ბავშვთა უფლებებისთვის მებრძოლი გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს "მოსწავლე, მასწავლებელი, წიგნი და კალამი, აი, რა შეცვლის მსოფლიოს.
განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება - უპირველესია" - ეს სიტყვები მალალა იუსუფზაის ეკუთვნის, ნობელის პრემიის ყველაზე პატარა მფლობელს.
ოსლოში ნობელის 2014 წლის მშვიდობის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ. პრემია პაკისტანელ აქტივისტ მალალა იუსუფზაის და ბავშვთა უფლებების დამცველ, ინდოელ კაილიშ სატუარტის გადაეცათ, ბავშვებისა და მოზარდების დაჩაგვრის წინააღმდეგ და ყველა ბავშვისათვის განათლების უფლების ბრძოლისთვის.
17 წლის მალალა იუსუფზაი, პაკისტანელი გოგონა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში "ბიბისის" ბლოგერი გახდა, სადაც "თალიბანის" რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა.
2009 წელს პაკისტანში თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელისუფლებამ გოგონებისათვის სკოლაში სიარული აკრძალა. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, დაეცვა თავისი განათლების უფლება, თუმცა პატარა გოგონას პროტესტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა - 2012 წელს მალალა იუსუფზაის მოკვლა "თალიბებმა" სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს.
ახლა 17 წლის მალალა მშობლებთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. იქიდანვე აგრძელებს თავის საქმიანობას და ამ სიმამაცისა და შემართებისთვის ასევე მიღებული აქვს ანდრეი სახაროვისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიები.
სხვათა შორის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 278 ნომინანტი იყო წარდგენილი, მათ შორის - რომის პაპი ფრანცისკი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ