ქალს 40 წელია არ გაუღიმია ნაოჭების გაჩენის შიშით ქალებს ბევრი რამ შეუძლიათ გააკეთონ, რათა დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდობა და სილამაზე. თუმცა ზოგიერთები მართლაც რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ – ამ შემთხვევაში სულაც არ იგულისხმება პლასტიკური ქირურგია. 50 წლის ბრიტანელმა ტეს კრისტიანმა საკუთარ თავს აუკრძალა სიცილი და ღიმილი, რადგან ნაოჭების გაჩენის ეშინია.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქალს ამ წესის დაცვა ბავშვობიდან დაუწყია, უფრო სწორად კი – 10 წლიდან, ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ პრინციპული და ნებისყოფის მქონე ადამიანი ყოფილა... რომ აღარაფერი ვთქვათ, მის... ახირებულობაზე. სწორედ ასეთი გაქვავებულ-გაშეშებული სახით მოაბიჯებს ტესი ამ ცხოვრებაში: არც მეგობრულ წვეულებებზე, სადაც ყველა მხიარულობს, არც ფოტოებზე – ის არ იცინის.
ქალი აღიარებს, რომ ისეთმა უბედნიერესმა მომენტმაც კი, როგორიცაა ქალიშვილის დაბადება, მას ვერ აიძულა, გაეღიმა. ფოტოგრაფმაც, რომელიც კრისტიანსა და მის ქმარს საქორწილო ფოტოებს უღებდა, ვერ დაარწმუნა პატარძალი, ოდნავ მაინც გაემხიარულებინა სახე.
ტესი ამბობს, რომ სწორედ ასე ებრძვის ნაოჭებს: "მე არ მაქვს ნაოჭები, იმიტომ, რომ ვისწავლე ჩემი სახის კუნთების გაკონტროლება. ყველა მეკითხება, ბოტოქსს ხომ არ ვიკეთებ, მე კი არასდროს გამიკეთებია. მიზეზი ის არის, რომ მოზარდობის ასაკიდან შევწყვიტე გაღიმება. ვიცი, რომ ეს პატივმოყვარეობაა, მაგრამ მინდა, ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. ჩემი სტრატეგია ხომ უფრო ბუნებრივია, ვიდრე ბოტოქსი".
ტესი ამბობს, რომ მართალია, ამ პრინციპის გამო სულ მოწყენილი ჩანს, სინამდვილეში შესანიშნავი ხასიათი აქვს: "არ გეგონოთ, რომ უბედური ვარ. მიყვარს ჩემი ცხოვრება. უბრალოდ, არ ვგრძნობ იმის საჭიროებას, რომ ეს წარმოვაჩინო და გამუდმებით ვიღიმოდე".
როგორც თავად ამტკიცებს, ყველაზე სასაცილო მომენტებშიც კი "სახის დაჭერა" კათოლიკურ სკოლაში ისწავლა, სადაც მკაცრი წესები იყო. "მონაზვნებს არ მოსწონდათ, როცა ბავშვები იცინოდნენ. მეც მეუბნებოდნენ, რომ არ გამეღიმა, ამიტომ ვისწავლე გულში გაცინება, გარეგნულად გამოხატვის გარეშე... როცა მართლა მეცინება, სახის კუნთებს მაინც ვაკონტროლებ, შეიძლება, ტუჩის კუთხეები ამეწიოს ოდნავ".
ტესი ამჟამად განქორწინებულია (როგორც ჩანს, მის ქმარს მოჰბეზრდა გაყინული ახალგაზრდობის ცქერა), თუმცა ამბობს, რომ თყავანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივის. და იმასაც ამტკიცებს, რომ ამ მეთოდს მხოლოდ ის როდი იყენებს – ტესის თქმით, ბევრი ცნობილი ჰოლივუდელი იშვიათად იღიმება და ძირითადად სერიოზულ სახეს ინარჩუნებს სწორედ სახის ნაკვთების ნაოჭებისგან დასაცავად.