თქვენ იმსახურებთ იმას, როგორც ცხოვრობთ - ემიგრანტის ემოციური წერილი - მშობლები

თქვენ იმსახურებთ იმას, როგორც ცხოვრობთ - ემიგრანტის ემოციური წერილი

2015-03-12 18:47:56+04:00

ეს წერილი სოციალური ქსელით გავრცელდა. ავტორი ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელია, უცხოეთში მცხოვრები. წერილი საკმაოდ ემოციური, რეალისტური და აქტუალურია ჩვენთვისაც. ბევრი დაეთანხმება ავტორს, ბევრიც გაღიზიანდება, რადგან თავს ამოიცნობს გაკიცხულთა შორის... შეიძლება, წერილი ძალიან კატეგორიულია, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანმა ცხოვრების პირობების თუ დონის გაუმჯობესება საკუთარი თავის შეცვლით და დონის ამაღლებით უნდა დაიწყოს...

"საზღვარგარეთ ვცხოვრობ. ერთხელ ქმართან ერთად ჩავედი სამშობლოში, დედასთან. შევკრიბე ნათესავები და პიკნიკზე წავედით, მწვადების შესაწვავად. გადავწყვიტეთ, იქვე, დედაჩემის სახლთან ახლოს, ტბის პირას მდელოზე დავმსხდარიყავით. მთელი ბავშვობა მიყვარდა აქ სეირნობა და ტბაში ბანაობა.

ადგილზე რომ მივედით, პირველი შოკი იქ დამემართა. მდელო აღარ ჰგავდა არაფერს – ზოგიერთი ადგილი გადამწვარ-გადახრუკული იყო, ზოგან – ნაგვით, პლასტმასის ბოთლებით და ათასგვარი ნარჩენით სავსე, ძლივს ვიპოვეთ ასე თუ ისე სუფთა ადგილი დასაჯდომად. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი.

ცეცხლი გავაჩაღეთ, მწვადი გემრიელი გამოვიდა, თუმცა გარშემო გამეფებული სიბინძურე და გადახრიოკებული მდელო ძალიან მთრგუნავდა... ტბაც კი ამღვრეული იყო სიბინძურისგან. შიგნით შესვლა და ბანაობა ვერ გავბედე.

თავიდანვე ვუბრძანე ახლობლებს, ნაგავი არ დაეყარათ ბალახსა და ბუჩქებში, სპეციალურად წავიღე პარკები მათ ჩასაწყობად. თვითონვე შევამოწმე, რომ ჩვენს მერე იქ ნაგავი არ დარჩენილიყო. მენანებოდა ეს მდელო და ხმამაღლა გამოვხატავდი აღშფოთებას იმათი მისამართით, ვინც გააუბედურა ეს ადგილი, სადაც თავადვე ისვენებს. მდელოდან ას მეტრში დგას ნაგვის ურნები და ნუთუ ძნელია იქამდე ნაგვის მიტანა?

უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ აღმოვაჩინე, ნაგვით სავსე პაკეტი არავის ეჭირა ხელში. ყველას სათითაოდ ვკითხე. დედამ მხრები აიჩეჩა – უკვე გადავაგდეთო. "რას ჰქვია გადააგდეთ? სად?" – "იქით, ბუჩქებისკენ გადავაგდეთ. ყველა იქ აგდებს და ჩვენ რა, გამორჩეულები ვართ?"

ძალიან შევიკავე თავი, რომ არ შემეგინა. იქიდან ნაგვის ამოღება უკვე შეუძლებელი იყო – ხევთან იყო გაჩხერილი, სხვა უამრავ ნაგავს შორის.

გავაცნობიერე ერთი დიდი ჭეშმარიტება: ისინი იმსახურებენ იმას, როგორც ცხოვრობენ. იმსახურებენ ამ დაბზარულ ასფალტს, უნათურო ლამპიონებს, ჭუჭყიან ქუჩებს, მყრალ მდინარეებს, დანაშაულებრივ ხელისუფლებას, დაბალ ხელფასებს და პენსიებს. მათ თვითონ კიდიათ ფეხებზე თავიანთი თავი, მაშ მთავრობას რატომ არ უნდა ეკიდოს? ისინი თავად არ სცემენ პატივს საკუთარ თავს – სხვა რაღატომ სცემს მათ პატივს?

მთავრობა არ ანაგვიანებს ქუჩებს და არც ბავშვების სათამაშო მოედნებს ანგრევს. პრეზიდენტი არ იპარავს ნათურებს და სადენებს. მე აღარ მჯერა თქვენი ჩივილების და წუწუნების. თანამემამულენო, თქვენ თვითონ შეიქმენით ეს ჯოჯოხეთი და თქვენვე უნდა იცხოვროთ იქ. შეიცვალეთ თვითონ და მერე მოითხოვეთ სხვაგვარი დამოკიდებულება თქვენ მიმართ".