ექსკლუზიური ინტერვიუ ლოს-ანჯელესში მყოფ რატი წითელაძესთან სპორტსმენს, კიკბოქსიორ რატი წითელაძეს, რომელმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მოდელობაც სცადა და "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" დიდად გამოიჩინა თავი, ბევრი იცნობს. სიბეჯითის, შრომისუნარიანობისა და მიზანსწრაფულობის წყალობით ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა წარმატებისკენ რთული გზის გავლა მოუხდა, ბევრი შრომა ჩადო იმ საქმეში, რომელიც დიდად არ უყვარდა, თუმცა ცხოვრებაში გამორჩეულობის, განსხვავებულობის სურვილმა არ დაუკარგა მუშაობის ენთუზიაზმი. ბევრი იწვალა, ბევრი რამ გადაიტანა... შედეგად კი დღეს ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ფილმებს იღებს, როგორც რეჟისორი და თან მსახიობობს. შეიძლება ითქვას, რომ იპოვა თავისი საქმე და ახლა უფრო დიდი წარმატებისთვის ემზადება.
- მინდა, ჩვენს მკითხველს, განსაკუთრებით პატარა სპორტსმენებს, მოუყვე შენი სპორტული კარიერის შესახებ, მახსოვს, ინტერვიუებში ამბობდი, რომ სულაც არ გიყვარდა ვარჯიში, მიუხედავად ამისა, უამრავ დროს ატარებდი სპორტულ დარბაზში, შედეგად კი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდი...
- მამაჩემი ახალგაზრდობაში პერსპექტიული მოჭიდავე იყო, მაგრამ ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ოჯახმა ვერ შეუწყო ხელი და ვერ გაჰყვა ამ საქმეს. ჰოდა, გადაწყვიტა, ეს ოცნება ჩემთან განეხორციელებინა. 6 წლის ვიყავი, როცა სპორტზე შემიყვანა, მაგრამ დიდად არ მომწონდა. ძალით დავდიოდი, თუმცა წინააღმდეგობა არ გამიწევია. სახლიდან გავდიოდი და ვიმალებოდი, რომ ჰგონებოდათ, ვარჯიშზე ვიყავი, შემდეგ ეუბნებოდნენ ოჯახის წევრებს ჩემს ამბავს. 8 წლისა პირველად გავხდი ჩემპიონი და ეს საქმიანობა მეტად მომეწონა. მეგონა, რომ გამორჩეული ვიყავი. კარგადაც ვხატავდი და როცა რამე იყო სკოლაში გასაფორმებელი, დასახატი, მე მეძახდნენ, მომწონდა ეს გრძნობა, რომ განსხვავებულად მთვლიდნენ. მერე და მერე, ცოტა ვარჯიშს მოვუკელი და მივხვდი, რომ აღარ ვიყავი გამორჩეული და არ მომეწონა ეს. როგორი ტალანტიც არ უნდა გქონდეს, თუ შრომით არ გაამაყრე, არაფერი გამოვა. ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი წარუმატებლობებმა შეიტანა.
- ანუ?
- როდესაც შეჯიბრში ვმარცხდებოდი, სტიმული მეძლეოდა და უფრო მეტი შემართებით, გამარჯვების წყურვილით ვიწყებდი შრომას. თუ ვერ შეიგრძენი, რას ნიშნავს წაგება, გამარჯვებასაც ვერ დააფასებ, ვერ გაიაზრებ. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ყველაფერი ცუდად წავიდა ჩემს ცხოვრებაში, იყო 90-იანი წლები, სიბნელე, "ხულიგნობა"... არ ვმალავ, რომ ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაშიც იდგა, მეც ცუდი ბავშვი ვიყავი, რომელიც ცუდ რაღაცებს აკეთებდა და ცუდ საქმეებში იყო გარეული... ამ ყველაფრის ფონზე კი ხალხი უკვე ჩვეულებრივ და არა გამორჩეულ ადამიანად აღმიქვამდა, ბრბობში გავითქვიფე და ეს აღარ მომეწონა. გავაცნობიერე, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული და მე თუ არ შევცვლიდი, სხვა ვერ იზამდა ამას, ჰოდა, ჩავალაგე ტანსაცმელი და წამოვედი თბილისში, ისე, რომ იქ არავის ვიცნობდი. ვიცოდი, რომ თბილისში სპორტის აკადემიაში იყო იმ სპორტის სახეობის გუნდი, რომელშიც მე ვასპარეზობდი, ჰოდა, იქ მივედი იმ გაზრახვით, რომ უნდა გავმხადრიყავი მსოფლიო ჩემპიონი, ოღონდ რაში მჭირდებოდა ეს, არ ვიცი. თუ მოვიგებდი, საკუთარ თავსაც და სხვებსაც დავუმტკიცებდი, რომ სხვებისნაირი არ ვიყავი.
დავიწყე ვარჯიში, დღე და ღამე ვვარჯიშობდი, ჩემი ცხოვრება იყო სახლი – ვარჯიში. ერთი პერიოდი, როცა სახლის პრობლემა მქონდა დარბაზშიც კი ვცხოვრობდი, მაგრამ იმ დროსაც კი ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შემპარვია. ვიცოდი, რომ ეს გამარჯვება ფულს ვერ მოიტანდა, თუნდაც იმიტომ, რომ არაოლიმპიურ სპორტის სახეობას მივყვებოდი - კიკბოქსინგს. ფულზე ორიენტრიებული არასდროს ვყოფილვარ, საჭმლის ფულს რაღაცნაირად ვშოულობდი, მეგობრები, სპორტსმენები მეხმარებოდნენ, ზოგჯერ დარბაზში ვათენებდი, ზოგჯერ მეგობართან... ასეთი მომზადების შემდეგ სადღაც ერთ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და კიდევ დავრწმუნდი, რომ ჩემზე იყო ბევრი რამ დამოკიდებული. გავიმარჯვე, მაგრამ მერე რაა? მეორე დღეს ჩვეულებრივი დღე გათენდა ჩემთვის... დავიწყე ფიქრი, დიდ დროს, ხან ღამეებსაც კი ეკლესიაში ვატარებდი იმაზე ფიქრში, თუ რა უნდა გამეკეთებინა მნიშვნელოვანი, რომ ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო... საქმეში ჩართული ვიყავი ბოლომდე, იმდენს ვვარჯიშობდი, გულის შეტევები მემართებოდა, ხან კრუნჩხვაში ვვარდებოდი ზედმეტი ვარჯიშისგან, ანუ ჩემზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებდი... სპორტისთვის თავის დანებებასაც კი ვფიქრობდი, მაგრამ მაინც მაძლიერებდა ყველა წინააღმდეგობა.
ერთხელ დარბაზში მოვიდა მენეჯერი, რომელსაც "გასატესტად" ჰყავდა მოყვანილი სპორტსმენი და ეძებდა მძიმეწონიან სპორტსმენს. "მოწინააღმდეგე" იქ არ დახვდათ, ვინაიდან მე მაშინ დარბაზში ვცხოვრობდი, შევესწარი ამ ფაქტს, გამოვხატე მასთან ჩხუბის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე მძიმეწონოსანი იყო და... დავმარცხდი. ცხვირიდან სისხლი მადინა, ცუდი დღე იყო... მაგრამ მენეჯერს მაინც მოვეწონე, დაინახა ჩემში პოტენციალი, მე კი იმ ადამიანთან კვლავ ჩხუბის და მოგების დიდი სურვილი გამიჩნდა, მინდოდა მეცემა... ისევ დავიწყე ვარჯიში... შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ის ბიჭი, ვინც მე დამამარცხა და ვისთან ჩხუბიც მინდოდა, ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა, მაგრამ სამწუხაროდ, თავი დაანება სპორტს.
- ფართო მასებისთვის ცნობილი როგორ გახდი?
- ეგვიპტეში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ლიტვაში ევროპის ჩემპიონი, რის შემედეგაც წავედი ამსტერდამში, ერთ-ერთ ცნობილ გუნდში საასპარეზოდ, ოღონდ იქაც არავის ვიცნობდი, ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი, მხოლოდ მისამართი მქონდა, სადაც უნდა მივსულიყავი. რა თქმა უნდა, ვერ მივაგენი, შემთხვევით ქუჩაში შემხვდა ვიღაც ქართველი, რომელმაც მიმიყვანა იქ, სადაც მივდიოდი. ჰოლანდიაშიც დავიწყე ვარჯიში, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მეუბნებოდნენ, მალე ცნობილი გახდებიო... ამასობაში, მოვიგე კიდევ ერთი საერთაშორისო ჩემპიონატი, არადა ჩხუბის დროს ვფიქრობდი, ეს ის არ არის, რაც მინდა, რომ ცხოვრებაში ვაკეთო... გამარჯვებულს არანაირი გრძნობა არ მქონია... მოვიხადე ბოდიში და დავტოვე ჰოლანდია. ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი იყო მაშინ, როცა საქართველოში დავბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული კარიერის თვალსაზრისით ძალიან დიდ წარმატებას მივავღწიე, მაინც ვერ მივიღე ცხოვრებისგან ის, რაც მინდოდა. ჩავიკეტე ბათუმში და ინერციით ვვარჯიშობდი. ერთ დღესაც მეგობარმა და ფოტოგრაფმა თენგო დოლიძემ შემომთავაზა ფოტოების გადაღება, დავთანხმდი, გადავიღეთ და განვათავსეთ ინტერნეტში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე ვფიქრობდი, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი გავხდი, დღეს და ღამეს ვათენებდი და ამხელა ხმაური ამას არ მოჰყოლია... ფოტოებით კი გამიცნო ხალხმა.
- დღეს, ოჯახის წვერები ალბათ ამაყობენ შენი წარმატებით, მით უმეტეს, რომ ასეთი რთული გზა გაიარე დამოუკიდებლად...
- ალბათ, ცუდს არ ვაკეთებ და იციან, რომ რასაც ხელს ვკიდებ, გულს ვდებ მასში.
- თუმცა, რთულია, როცა შვილი ასე შორს გყავს...
- კი, ალბათ რთულია. საქართველოში ოჯახის წევრები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები, ამერიკაში კი ხშირად 18 წლის შემდეგ შვილებს აღარ კითხულობენ. ჩემი აზრთ, ქართველი მშობლები ცოტა ეგოისტები არიან, რადგან უნდათ, მთელი ცხოვრება შვილი თავის წრეში ჰყავდეთ, არ უნდათ გაშვება, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც აქვს.
- რა რჩევას მისცემდი მოზარდებს, რომლებიც ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულნი ცხოვრებისეულ არჩევანში...
- რასაც მოკიდებენ ხელს, მთელი სული და გული ჩააქსოვონ, 100%-ით გააკეთონ ყველა საქმე, იყვნენ საქმის პროფესიონალები და ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევენ.
ციცი ომანიძე