ის ყველაზე სახიფათო წეს-ჩვეულებად მიიჩნევა რელიგიურ რიტუალებს შორის შეიძლება, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაგიხარდეთ კიდეც, რომ ჩვენი პლანეტის ამა თუ იმ კუთხეში არ დაიბადეთ, სადაც ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით საკმაოდ საშიში რიტუალები აქვთ.
ირლანდიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მშობლები წვეულებას აწყობენ პატარის დაბადებასთან დაკავშირებით. თუმცა იქ მიღებულია, რომ ახალშობილსაც შესთავაზონ სასმელი. ასეთ წვეულებებზე სპეციალურად ამ დღისთვის შენახული საქორწილო ტორტის წვერი გამოაქვთ, რომელსაც ვისკიში ალბობენ და მერე ბავშვს შუბლზე ასრისავენ. ნათლობის დროს კი მშობლები პატარას თავზე შამპანიურს ასხამენ.
კუნძულ ბალიზე ბევრი უცნაური ტრადიცია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, პლაცენტა არის რაღაც, რაც დამოუკიდებლად ცოცხლობს, ამიტომ მშობლები მას რიტუალურად მარხავენ სასაფლაოზე.
ამ ქვეყანაში სხვა უცნაური ტრადიციაცაა – ბავშვი მიწას არ უნდა შეეხოს, სანამ სამი თვე არ შეუსრულდება – მიიჩნევა, რომ ამ ასაკამდე პატარისთვის მიწა არასაკმარისად სუფთაა.
ნიგერიაში ორსულ ქალებს მარტო ტოვებენ სამშობიაროდ, ყოველგვარი დახმარების გარეშე. ამის გამო მშობიარობის დროს ბევრი გართულება ხდება. დახმარება, რომელიც მშობიარეებს სჭირდებათ, შეიძლება ძალიან გვიან მივიდეს ან საერთოდაც არ გამოჩნდეს. დღეს სათანადო ორგანოები ზრუნავენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და იმედია, მოაგვარებენ. სხვათა შორის, მსგავსი ტრადიცია საქართველოშიც არსებობდა, ხევსურეთში (დაწვრილებით იხილეთ სტატია).
ლიტვაში ძალიან უცნაური ფესტივალი არსებობს, რომელიც ყოველ წელს ტარდება 1 ივნისს – რატომღაც, ბავშვთა დაცვის დღეს დაემთხვა. ჩვილები მონაწილეობენ რბოლაში "ქვეყნის ყველაზე სწრაფი მხოხავი". რბოლის დროს ცდილობენ პატარები აცდუნონ სათამაშოებით, რომ გვიან მივიდეს ფინიშამდე.
ისეთ ცხელ ქვეყანაში, როგორიც გვატემალაა, ახალგამომცხვარი დედები მზად არიან, პატარები მზის დაკვრისა და გადახურებისგან ყოველგვარი, აბსურდული მეთოდითაც კი დაიცვან. პაწაწინებს გაყინულ წყალში აბანავებენ, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილისგან ტირიან. ამ მტანჯველი პროოცედურის შემდეგ საწყლებს წამიერად ეძინებათ.
მავრიტანიაში არსებობს ასეთი ხალხი – უოლოფა, რომელთაც უჩვეულო რწმენა აქვთ, რომ ადამიანის ნერწყვს სიტყვისა და გრძნობის შენახვა შეუძლია. ამიტომ იქ ხშირად ნახავთ ბავშვს, რომელსაც დედა ან მამა ყურზე, სახეზე ანერწყვებენ, ხან კი, მეტი დაცულობისთვის, მთელ თავს უფარავენ ნერწყვით.
ჩინეთში მთელი რიგი ტრადიციები აქვთ: ზოგიერთ რაიონში ქორწილის დროს საქმრომ პატარძალი ცხელ ნაკვერჩხალზე უნდა გაატაროს, რომ მომავალში მშობიარობა იოლო ჰქონდეს. როცა ორსულობა დგება, ქალმა ოსრულებისთვის დაწესებული აკრძალვები უნდა შეასრულოს: არ იჭორავოს, ხმამაღლა არ გაიცინოს, არ იჩხუბოს, ცუდი ფიქრები არ გაივლოს თავში და ა.შ. თანაც, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს სექსი. ხოლო იმ ტრადიციაზე, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში პლაცენტისა და გარდაცვლილი ახალშობილების მირთმევაა მიღებული, შეგიძლიათ, სტატია წაიკითხოთ. პლაცენტას კი ჩინეთის გარდა ინდოეთსა და იამაიკაშიც მიირთმევენ.
პაკისტანში, კელეშის პროვინციაში, ქალები ასევე მარტო აჩენენ, ოჯახისგან შორს, იქ მიიჩნევა, რომ მშობიარე ქალი ბინძურია და იზოლირებულ ადგილას გზავნიან. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ დროს მშობიარეს დაეხმარეს, არის ქალი, რომელსაც ციკლი აქვს, იმიტომ, რომ იმ დროს ისიც ბინძურად მიიჩნევა.
მაისსა და ივნისში ესპანურ ქალაქ კასტილიო დე მურსიაში უჩვეულო რიტუალი ტარდება – ელ კოლაჩო. პირველად ის 1620 წელს ჩაუტარებიათ და იმ ჩვილი ბავშვების სულების განწმენდას ემსახურება, რომლებიც წლის განმავლობაში დაიბადნენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს სჯერათ, რომ ამ რიტუალის ჩატარება ბავშვებს ავი თვალისა და ჯადოსგან, ბნელი ძალებისა და დაავადებებისგან იცავს. "კოლაჩოს ეშმაკი" სტარტს იღებს, გამოიქცევა და ახტება ძირს დაწვენილ ბავშვებს (რომელთაგან ბევრი ტირილით იჭაჭება, მაგრამ არავინ აქცევს ამას ყურადღებას) და როგორც ადგილობრივებს სჯერათ, ასე მიაქვს თან ყველა უბედურება და ავადმყოფობა. მშობლებიც ბედნიერები არიან, რომ შვილები "გადაარჩინეს".
ინდოეთში ე.წ. "ბავშვების გადაგდების" რიტუალია, რომელიც მახარაშტრას შტატში, გრიშნეშვორის ტაძარში ტარდება. ის ყველაზე სახიფათო წეს-ჩვეულებად მიიჩნევა რელიგიურ რიტუალებს შორის. სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ მისი აღსრულებისას ბავშვებს სადღაც ისვრიან. ამ მისიისთვის ერთიდან ორ წლამდე ბავშვებს ირჩევენ. ისინი ტაძრის აივანზე აჰყავთ და 15 მეტრის სიმაღლიდან ძირს აგდებენ. გადაგდებული ბავშვების მშობლები მიიჩნევენ, რომ საშიში არაფერია - პატარების მამებს ქვემოთ ზეწარი აქვთ გაჭიმული და ბავშვები ზედ ენარცხებიან. ზოგჯერ უბედური შემთხვევებიც ფიქსირდება, თუმცა ბავშვები სასიკვდილო დაზიანებებს ძალიან იშვიათად იღებენ. ადგილობრივი სულიერი ლიდერები ირწმუნებიან, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში ამ წესის აღსრულებისას "მხოლოდ" 3 ბავშვი დაიღუპა. ინდუსებსა და იქაურ მუსლიმებს სწამთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ ბავშვები უფრო ჯანმრთელები, იღბლიანები და ჭკვიანები ხდებიან.
პერუში ჩუპაკის შინაური საქონლის ბაზარზე ხშირად მიჰყავთ ახალშობილები და წამოზრდილი ბავშვები. ყასბები ამ ადგილზე ცხვრებსა და სხვა შინაურ ცხოველებს კლავენ და ახალ ხორცს ყიდიან. ცხვრის სისხლში კი იმ პატარებს აბანავებენ, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. ადგილობრივ მცხოვრებთ კი სჯერათ, რომ ცხვრის სისხლს სამკურნალო თვისებები აქვს.