როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბოლო დროს ქალს დეპრესია ჰქონდა ავსტრალიაში მომხდარი საზარელი ტრაგედიის დეტალები თანდათან ცხადდება. სამართალდამცველი ორგანოები თავიანთ ეჭვს უკვე პრესასაც უზიარებენ. კერნსში სასტიკად მოკლული შვიდი და-ძმისა და მათი ბიძაშვილის მკვლელობაში პატარების დედაა ეჭვმიტანილი – 37 წლის მერსანე უორიამ თავის შვილებთან ძმიშვილიც მოკლა, რომელიც იმ დღეს მათთან იმყოფებოდა. შემდეგ კი თავი დაიჭრა. გვამები და დაზარალებული დედა ეჭვმიტანილის 20 წლის უფროსმა ვაჟმა იპოვა და მანვე გამოიძახა პოლიცია.
ბავშვებს შორის ყველაზე უმცროსი წლი-ნახევრისაა, უფროსი – 15 წლის. სახლში მრავალი დანა იპოვეს – სწორედ დანებით აქვთ მათ მიყენებული ჭრილობები. როგორც ქალის მეზობლები ამბობენ, წყნარი ქალი იყო, თუმცა მისი ახლობლების თქმით, ბოლო დროს დეპრესიით იტანჯებოდა. ადგილობრივმა მღვდელმაც აღნიშნა, რომ დაპატიმრებულს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, თუმცა მღვდლის ჩარევაზე უარი უთქვამს. "მე პატარა გოგო არ ვარ და არ მჭირდება არავის რჩევა", - ასე უთქვამს მას პასტორისთვის.
ამჟამად ერთადერთ საბაბად დეპრესიული მდგომარეობა სახელდება. გაჟონა ასევე ინფორმაციამ, რომ ეჭვმიტანილის სისხლში ნარკოტიკის კვალი აღმოაჩინეს. ისიც დადგინდა, რომ ბავშვები ქალს ხუთი სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავდა და ამჟამად ქმარი არ ჰყოლია.
მთელი ავსტრალია შეძრა ამ ტრაგედიამ. დანაშაულის ადგილი შემოსაზღვრულია, თუმცა დაპატიმრებული ქალი გამუდმებით ტირის და მხოლოდ ამას ამბობს: "ჩემი ბავშვები! ჩემი ბავშვები!"
...უამრავი ადამიანი მიდის, მიაქვთ ყვავილები, ბავშვების საჩუქრები, საშობაო ღია ბარათები ამაღელვებელი გზავნილებით.