ეს ბავშვები სულ ცოტა ხნით, სულ რამდენიმე წუთით მაინც იყვნენ ბედნიერები... 1977 წელს კრის გრეიჩუსმა, რომელიც ლეიკემიით იყო ავად, და დედამისმა ლინდამ მებაჟე ტომი ოსტინი გაიცნეს. ბიჭმა ტომის უთხრა, რომ პოლიციის ოფიცრობაზე ოცნებობდა, ის კი დაჰპირდა, რომ ნამდვილი პოლიციის ვერტმფრენით გაასეირნებდა.
1980 წელს, როცა კრისის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, დედამისი ტომის დაუკავშირდა და პირობა შეახსენა. ტომიმ თავის უფროსებს დაურეკა, აშშ-ის არიზონის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტიდან და სთხოვა, ერთი გაფრენის ორგანიზება მოეწყოთ ბიჭისთვის.
უფროსებს ის კი არ უთქვამთ, მეტი საქმე არ გვაქვსო, პირიქით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ბიჭის ოცნება აეხდინათ.
29 აპრილს კრისი ქალაქ ფენიქსიდან საპატრულო ვერტმფრენით აფრინდა და მთელი დღე გაატარა უსაფრთხოების დეპარტამენტის შტაბში. საღამოს კი მას არიზონის შტატის საპატიო პოლიციელის წოდება მიანიჭეს.
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. სულ ორ დღეში კრისისთვის პატრულის ფორმა შეკერეს. იპოვეს მოტოციკლი ელემენტებზე, რომლითაც ბიჭმა წარმატებით ჩააბარა მართვის გამოცდები (რომელ პატრულს არ ჰყავს საკუთარი მოტოციკლი?).
2 მაისს ბედნიერი კრისი საავადმყოფოში დაბრუნდა. მან ითხოვა, რომ ფორმა მის თვალწინ დაეკიდებინათ. ის იღიმოდა. 3 მაისს კრისი გარდაიცვალა...
მისი დაკრძალვის შემდეგ ადამიანები, რომლებიც ბიჭუნას უკანასკნელი ოცნების რეალიზებაში ეხმარებოდნენ, დაფიქრდნენ იმაზე, რა კარგია მისცე სასიკვდილო დაავადებით დასნეულებულ ბავშვებს შანსი, თუნდაც წამით იყვნენ ბედნიერები. ასე დააარსეს ფონდი "ჩაიფიქრე სურვილი".
მას მერე 240 ათასზე მეტი ავადმყოფი ბავშვის სურვილები აახდინეს. ფონდის ფილიალები კი მსოფლიოს 35 ქვეყანაში გავრცელდა.
სურვილები კი სრულიად სხვადასხვა აქვთ პატარებს. ერთი გოგონა, რომელიც რამდენიმე ათეული კილოგრამით გასუქდა ჰორმონებით მკურნალობისგან, ნამდვილ ბალერინებთან შეხვედრასა და მათთან ცეკვაზე ოცნებობდა. შეხვედრა შედგა. და ცეკვის გაკვეთილიც.
სხვა სიმსივნით დაავადებულმა გოგონამ ახლობლებს უამბო, რომ საოცარი სათამაშო კურდღელი ჰყავდა, რომელიც მტკივნეული ქიმიოთერაპიის ყველა სეანსის გადატანაში დაეხმარა. გოგონა ოცნებობდა, რომ ყველა ავადმყოფ ბავშვს ჰქონოდა ასეთი სათამაშო. ერთხელ მის სახლთან სატვირთო მანქანა მივიდა, პირამდე გადავსებული სათამაშო ბაჭიებით. გოგონა სიმსივნესთან ბრძოლის უმსხვილეს ცენტრში მიიყვანეს, სადაც თვითონ დაურიგა სათამაშოები ბავშვებს.
ცოტა ხნის წინ კი სან-ფრანცისკოს მცხოვრებლები ლეიკემიით დაავადებულ 5 წლის მაილსს დაეხმარნენ ოცნების რეალიზებაში. ბიჭი სუპერგმირის, ბეტმენის როლზე და ნამდვილი გმირობების ჩადენაზე ოცნებობდა. და აი, ერთ დილას ტელევიზორში მოისმინა მოწოდება, მას მიმართავდნენ და შველას ითხოვდნენ.
ბიჭი საგანგებოდ გამოაწყვეს და უფროსი ბეტმენის თანხლებით მან ჯერ გატაცებული ქალი დაიხსნა, მერე კი სან-ფრანცისკოს სიმბოლო, სელაპი ლუ გამოსტაცა ბოროტმოქმედებს. დამნაშავეები ციხეში გაგზავნა, მაილსს კი ათასობით მცხოვრები შეეგება და გმირობისთვის მადლობას უხდიდა. "ბეტკიდ, შენმა ამბავმა და შენმა სიმამაცემ ჩვენი გულები დაიპყრო, - გამოაცხადა ქალაქის მერმა, - შენი წყალობით ჩვენი ქუჩები გაცილებით უსაფრთხო გახდა".
კიდევ ერთ პატარას უნდოდა პოლიციელობა და მთელი დღე "ამუშავეს" პოლიციელად.
სხვა - საყვარელ ბეისბოლისტთან შეახვედრეს
საყვარელ ვარსკვლავებთან...
მთავარი მიზანი - პატარების სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გაბედნიერება, ყველა შემთხვევაში მიღწეული იყო და ეს ბავშვები სულ ცოტა ხნით, სულ რამდენიმე წუთით მაინც იყვნენ ბედნიერები...