აქვე წარმოდიგენთ ფერისცალების ტროპარსა და კონდაკს ყველა მართლმადიდებელი ოჯახი 19 აგვისტოს ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ხდება ხილის კურთხევაც. როგორ უნდა აღნიშნავდეს თითოეული მართლმადიდებელი ფერისცვალების დღესასწაული, რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ ამ დღეს, რატომ სრულდება ხილის კურთხევა? ამ და სხვა შეკითხვებით მივმართე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისმეტყველების მაგისტრს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია):
- მამაო, როგორ უნდა აღნიშნოს ფერისცვალების დღესასწაული თითოეულმა მართლადიდებელმა?
- მთელი გულით უნდა ემზადებოდეს ეკლესიაში წასასვლელად. ჭეშმარიტი დღესასწაული და სულის ზეციური ზეიმი იქ განიცდება. მოუნათლავი - მოინათლოს, მორწმუნე - ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მტერს დავუმოყვრდეთ, მოძულეთ შევუნდოთ. გარყვნილება სიწმინდით ჩავანაცვლოთ. ლოთმა, ნარკომანმა და მწეველმა მიატოვოს მავნე ჩვევა. ცოლი და ქმარი დაზავდნენ, ოჯახის წევრები სიყვარულით აღშენდნენ. ყველამ ფერი ვიცვალოთ; ესაა ჩვენი მოწოდება უფლის მიერ!
- რომელი ლოცვის წაკითხვა გვამრთებს?
- ფერისცვალების საგალობლები. სახლში კარგია ოჯახის წევრებმა ერთად გადაიხადონ პარაკლისი და ფერისცვალების ტროპარი იგალობონ.
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი ძალისაებრ მათისა, და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა, ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და რაოდენ ძალ-ედვა, მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი უჩვენე, რაითა რაჟამს იხილონ ჯვარცმაი შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაი იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაი მამისაი.
უფალს უნდა ვთხოვოთ, ჩვენი "სულიერი კანი" შეცვალოს. განგვწმინდოს ცოდვებისგან და განახლებული გულით ანგელოზებთან ერთად გვაგალობოს.
- ხილის კურთხევითა და ტაძარში მიტანით რას გამოხატავენ მორწმუნეები?
- ხილის კურთხევისა და ტაძარში მიტანის ჩვეულება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს. ამით მორწმუნენი გამოხატავდნენ უფლისადმი უდიდეს მადლიერებას, სიყვარულს, ერთგულებას. ლოცვით თესავდნენ, ლოცვით იმკიდნენ და კურთხევით იხმევდნენ. გამოსვლათა წიგნში წერია: "შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში" (გამ. 23. 19). სხვაგან: "როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, და სამკალს მკას დაუწყებთ, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ" (ლევ. 23. 10); სასულიერო პირზე არ ხდება აქცენტირება, აქ მისი მეშვეობით უფალი აკურთხევს ჩვენს ოჯახს, ვინაიდან ჩვენ გამოვავლინეთ მისდამი უდიდესი ნდობა: "პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით" (იგავნი 3. 9). ძველი აღთქმიდან მოყოლებული, მოციქულები და წმინდა მამები აღასრულებდნენ ამ კურთხევას. დღევანდელ ქრისტიანებს მხოლოდ ფერისცვალება გვახსენებს სამწუხაროდ ამ სამადლობელ დღეს.
თეა ცაგურიშვილი