შობა-ახალ წელს სასწაულები ხდება... ასეთ გაგრძელებას არავინ ელოდა... შობა-ახალი წელი მართლა განსაკუთრებული დღეებია, როცა ადამიანებს, დიდსაც და პატარასაც, გულის კუნჭულში აქვთ იმედი, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება, დამდეგი წელი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გასული... ყველას სჯერა, რომ სასწაული ოდესმე მოხდება...
ალბათ ბევრს ახსოვს შარშანდელი ცნობილი ვიდეო, როდესაც კანადურმა ავიაკომპანიამ თავის მგზავრებს საახალწლო სურვილები აუსრულა - ერთ აეროპორტში სურვილები ათქმევინეს, დანიშნულების ადგილზე ჩასულთ კი სიურპრიზები დაახვედრეს (იხილეთ ვიდეო).
იგივე ავიაკომპანიის ფანტაზია უფრო შორს წავიდა - ამჯერად დომინიკის რესპუბლიკის ერთი ღარიბული სოფელი აირჩიეს, რომელსაც ნამდვილი საოცრება მოუწყვეს.
სოფელში ჯერ სანტას მარხილი გადაიტანეს, ტელეეკრანით, რომელზეც სანტა საახალწლო სურვილების ჩამონათვალს ითხოვდა. პატარებთან ერთად სანტას უფროსებიც არანაკლები იმედიანი თვალებითა და მღელვარებით სთხოვდნენ საჩუქრებს - ვიღაც, თოჯინას, ვიღაც - სკეიტ ბორდს, ცხენს, ტელევიზორს და ა.შ. ალბათ მათ უბრალოდ თამაში ეგონათ, რომელშიც მხიარულად ჩაერთნენ. თუმცა ასეთ გაგრძელებას არავინ ელოდა... სანტამ მათ არა მხოლოდ სურვილები აუსრულა, თავადაც ჩააკითხა, ნამდვილი თოვლიც ჩაუტანა ცხელ მხარეში მცხოვრებთ და ბავშვებს სათამაშო მოედანიც აჩუქა, რომელიც მათ არასდროს ჰქონიათ.
სასწაულები მართლაც ხდება... თუ ისინი, ვისაც მათი ჩადენა შეუძლია, მოინდომებენ და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ერთ დღეს მაინც გაულამაზებენ.