ამ გოგონამ ყველა წინააღმდეგობა გადალახა, პროფესიონალი მოცეკვავე გახდა და მსოფლიო აალაპარაკა კასანდრა ნაუდი 22 წლის პროფესიონალი მოცეკვავეა. მას დაბადებიდან აქვს უშველებელი ხალი, თუმცა უარს ამბობს მის მოცილებაზე. მიაჩნია, რომ ეს მის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს: "ჩემი ხალი ჩემი დიდი ნაწილია. ის მე უნიკალურს მხდის, ადვილად დასამახსოვრებელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის".
როდესაც კასანდრა დაიბადა ლოყაზე დიდი ხალით, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ოპერაცია გაეკეთებინათ მისთვის, თუმცა მოგვიანებით ამ იდეაზე უარი თქვეს, ბავშვს სახეზე იარები რომ არ დარჩენოდა.
კასანდრა ამბობს, რომ ახლა უხარია მშობლების ამ ნაბიჯის გამო. "ჩემი ხალი რამდენიმე ფენად არის კანზე. პლასტიკური ქირურგია ერთადერთი ვარიანტი იყო, თუმცა ექიმებმა გააფრთხილეს ჩემი მშობლები, რომ შესაძლებელი იყო იარების დარჩენა ან სიელმეც კი", - ამბობს გოგონა.
მას მერე, რაც მან საზოგადოებრივი პროფესია აირჩია – ბევრი ხალხის წინაშე გამოდის და ცეკვავს, მას კიდევ მეტი ადამიანი აქცევს ყურადღებას. "ხშურად ხალზეც მეკითხებიან და სულაც არ გავურბივარ პასუხს. ბუნებრივია, მათ აინტერესებთ. ხალი თმით არის დაფარული, რის გამოც მისი შენიღბვა რთულია, თუმცა არც ვაპირებ ამას. ვიცი, რომ ბევრს ვეცოდები კიდეც, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ".
რა თქმა უნდა, ბავშვობაში სულაც არ იყო გოგონა ასეთი თავდაჯერებული, დაცინვის ობიექტიც გამხდარა ხშირად და ბევრიც უნერვიულია. თუმცა მშობლების კარგმა დამოკიდებულებამ და ასევე ხელოვნების სიყვარულმა უშველა. დღეს პროფესიონალი მოცეკვავეა და რამდენიმე სატელევიზიო არხზე მუშაობს. პირადი ცხოვრებაც შესანიშნავად აიწყო – ბოიფრენდი ჰყავს, რომელთანაც თავს შესანიშნავად გრძნობს. კასანდრა ცდილობს ხშირად ილაპარაკოს ამ თემებზე და მასავით გარეგნული თუ სხვაგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს მისცეს მაგალითი, იმედი, რომ ჩვეულებრივ იცხოვრონ, დაისახონ მიზნები და მიაღწიონ სასურველს, ყველაფრის მიუხედავად.