ თავს აქამდეც ძალიან ბედნიერად მიიჩნევდა, ბავშვობიდან ისწავლა, როგორ შეიძლება ხარობდე სიცოცხლის ყოველი წუთით და ეს დაეხმარა ცხოვრებაში.