შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოსესია ახალი სასწავლო წლისთვის როდესაც 39 წლის კეტი დრისკოლმა გაიგო, რომ მისი მეექვსე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი გრეისი დაუნის სინდრომით დაიბადა, შეშინებული და გაოგნებული იყო. მაგრამ ამბობს, რომ ძლიერი ქალია, თანაც – შემოქმედებითი ბუნების, რაც დაეხმარა ყველაფრის გააზრებაში. მერე კი გადაწყვიტა, თავისი საქმისთვის – კეტი პროფესიონალი ფოტოგრაფია – კიდევ უფრო მეტად კეთილი მიმართულება მიეცა და მთელი მსოფლიოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი დედებისთვის გაეკეთებინა პროექტები, სოციუმში მათი ცხოვრების შესამსუბუქებლად და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. მის საქველმოქმედე პროექტებს ერთი საერთო სახელი აქვს - "სილამაზის ახლებური ხედვა".
ამჯერად გრეისმა ოთხი წლის ქალიშვილს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პატარებთან ერთად მოუყარა თავი და მშვენიერი ფოტოსესია მოუწყო – ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად. თან ამით საზოგადოებას მისცა მაგალითი იმისა, რომ ყველა ადამიანი არის ამ საზოგადოების წევრი, რომ სილამაზე და სრულყოფილება მეტისმეტად პირობითი ცნებებია და ყველა ადამიანს აქვს თავისი სილამაზე. მას სურს, კომპანიები მიიზიდოს, რათა მოზარდი უნარშეზღუდულები სარეკლამო ფოტოსესიებშიც მიიწვიონ და ისინი ისევე აღიქვან, როგორც მათი სხვა თანატოლები.
"ყველაფერი, რაც გარშემოა, ვიზუალური სამყაროა, და ჩვენი მიზანია, ყველას დავანახოთ, რა ლამაზები არიან ეს ადამიანები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება", - ამბობს კეტი.
პროექტი შარშან აამოქმედა, და ამ პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენიმე ფირმამ მიმართა ფოტოგრაფს, რომ მისი მეგობარი უნარშეზღუდული მოდელები სხვადასხვა რეკლამისთვის გადაეღოთ.
მაგალითად, მისი მშვენიერი ცისფერთვალება ქალიშვილი გრეისი 40-ზე მეტ რეკლამაში გადაიღეს. შარშან მსახიობმა ტორი სპელინგმაც მიიწვია მის მიერ გამოშვებული საბავშვო სამოსის რეკლამაში.
"ახლა, როცა ზაფხული მიიწურა და ახალი სასწავლო წელი იწყება, გარშემო ისეთი ფუსფუსია და ამ ფუსფუსში სულ არ იგრძნობა, რომ ვინმე ზრუნავდეს ამ პატარების სასკოლო პრობლემებზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ზუსტად ისე ღელავენ და განიცდიან იმ დღეს, როცა სკოლაში უნდა წავიდნენ, და ზუსტად ისეთივე საზრუნავები აქვთ, როგორც სხვებს", - ამბობს კეტი.