ერთხელ დედის სტიყვები გაიგონა: "ნეტავ მალე მოკვდე"... მარტინ პისტორიუსი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაიბადა. ჩვეულებრივი ბავშვი იყო, თუმცა 1988 წელს მოულოდნელად დაემართა რაღაც, რამაც მრავალი წლით კოშმარად აქცია მისი ცხოვრება. სკოლიდან მოსულმა ყელის ტკივილი იგრძნო, თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი გაციება: მარტინის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და ექიმები მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ. სულ უფრო მეტად უჭირდა მოძრაობა, მეხსიერებას კარგავდა, ვეღარ ლაპარაკობდა და არ რეაგირებდა არაფერზე. ერთი სიტყვით, მალე კომაში ჩავარდა.
დღემდე ვერ ხვდებიან, რა იყო კომის მიზეზი. ზოგიერთი ვერსიით, ეს კრიპტოკოკური მენინგიტი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არ დასმულა.
დედამისი ჯოანა უკვე ისე იყო, ფარხმალი დაყარა და თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ გადაარჩინეს.
ერთი წლის შემდეგ ექიმებმა გამოაცხადეს, რომ მარტინს ვერაფერშო ვერ დაეხმარებოდნენ. მშობლებს ისღა დარცენოდათ, შინ წაეყვანათ და იქ მოევლოთ, სანამ დაავადება საბოლოოდ არ მოუღებდა ბოლოს, თუმცა 16 წლის ასაკში ბიჭს თანდათან დაუბრუნდა ცნობიერება. მეხსიერებაც ცოტათი აღუდგა, თუმცა ვერ მოძრაობდა და ვერ ლაპარაკობდა. "ეს კინოსავით არის: გმირი მოკვდა და მოჩვენებად იქცა, ისე, რომ თავად ვერ აცნობიერებს ამას. მეც ასეთი განცდა მქონდა, თითქოს ადამიანები ვერ მამჩნევდნენ: რა ხდებოდა ჩემს შიგნით, როგორც არ უნდა მეცადა და მათთვის მიმეწვდინა ხმა, მე მაინც ვერავინ მამჩნევდა, - ამბობდა მოგვიანებით მარტინი, - მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ჯვარი იყო სრულ სიმარტოვეში არსებობა".
როგორც მარტინი იხსენებს, მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო სიტყვები, ყველაზე ახლობელი ადამიანის – დედის მიერ წარმოთქმული: "იმედი მაქვს, მოკვდები". დედას ეგონა, რომ მარტინს ეს არ ესმოდა... ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იყო დედა, რომელსაც ეს სიტყვები წამოსცდა, და შვილი, რომელმაც ეს გაიგონა...
ნამდვილი წინსვლა მოხდა მაშინ, როცა მარტინი 25 წლის გახდა. სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ბიჭს დღისით ტოვებდნენ ხოლმე, თერაპევტმა შენიშნა, რომ პაციენტი გონს მოვიდა: მიმიკა, თავის დაქნევა, მხედველობითი კონტაქტის დამყარების მცდელობები. სამხრეთ აფრიკის დედაქალაქის ალტერნატიული კომუნიკაციის ცენტრში ბიჭმა უამრავი ტესტი გაიარა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის ადეკვატურად რეაგირებდა და ცნობიერებაც ჰქონდა. ფრთებშეხმულმა დედამ მუშაობას თავი დაანება და მთელ დროს შვილთან ატარებდა: მისი დახმარებით მარტინმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა აითვისა, რომლითაც მას შეეძლო ნოუთბუქის მეშვეობით "ელაპარაკა".
მარტინი კიდევ უფრო შორს წავიდა: კომპიუტერს მეტად ჩაუღრმავდა, ჩააბარა კოლეჯში, ისწავლა პროგრამირება და სამსახურიც კი მიიღო. ამ დროისთვის უკვე მთლიანად შეეძლო თავისი სხეულის ზედა ნაწილისა და მიმიკის მართვა. ხოლო მოგვიანებით დის მეგობარი ჯოანა გაიცნო, რომელიც 2009 წელს მისი ცოლი გახდა.
რამდენიმე წლის წინ მარტინმა ავტობიოგრაფიაც გამოსცა – "ბიჭუნა-მოჩვენება", რომელიც ფილმადაც გადაუღეს. ამჟამად მარტინი წარმატებული ვებ-დიზაინერია და ცოლთან ერთად ცხოვრობს.
ეს ამბავი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არასდროს არ უნდა დანებდე. შენს მაღლა ცა მთლიანადაც რომ შავი ღრუბლებით დაიფაროს, მაინც გამოჩნდება პატარა იმედის სხივი. მთავარია, ის დაინახო და გჯეროდეს.