ამბობენ, რომ ბავშვმა დადებითი ემოციების გამომჟღავნება საშვილოსნოშივე დაიწყო ყველაზე მოღიმარი ბავშვი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ბავშვის მშობლები ამტკიცებენ, რომ პაწია მთელი დღის განმავლობაში იღიმება. მეტიც, ამბობენ, რომ ბავშვმა დადებითი ემოციების გამომჟღავნება საშვილოსნოშივე დაიწყო.
ცოტა ხნის წინ მედიკოსებმა წამოჭრეს ვერსია, რომ ბავშვებს დადებითი ემოციების გამომჟღავნება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს შეუძლიათ. მაგალითად, მომავალმა მშობლებმა ემი კრეგმა და ლეიტონ ჰარგრივზმა თავიანთი პატარის პირველი ღიმილი ორსულობიდან 31-ე კვირას დააფიქსირეს. ამის საშუალება მათ 4-განზომილებიანმა ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ მისცა.
"მე და ჩემი მეუღლე გაოცებულნი დავრჩით, როცა ექიმმა ჩვენი შვილის ფართო და გახსნილი ღიმილი დაგვანახა. თავად სამედიცინო პერსონალიც გაოცებული ჩანდა. დაბადების შემდეგ ლეო ძილშიც კი იცინის", - ამბობს ბავშვის დედა ემი კრეგი.
ბრიტანეთში 5 თვის ლეო ჰარგრივზს ქვეყნის ყველაზე ბედნიერ ბავშვად მოიხსენიებენ. ბიჭუნა მართლაც გამუდმებით იღიმის და ირგვლივ საოცარ სიხარულს აფრქვევს. მისი მშობლები სამოდელო სააგენტოების შეთავაზებებს ვერ აუდიან - ყველას უნდა, ლეოს გადაღებაზე ექსკლუზიური უფლება ჰქონდეს. თუმცა მშობლები არ ჩქარობენ და სააგენტოებს ჯერჯერობით უარს ეუბნებიან.
აქამდე მიაჩნდათ, რომ ბავშვი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ იწყებდა გაღიმებას. იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა პატარები თავიანთი მომაჯადოვებელი ღიმილით მშობლებს დაბადების პირველ დღეებშივე ახარებდნენ. რა თქმა უნდა, ამ დროს ბავშვს გააზრებული სიხარულის განცდა არა აქვს, თუმცა ღიმილი მიანიშნებს, რომ ბავშვის განვითარება სწორად მიმდინარეობს.
სამ და ოთხგანზომილებიანი ულტრასონოგრაფიული კვლევა თანდათან პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში, რადგან უფრო და უფრო მეტი მშობელი იჩენს ცნობისმოყვარეობას, თუ როგორ გამოიყურება მისი შვილი.
იხილეთ ასევე: როგორ ვითარდება ნაყოფი მუცელში 1-დან 40 კვირამდე - საოცარი ფოტოები